მედულაშვილი ზეზვა
გაზიარება

ღამე მინდორში 

ფეხი ჩაუცდა ქარაფში
მზეს სამყაროის აეშაგს,
სისხლის ცრემლებით ტიროდა,
დაისი ჰგავდა კაეშანს...
და ბინდი გორაკებიდან
ოლისპირებზე დაეშვა.
თიბვას მოვრჩი და საღამოც
შემომეპარა ვით რული.
ცა დაემგვანა სპარსულ ნოხს –
სხივშეოჭვილი, მდიდრული...
სოფლისკენ გამოვეშურე,
მათრობს ეს ღამე მინდვრული.
თვალს ჩამიკუჭავს ვარსკვლავი, –
მესაყვარლება თუ მრისხავს?
როგორ მომნახა მიწაზე,
ვით შემამჩნია მწუხრის ხანს.
ალბათ, რომ შევტრფი, მიმიხვდა,
გაიგო, გაიგულისხმა.
ჯერ მბნედავს მისი კრიალი,
ახლა – ბალახის სურნელი,
თიბათვის ღამის შიკრიკი –
ნიავი მოჰქრის სულ ნელი.
ჩემ შორიახლოს, ოლედან
შინ მიჭრიალებს ურემი:
ბედს რომ დამპირდნენ, აქედან
წასვლას არ მოვისურვებდი.
მიდის ნიკორას სიზანტით
ურემი თივანადები.
შე დალოცვილო, ვარსკვლავო,
მეურმეს მიანათებდი!
მეურმევ, ხარიმც გაგიწევს,
გადაგვიშალე დარდები!
გასახარელიც ხომა გაქვს,
სევდაც გექნება რამდენი!
დაიბუბუნებს ურმული,
გაეკიდება ვარსკვლავებს, –
გედი დაეცა დაჭრილი,
თუ ეს მინდორი კანკალებს!
მე ამ ურმულმა გამზარდა
და გრძნობას ის მიანკარებს.
ვისმენ და გამაჟრიალებს, –
გულმა რა გაიხალისა!
მეურმის ღუღუნს ავყევი
(მეც ავმღერდები ხანდისხან),
მივყვები ყანის ნაპირებს,
ნაჩლიქარს სურმა ხარისას.
დავლანდე ჩემი სოფელი,
მაგრამ შინ წასვლა არ მინდა.
გულმა გაგლიჯა, გასწია,
გალაღდა, გაიამინდა,
გადაჰყვა მწყერის ჭუკჭუკსა
და ვარკვლავებთან აფრინდა.
ო, ამ დუმილში ჩამძირა,
მომასმენინა ურმული,
ზედ მაცვიოდეს ვარსკვლავი –
მინათოს ჩამობურული, –
არც მინდა თქვენი დიდება,
არც თავზე დაფნის ბულული!
შინ რა წამიყვანს! ამ ღამეს
აქ, მუხის ძირას გავათევ!
ო, მშობლიურო ველებო,
მაგ თბილი სუნთქვით გამათბეთ,
სიოვ, შენ დამინანავე,
ვარსკვლავო, გადმომანათე!

??????