Litclub.ge

საიდუმლო
ყველაფრის ცოდნა
აკრძალულია, მაგრამ რასაც
გუმანით ხვდები,
იმ ღამის თვალი მოიძიე,
ვინც ეს აგიხსნა.
ო, საიდუმლოვ მამა-ღმერთის, ძე-ღმერთის და სულიწმინდისა!
ო, საიდუმლოვ დრო-ჟამისა! საიდან იღებს სათავეს იგი?
ღმერთის თავიდან?
მაგრამ ის თავი, ვიცით, არის
მარადიული,
მარადისობა უსასრულო დრო კი არ არის,
იგი ჟამია უდასაბამო,
ანუ აწმყო, იმ წრის მსგავსი, რომელსაც, ვიცით,
არც დასაწყისი და არც ბოლო არ გააჩნია
და საკუთარ თავს უბრუნდება დაუსრულებლად.
და შიგ ხაზები თუნდაც ჩვენი ხელით გავავლოთ,
მხოლოდ იმ ვარსკვლავს გამოსახავენ,
რომელიც ჩვენში ღვთაებიდან გამობრწყინდება.
ვიცით, დრო-ჟამში მარადისობის სიო რა არის,
ისიც არ აღწევს და მაინც მისგან შვა გონმა იგი,
რადგან ის ქმნიდა, ასე გახდა დროებითი
თვითონვე გონი და გადაიქცა ზეციურ მამად.
მიხვდი, ვინ შეძლო ამის ჩადენა: მარადიულმა
დროებითი გამოაძევა და საკუთარი თავიც შესწირა მსხვერპლად,
მაგრამ რომელ სიყვარულს? მარადიული
საკუთარ თავს რად გამოეყო და ქმნას თვითონვე რად მიჰყო ხელი,
თუ დაამსხვრია წრე წმინდა და ძველთუძველესი,
რომელიც მყისვე იქცა არსებად, ოღონდ უძლურად
და უძლური უძლურსავე შობს? მაშ, მიხვდი,
გული ყვირილისგან ვის არ უსკდება!
ო, გონის ბრალი შესაქმეში! და მაინც გონის სიყვარული შესაქმისადმი!
ო, მამა-ღმერთის სიყვარული, მარადიულს რომ შეელია,
ეს ძის ტანჯვაზე გაცილებით დიდი მსხვერპლია!
ო, შიშისზარო უზარმაზარ საიდუმლოსი, რომელიც თითქოს მოკვდავი იყოს,
გაყმაწვილებულ საიდუმლოში შობას განაგრძობს?
პირველად იყო გონი. მაშ, მამა მხოლოდ გონის ძე ყოფილა?
და ძე მამისა განა კვლავაც გონს არ წარმოშობს?
ამაღლებული ეს წრებრუნვა, დაუსაბამო და უსასრულო,
ჩვენ გაგვანათლებს ძირფესვიანად, და, აი, მაშინ
წმინდა სამების ყოველი წევრი
თვით იქნებოდა მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი და თან სულიწმინდა.
მაშინ გამოდის, იმათ ჩვენ ვყოფთ პიროვნებებად და გადავაქცევთ დროებითებად,
თუმცა ისინი არსებობენ უკუნითი უკუნისამდე.
მაშინ რაღაა იგი ძალა, მარადისობის საუფლოდან
მათ მიწისკენ რომ ეზიდება?
რომ იტრიალონ დედამიწაზე, ისე, როგორც ზეციურ ტივზე,
წელიწადის დედის გარშემო, მზის გარშემო,
რომელიც ისე წყნარად სულ არ ზის ზეციურ ტახტზე,
ჩვენ რომ გვგონია, მისგან და მისი ვარსკვლავებიდან
გამობრძანდება დრო-ჟამის ღმერთი. ოღონდ იმ გულში,
სადაც დიდი სიყვარულია, დასადგურებას მოერიდება.
მაგრამ როგორ! მას უყვარს, ვინც ქმნის?
მხოლოდ მას უყვარს, ვინც თავს გასწირავს.
მსხვერპლი არის ღვთაების სუნთქვა, და ხშირად,
რაც კი რამ გვიქმნია, ჩვენი მსხვერპლი
სწორედ იმას გაანადგურებს. ცოდვის ფესვები
მაღლა, ზევით მიისწრაფვიან და თან მიაქვთ
მსოფლიო ხის კენწეროები.
ნუ მოითმენ, მე რომ მის ქერქს ხელით ვეხები!
მოთქმა-ვაებას გამომარიდე! რადგანაც იყო განუზომელი
მამა-ღმერთის მონანიება, ეს იყო მისი მისაგებელი.
თვით ამ სიტყვაში თუ იგრძენი ძე-ღმერთის სუნთქვა?
და შენი სული ღრმა უფსკრულში ისე ბზრიალებს,
როგორც - ფოთოლი ზეთისხილის, მტრედს ოდესღაც რომ დაეკარგა,
მაგრამ მტრედის თვალს შეუძლია ზემოდან ზვერვა
მხოლოდ იმიტომ, ღვთის საიდუმლოს ამოცნობა
ბავშვმაც რომ შეძლოს. მაშ, შენ ამბობ:
მამა-ღმერთი და სულიწმინდა, დროის ეთერში ჩაყვინთულები,
უფრო იოლად ჩასწვდებოდნენ ქალწულის სხეულს,
რათა შემდგომ ღმერთის სახით, კაცით სახით კვლავ შობილიყვნენ,
მერე მცენარედ, მერე ცხოველად, ადამიანზე აღმატებულებს
ღვთაებრივში დაბრუნება რომ შეძლებოდათ აღდგომის შემდეგ,
და, ყველაფრის მიუხედავად, გამოთიშულთ ღვთაებრივის მთლიანობიდან?
ნუთუ დრო-ჟამი ამ დაცილებით ზეცამდე არ ამაღლებულა?
მანამდე, სანამ სიყვარული ძალას მხოლოდ
ხელმარჯვნივ უზის, მანამ იქნება განშორება მუდამ თავღია,
და სამებასაც, დამსხვრეულსაც, თვალი ისევ გაუშტერდება,
თუმც იგი უკვე დაფარფატებს მარად წმინდა და განდგომილი.
შეიძლება კი სიყვარულიც ასე განგვიდგეს?
ო, სულიწმინდის უკანასკნელო გაბრძოლებავ ჩვენს დასახსნელად!
შეხედე, თვითონ სამსახოვნება თავს როგორ სწირავს სიყვარულისთვის,
თითოეული სულისათვის?
თუმც ერთი სამად გახლეჩილია
და აწვდენს დრო-ჟამს თავის წმინდა მარადისობას,
იქ ქმნის, იქ უყვარს და იქ ზეიმობს.