ნაწილი პირველი
1
“ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ განვიშოროთ ბნელის საქმენი და შეგვიმოსოთ ნათლის საჭურვლით”.
რომაელთა მიმართ, XIII, 12
პარასკევ საღამოს კოლეგამ მეგობრულ ვახშამზე მიმიწვია. ოცდაათამდე მაინც ვიყავით, 25-დან 40 წლამდე საშუალო რგოლის მოსამსახურენი. ერთიც ვნახოთ და ვიღაც წაკლამ გაშიშვლება იწყო; ჯერ მაისური გაიხადა, მერე ლიფი და ქვედაბოლო მიაყოლა. აუ, რას იმანჭებოდა! ერთი ხანობა, მოკლე ტრუსებში დარჩენილი, ადგილზე ცმუკავდა, მერე, ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა, ისევ ჩაცმა ამჯობინა. ეს გოგო, ჩვეულებრივ, მამაკაცებს ერიდებოდა. მით უფრო გაუგებარი იყო მისი იმდღევანდელი ოინი.
მეოთხე ჭიქა არაყი რომ ვხუხე, ვიგრძენი, საქმე კარგად ვერ იყო, ტახტისკენ წავლასლასდი და კედელთან მიყრილ მუთაქებზე გავიშოტე. ცოტა ხანიც და ტახტზე ორი გოგო ჩამოჯდა საჟღურტულოდ. ლამაზები არ ეთქმოდათ, სამსახურშიც უჩინარნი იყვნენ. აი, ისეთები, ერთად რომ სადილობენ და შიგადაშიგ რაღაც წიგნებს კითხულობენ, იმის თაობაზე, თუ როგორ უვითარდებათ ბავშვებს მეტყველება, ჰოდა, ეგეთი რაღაცები. დაქალები ჭორაობდნენ: დღეს ერთი ქალი მოვიდა სამსახურში, ისეთი მოკლე ქვედატანი ეცვა, დუნდულებსაც ვერ უფარავდაო. მერედა, იცით. რას ამბობდნენ? ძალიანაც კარგი, ეგრეც უნდა იყოსო. ჩემს თავს ზემოთ, კედელზე, ჭორიკნების სილუეტები ჩინური ჩრდილებივით ისახებოდა. ასე მეგონა, მათი ხმა სული წმიდასავით იღვრებოდა. საქმე ის იყო, რომ სულ მთლად მოვიშალე, სხვა არაფერი…
თხუთმეტი წუთი კიდევ ილაქლაქეს. აქაოდა, როგორც მოგვეხუშტურება, ისე ჩავიცვამთო, კაცების დასაბმელად კი არა მაინც და მაინცო, ისე, საკაიფოდ, ასე გვევასებაო და იქითურ-აქეთური. ფემინიზმის სულთაბრძოლას ვესწრებოდი პირდაპირ. მგონი, კიდეც ხმამაღლა წამომცდა “ფემინიზმის სულთაბრძოლა”. იმათ მაინც არაფერი გაუგიათ.
ის გოგო მართლაც რომ თვალში შეგეჩხირებოდა. რაღა ბევრი გავაგრძელო და ჩვენი განყოფილების უფროსმაც ლამის იყო, შარვალში ჩაისველა.
ქალების ბაასიის დასარულს ვეღარ მოვესწარი. ჩამეძინა. რაღაც საშინელება მესიზმრა. ორი ძეხვივით პუტკუნა ქალი, ხელგაყრილი, ჩვენი განყოფილების დერეფანში იდგა, ფეხებს მაღლა ყრიდა და თავგადაკლული მღეროდა:
თუ ტრაკშიშველა დავიარები,
სულ არ გაწონებ, მერწმუნე, თავს
თუკი ბანჯგვლიან ბაყვებს ვაშიშვლებ
ისე, უბრალოდ, დილიხორი მაქვს!
ის მინი ქვედატანიანი გოგო კარებში იდგა, მაგრამ ახლა შავი კოჭებამდე კაბა ეცვა, იდუმალი და სადა. მომღერლებს მიშტერებოდა და იცინოდა. მხარზე უზარმაზარი თუთიყუში ეჯდა, გამგის ზუსტი ასლი. დროდადრო გოგო გამოზომილი, კარგად გავარჯიშებული მოძრაობით მუცელზე ხელს უსვამდა და ბუმბულს უწეწავდა.
თვალი რომ გავახილე, წამსვე ვიაზრე, რომ ძილში იატაკის რბილ საფარზე მირწყევია. საღამო მთავრდებოდა. ნარწყევს მუთაქების გროვა წავაფარე, მერე წამოვდექი და ვცადე, სახლში წავსულიყავი. სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ მანქანის გასაღები დავთესე.
2
მარსელთა შუაგულში
მესამე დღეს კვირა იყო. იმ უბანში მივბრუნდი, მაგრამ მანქანა ვერსად ვიპოვე. არც მახსოვდა, სად დავტოვე: ამისთვის ნებისმიერი ქუჩა გამოდგებოდა; მარსელ-სამბა, მარსელ-დასო… რა ამბავი მარსელია?! გარშემო ოთხკუთხედი, აწოწილი სახლები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ. ყველა შენობა ერთნაირია. ჰო, მაგრამ, ჩემი მანქანა სადღაა?
მარსელებს შორის დავეხეტებოდი და სულ უფრო მეძალებოდა განცდა, რომ ყელში ამომივიდა მანქანებიც და, საერთოდ ამა ქვეყნის ყველა ნივთი. ყიდვის დღიდანვე, “პეჟოს” ჩემთვის წვალების მეტი არაფერი მოუტანია: ხან შეკეთება (მე კი ამისა არაფერი გამეგება), ხან კი მსუბუქი შეჯახება… რა თქმა უნდა, დაზარალებული მძღოლები არაფერს იმჩნევენ, მეგობრულ გარიგებაზე მიდიან, “ო’კეი, ყველაფერი რიგზეაო” იმეორებენ. მაგრამ ქვეშ-ქვეშად, ზიზღით სავსე მზერას გესვრიან. ვერაფერი სიამოვნებაა…
ერთია კიდევ: კაცი რომ დაუკვირდეს, სამსახურში მეტწილად მეტროთი მივდიოდი; შაბათ-კვირასაც არ გავდიოდი ქალაქგარეთ, არც ვიცოდი სად წავსულიყავი; შვებულებას ორგანიზებულ მოგზაურობებში ვატარებდი, სასტუმროებში ან ბანაკებში. “რა თავში ვიხლი ამ მანქანას?” – წამდაუწუმ ვიმეორებდი და ემილ-ლანდრენის ქუჩას მივუყვებოდი.
მხოლოდ ფერდინან-ბუისონის გამზირზე გასვლისას მომივიდა აზრად, პოლიციაში გამეცხადებინა მანქანის გატაცება. ჩვენს დროში მანქანების ქურდობა გახშირდა, განსაკუთრებით გარეუბნებში. ჰოდა, ჩემს ყურით მოთრეულ ამბავს სადაზღვევო კომპანიებიც და ჩემი კოლეგებიც ერთნაირად უთანაგრძნობდნენ. აბა, სხვანაირად როგორ ვაღიარო, რომ მანქანა დავკარგე? ხუმრობაში ჩამითვლიან, გიჟია ან სულ მთლად გამოთაყვანდაო, შეიძლება იფიქრონ. ასე რომ, სიმართლე კარგს არაფერს მომიტანდა. ასეთ რაღაცებზე კბილების კრეჭა არ ეგების. საქმე რეპუტაციას და მეგობრობას ეხება. ზოგი გვერდში ამოგიდგება, სხვებს კი სამუდამოდ დაკარგავ.
ცხოვრებას ვერავინ მასწავლის, კარგად ვიცი მისი ავან-ჩავანი. აღიარებ თუ არა, მანქანა დავთესეო, წამსვე საზოგადოებიდან გაირიყები. ასე რომ, მინდა თუ არა, ქურდობას უნდა დავაწვე.
მოგვიანებით, უკვე საღამოხანს, სიმარტოვე გაუსაძლისი გახდა. სამზარეულოს მაგიდაზე თევზის ნარჩენით გაქონილი ფურცლები ეყარა. ჩანაწერები ცხოველთა სამყაროს ეხებოდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ცხოველებზე შეთხზული ამბები ლიტერატურის ისეთივე სახეობაა, როგორიც ნებისმიერი სხვა. შეიძლება, კიდევ უფრო აღმატებული. ასეა თუ ისე, მე სწორედ ასეთ რაღაცებს ვწერ. აი, ამ მოთხრობას “ძროხისა და კვიცის გასაუბრება” ჰქვია. შეგიძლიათ, ზნეობრივი მედიტაციებიც უწოდოთ. ნაწარმოების იდეა ლეონის მხარეში საქმიანმა მოგზაურობამ შთამაგონა. აი ერთი ბევრის მანიშნებელი ნაწყვეტი:
“პირველ რიგში, განვიხილოთ ბრეტონული ძროხა: მთელი წელი იმაზე ფიქრობს, სად რა მოძოვოს, პრიალა დრუნჩი შთამბეჭდავად აუდ-ჩაუდის, გრძნობით სავსე შავ თვალებში კი კაეშანის ნატამალიც არ უკიაფებს. ყოველივე ეს სიჯანსაღის შთაბეჭდილებას ქმნის, უფრო მეტიც, ღრმა ეგზისტენციალურ მთლიანობაზე მიუთითებს, სამყაროში ყოფნასა და თავისთავადობას შორის მყარ კავშირს ამჟღავნებს. მაგრამ, ვაი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფილოსოფოსი უცილობლად მახეში გაებმება და მისი, თუმც ზუსტ და ღრმა ინტუიციაზე დაფუძნებული დასკვნები უდღეური აღმოჩნდება, თუ კი იგი, იმთავითვე, ვინმე ბუნებისმეტყველს არ დაეკითხა რჩევას. მართლაც და, ორსახოვანია ბუნება ბრეტონული ძროხისა. წლის გარკვეულ მონაკვეთში (აქ უკვე მკაცრად განსაზღვრული პროგრამა მჟღავნდება) ძროხის ყოფიერება გასაოცარ გარდატეხას განიცდის. ბღავილი ძალას იკრებს, იწელება, მისი ჰარმონიული შეფერილობა იცვლება და საქმე იქამდეც მიდის, რომ ზოგჯერ ადამიანის მოთქმას ემსგავსება. მოძრაობა უფრო სხარტი და აგზნებული ხდება, ხანდახან ჩორთზეც გადადის. თვით დრუნჩიც კი, რომელიც განგებამ თითქოს იმისთვის უბოძა, რომ უდრტვინველად ირეკლავდეს “მინერალური” სიბრძნის მარადიულობას, უთრთის და ეღრიცება, აშკარად მძლავრი სურვილის მტკივნეული განცდისა გამო.
საიდუმლო ადვილად იხსნება; აი, გასაღებიც: რაც ბრეტონულ ძროხას ეწადის (მივაგოთ სამართალი, ეს მისი ცხოვრების ერთადერთი სურვილია) არის ის, რასაც ენაკვიმატი ბრეტონელი მწყემსები “სხეულის გატიკინებას” უწოდებენ. აკი შეძლებისდაგვარად, “ატიკინებენ” კიდეც ძროხას: ხელოვნური განაყოფიერების ნემსი, უნდა ითქვას, გარკვეული ემოციონალური გართულებების ფასად, მოცემულ ვითარებაში მეტ-ნაკლებად ცვლის ხარის გაბრიქინებულ პენისს. ნემსია თუ პენისი, ძროხა მშვიდდება და პირველსაწყის, პასიურ მჭვრეტელობას უბრუნდება. მხოლოდ ერთი ის არის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, ლამაზ ბოჩოლას მოავლენს ქვეყნად. ეს კი, ნუ დაგავიწყდებათ, ძროხის პატრონისათვის კარგი რამ გამორჩენაა”.
რა თქმა უნდა, პატრონი ღმერთის სიმბოლოა. მომდევნო თავში მოთხრობისა, კვიცისადმი რაღაც ირაციონალური თანაგრძნობით განსჭვალული, მას უამრავი მწარმოებელი ულაყის ალერსით ტკბობას აღუთქვამს, მაშინ, როცა ამპარტავნობის ცოდვით შერისხული ძროხა ხელოვნური განაყოფიერების იმედად უნდა დაშთეს. ძროხის გასაცოდავებული ბღავილი დიდ არქიტექტორს განზრახვაზე ხელს ვერ ააღებინებს. დედალი ცხვრების დელეგაციაც, რომელიც ძროხას თანაგრძნობას უცხადებს, ხელმოცარული რჩება. ამრიგად, ამ მომცრო მოთხრობაში გამოყვანილი ღმერთი არაფრით ჰგავს მოწყალე და კეთილ მეუფეს.
3
თავი და თავი ის არის, რომ წესიერად ცხოვრება ბევრს ვერაფერს შველის. მართლაც, შეიძლება ახერხებ (ზოგჯერ ერთობ გაჭირვებით, მაგრამ მაინც) წესიერად იცხოვრო: იხდი გადასახადებს, დროულად ისტუმრებ ვალებს, პირადობის მოწმობაც მუდამ თან დაგაქვს (პატარა ჯიბეც გაქვს შარვალზე, მეტროს ბილეთისათვის)… და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, მეგობრები არ გყავს…
წესი მრავალწახნაგოვანი და მრავალფეროვანია.
აქეთ სამსახური, იქით საყიდლები, ავტომატური სალაროები, სადაც ქისა უნდა შეივსო (თანაც ზოგჯერ, ლოდინიც გიწევს). მერე კიდევ, დრო და დრო, რაღაც ცნობები უნდა მიაწოდო სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც შენი ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს აწესრიგებენ და მეთვალყურეობენ. ამას გარდა, შეიძლება ავად გახდე. ეს კი დამატებით ხარჯებს და ახალ საზრუნავს გიჩენს.
და მაინც, რჩება თავისუფალი დრო. რა უნდა აკეთო? რაში მოიხმარ? მოყვასის სამსახურად გადაეგები? მაგრამ, მოდი, ნუ ვიცრუებთ, მოყვასი ხომ ფეხებზე გკიდია. ფირფიტებს მოუსმენ? ესეც გამოსავალია. მაგრამ წლები გადის და შენც რწმუნდები, რომ მუსიკა ძველებურად აღარ გაღელვებს.
სახლში ჩირთი-ფირთობა, ამ ცნების ფართო გაგებით, შეიძლება საქმეს წაადგეს. მაგრამ, ვერაფერი აღუდგება წინ სულ უფრო ხშირ განცდას წუთისა, როდესაც აბსოლუტური სიმარტოვე, სრული სიცარიელე და წინათგრძნობა უცილობელი უბედურებისა, რომლისკენაც მიექანება შენი არსებობა, ერთმანეთს ერწყმის და შენც იძირები ჭეშმარიტი ტკივილის სიღრმეებში.
და, მაინც არ გინდა სიკვდილი.
გქონდა ცხოვრება და ცხოვრობდი; დიახ, იყო წუთები და იყო ცხოვრების განცდა. რა თქმა უნდა, ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ფოტოსურათები ხომ დარჩა. სიჭაბუკის ჯამი იყო, ან შეიძლება, ოდნავ აქეთ. ო, რარიგ ესწრაფებოდი სიცოცხლეს, არსებობა სავსე იყო წარმოუდგენელი, ბრწყინვალე შესაძლებლობებით! შეგეძლო ესტრადის მომღერალი გამხდარიყავი ან ვენესუელაში გამგზავრებულიყავი.
უფრო გასაოცარი ის არის, რომ ბავშვობაც გქონდა. აბა, შვიდი წლის ბავშვს დააკვირდი, რომელიც ხალიჩაზე თითისოდენა ჯარისკაცებით თამაშობს. გთხოვ, ყურადღებით დააკვირდე. მშობლების გაყრის დღიდან, მამა აღარ ყავს. დედასაც იშვიათად ხედავს, რას იზამ, კოსმეტიკურ ფირმაში მუშაობს და დრო აღარ რჩება. და მაინც, ბავშვი ჯარისკაცებით ირთობს თავს. სწორედ ამგვარად წარმოუდგენია სამყარო და ომი. ცოტაოდენ სიყვარული აკლია, ამას ვერსად გაექცევი. მაგრამ დახე, რა გაფაციცებით ჭვრეტს სამყაროს.
შენც გაინტერესებდა სამყარო. ეს დიდი ხნის წინ იყო, აბა, ერთი გაიხსენე! წესისა და რიგის სამფლობელო აღარ კმაროდა, ვეღარ ძლებდი მოწესრიგებულ სამყოფელში. ასე რომ, გსურდა თუ არა, ბრძოლის სამყაროში უნდა გადაგებიჯა, შეეცადე, აღიდგინო ზუსტად ის წამი. ბევრმა წყალმა ჩაიარა, არა? ხომ გახსოვს, წყალი ცივი იყო…
ო, რარიგ დაშორდი იმ ნაპირს! კიდევ დიდხანს მიგყვებოდა სხვა ნაპირის იმედი. ახლა ისიც მიინავლა. და მაინც მიცურავ და ყოველი ხელის მოსმაზე მორევს უახლოვდები, ცოტაც და ჩაიძირები. სუნთქვა გეკვრის, ფილტვები დასკდომაზე გაქვს, წყალი სულ უფრო და უფრო გსუსხავს, გემოც უფუჭდება. არც თუ ისე ახალგაზრდა ხარ. სადაცაა, სული ამოგხდება. მერე რა? მე ხომ აქ ვარ, შენთან. ნუ გეშინია, ხელს შეგაშველებ. გააგრძელე კითხვა.
კიდევ ერთხელ გაიხსენე, როგორ შეაბიჯე ბრძოლის სამფლობელოში.
მომდევნო გვერდები რომანს შეადგენენ, იგულისხმება რიგი თავგადასავლებისა, რომლის გმირად თვითვე მოგევლინებით. სინამდვილეში, ავტობიოგრაფია ჩემი არჩევანი არ გახლავთ; სხვა გამოსავალი არ მქონდა. ის რომ არ დამეწერა, რის თვითმხილველიც ვიყავი, ასევე გავწვალდებოდი, ან იქნებ, ცოტა უფრო მეტად. ცოტა-მეთქი, ხაზგასმით ვიმეორებ. წერა დიდი არაფერი საშველია. ერთია, რომ იგი ჩარჩოა, საზღვარია და ცოტაოდენი ლოგიკურობისა და რეალიზმის შთაბეჭდილებას ქმნის. რა თქმა უნდა, უწინდებურად, სისხლისფერ ნისლში დაბორიალებ, მაგრამ ერთ-ორ ნიშანსვეტსაც ხედავ. ქაოსი რამდენიმე მეტრით დაგშორდა. ვერაფერი შეღავათია, ღმერთმანი! რა შორსაა ყოველივე ეს კითხვის ყოვლისმომცველი, სასწაულებრივი ძალაუფლებისაგან!
შეგრძნება იმისა, რომ ვიღაცის ცხოვრება წინ გადაგეშლება, სიხარულით გავსებს. მე ეს უკვე შვიდი წლისამ ვიცოდი. სამყაროს არსი მტანჯველი და არაერთგვაროვანია. მას ვერაფერს მოუხერხებ; სახეს ხომ ვერა და ვერ უცვლი. ჰოდა, ამიტომაც მგონია, სხვისი ცხოვრების კითხვა ჩემთვის უფრო უპრიანია. მაგრამ, ასეთი ცხოვრება ჩემი ხვედრი არ ყოფილა!
ეს-ეს არის 30 წელი შემისრულდა. ცოტაოდენ არეული პირველი ნაბიჯების შემდეგ, სწავლას გული დავუდე და წარმატებასაც მივაღწიე: დღეს უკვე შუა რგოლის მოხელე ვარ, ერთი ინფორმაციული ფირმის ანალიტიკოს-პროგრამისტი. მინიმალურ ხელფასზე ორჯერ მეტს ვიღებ, (ეს კი ჩემს ყიდვითი უნარის გარკვეულ ზღვარს მიანიშნებს). ჩემს ფირმაში სამსახურეობრივი წინსვლის იმედსაც არ ვკარგავ. თუკი, რა თქმა უნდა, ბევრ სხვასავით, რომელიმე ჩვენი კლიენტის მსახურება არ დავიწყე. ასე რომ, ჩემი საზოგადოებრივი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. სექსუალურ მხარეს რაც შეეხება, აქ ბევრს ვერაფერს დავიკვეხებ. მყავდა რამდენიმე ქალი, მაგრამ ცოტა ხნით. ლამაზი არ მეთქმის, პირად ხიბლსაც მოკლებული ვარ, შიგადაშიგ დეპრესიაც მომეძალება ხოლმე. ქალები ჩემისთანებს უბრად უვლიან გვერდს. ამიტომაც, როცა რომელიმე მათგანი გადაწყვეტს და ფეხებს გადამიშლის, ვგრძნობ, რომ თავს ძალას ატანს. ეტყობა, ფიქრობს, სულ არარაობას კიდევ ეს სჯობიაო. დამერწმუნებით, ასეთი ურთიერთობიდან სახეირო არაფერი გამოვა. ქალთან სიახლოვე იმთავითვე განწირულია..
მას შემდეგ, რაც ამ ორიოდე წლის წინ ვერონიკას დავშორდი, ქალი არ მყოლია. ჩემი სუსტი, უღონო მცდელობანი მარცხით მთავრდებოდა და ასეც უნდა ყოფილიყო. ორი წელი საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ მუშაობაში დრო სწრაფად გარბის; ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა ამას გეტყვით.
შეიძლება, ჩემო სიმპათიურო მეგობარო მკითხველო, თვითონ ბრანდებით ქალი. ეგ არაფერი, ამაზე უარესიც ხდება. სხვათა შორის, ჩემთვის ეს არაფერს ცვლის, სათქმელს მაინც ვიტყვი. ნებისმიერს ძალუძს იყოს ჩემი მკითხველი. მე ყველას გეპატიჟებით. ჩემი მიზანი სრულებით არ არის დახვეწილი ფსიქოლოგიური წიაღსვლებით მოგხიბლოთ. არც იმას ვესწრაფი, რომ ტაში შეაგებოთ ჩემს იუმორს თუ ენამჭევრობას. არიან ავტორები, რომლებიც საკუთარ ნიჭს და უანრს სულიერი მდგომარეობის, ხასიათის თვისებების და მსგავსი რაღაცების აღწერას ახმარენ. იმათში ნუ გამრევთ! რეალისტური წვრილმანების დახვავება, რომელიც თითქოს მოქმედი გმირების თვითმყობადობას წარმოაჩენს, მაპატიეთ და, წმინდა წყლის სისულელედ მიმაჩნია. დანიელი ერვეს მეგობარია, მაგრამ აი, ჟერართან, არც თუ ისე თბილი დამოკიდებულება აქვს… ვირჟინი პოლის უცნაური ფანტაზიების სიმბოლური ხატია, ჩემი ბიძაშვილი ქალი ვენეციაში მიემგზავრება… ენის ქავილია და მეტი არაფერი. ეს იგივეა, რომ მინის ჭურჭელში კიბორჩხალების ზედახორას უთვალთვალო საათობით. წადი თევზის რესტორანში და კიბორჩხალების მეტს რას ნახავ. ყოველივე ამასთან ერთად, ისიც სათქმელია, რომ ადამიანების სიახლოვეს არც თუ ისე ვეტანები.
მიზანს რომ მივაღწიო, სხვათა შორის, დიახაც, რომ ფილოსოფიურს, პირიქით, სიტყვაძუნწი უნდა ვიყო. ტექსტს ზედმეტი ზიზილ-პიპილები უნდა ჩამოვაშორო, ერთი მეორეს მიყოლებით მოვისროლო არაფრისმთქმელი წვრილმანები.
დღევანდელი ისტორიაც ხომ ამ გზით მიდის. ჩვენს თვალწინ სამყარო ერთიანდება, ტელეკომუნიკაციის საშუალებანი ხომ ახალ-ახალ სიმაღლეს აღწევს. ბინებში თანამედროვე ტექნიკა იკიდებს ფეხს. ადამიანთა ურთიერთობა სულ უფრო რთულდება, თითქმის შეუძლებელი ხდება; ცხოვრება იცლება თავგადასავლებისაგან და დღითი დღე სულ უფრო აშკარად იკვეთება სიკვდილის სახე, მთელი მისი ბრწყინვალებით. მესამე ათასწლეულს მართლაც რომ კარგი პირი უჩანს?!
4
ბერნარ, ო, ბერნარ!
მომდევნო ორშაბათს, სამსახურში მისვლისას, შევიტყვე, რომ ჩემს ფირამს საინფორმაციო პროგრამა მიუყიდია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და მისი გამართვა მე მევალებოდა. ახალი ამბავი ანრი ლა ბრეტმა მაცნობა. კონტრაქტი ისეთია, რომ კარგა ბევრი სირბილი მოგიწევს; რუანი, როშ-სურ-იონი და ეშმაკმა უწყის, კიდევ სადო. ვატყობდი, ჩემი გაღიზიანება სიხარულს გვრიდა. ჩემთვის კი ასეთი გადარბენები ნამდვილი საშინელებაა. ანრი ლა ბრეტსაც მეტი რა უნდა! შემეძლო მეპასუხა: “თუ ასეა, სამსაურს ვტოვებ”, მაგრამ თავი შევიკავე.
დიდი ხნით ადრე, სანამ თვით ცნება – წარმოების კულტურა – შემოვიდოდა თავისი ჭეშმარიტი სახით ხმარებაში, ჩემმა ფირმამ სინამდვილედ აქცია (საკუთარი ემბლემა, მოსამსახურეებისთვის მაისურების დარიგება, გამსვლელი სემინარები თურქეთში). წარმატებული ფირმა გახლავთ და თავის სფეროში მართლაც რომ შესაშური რეპუტაციით სარგებლობს. ერთი სიტყვით, გინდ ასე მიუდექი, გინდ ისე, სარფიანი სამსახურია. ახლა ხომ გესმით, რატომ არ შემეძლო ხუშტურს ავყოლოდი და წამოვსულიყავი.
დილის ათი საათია. თეთრ, წყნარ ოთახში ვზივარ, ჩემზე ცოტათი უმცროსი ტიპის წინ, რომელიც სულ ახლახან მოვიდა ფირმაში. თუ არ ვცდები, ბერნარი ჰქვია. დიდი ვერაფერი შვილია, მაყუთი და ფულის დაბანდება აკერია პირზე: ფრანგული ობლიგაციებიო, ინვესტიციებიო, შემნახველი სალაროებიო… თუ ალაპარაკდა, მორჩა… ერთი ოცნება აქვს: როგორმე ხელფასის ზრდამ ინფლაციის დონეს ცოტათი მაინც გაუსწროს. ვუსმენ და ვიღლები, პასუხის გაცემის თავიც არ მაქვს. ის კი ულვაშებს აცმაცუნებს.
ოთახიდან გადის და წამსვე დუმილი ისადგურებს. ჩვენი უბანი ისეთი უკაცრიელია, მთვარის ზედაპირს მოგაგონებს. სადღაც, მეცამეტე არონდისმანშია ჩაკარგული. ავტობუსიდან ჩამოხვალ და იფიქრბ, მესამე მსოფლიო ომი აგერ ახლა დასრულდაო. ნურას უკაცრავად, ქალაქის განვითარების გეგმაა ასეთი.
ჩვენი ფანჯრების ქვემოთ, თვალსაწიერზე, უდაბური ადგილი გადაშლილა, ჭუჭყიანი, ტალახიანი, აქა-იქ მეჩხერი ბუჩქნარით… მშენებარე სახლების ჩონჩხები… უამრავი ამწეები… სიწყნარე და სიცივე…
ბერნარი ბრუნდება. ჩემს სახლში მყრალი სუნი დგას-მეთქი, ვეუბნები, ისე, თავის გასართობად. საერთოდ, ადამიანებს ძალიან უყვართ სიმყრალეზე საუბარი, ეს დიდი ხანია შევამჩნიე. თუმცა, არც ვტყუი, ამ დილით, კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, საძაგელი სუნი მეცა ცხვირში. კი მაგრამ, სხვა დღეებში ესოდენ მუყაით დამლაგებელს, მაინც და მაინც დღეს რა ჭირი ეტაკა?
“ეტყობა, მკვდარი ვირთხა გდია სადმე”, – მეუბნება ბერნარი. ვფიქრობ, ვირთხის ხსენებამ კარგ გუნებაზე დააყენა. ულვაშიც, არ ვიცი, რატომ, მსუბუქად შეუთამაშდა. ერთის მხრივ, მეცოდება კიდეც. რა თავში იხლის საკუთარ ცხოვრებას? ლაზერის ფირფიტებს იყიდის იაფფასიან მაღაზიაში? ასეთ ტიპს ბავშვები უნდა ჰყავდეს. აი, შვილები თუ გაუჩნდა, იმის იმედი მაინც მექნება, რომ პატარა ბერნარების ხროვიდან ერთი მაინც შეიძლება გამოვიდეს ხეირიანი. თუმცა, რას ვამბობ, ბერნარს ცოლიც კი არ ჰყავს. დაჩამიჩებულია.
თუმცა, კეთილ და ძვირფას ბერნარს ჩვენი სიბრალული არ ჭირდება. იმასაც კი ვფიქრობ, რომ თავისებურად ბედნიერიცაა, თავისი წილი ბედნიერება მასაც ერგო, უეჭველია, წილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბერნარისაა და სხვისი არავის.
5
ურთიერთობის დამყარება
ცოტა მოგვიანებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვინმე კატრინ ლეშარდუას დავუკავშირდი და შეხვედრა ვთხოვე. ჩვენს ინფორმაციულ პროგრამას “სიკომორი” ერქვა. ნაღდ სიკომორს ძვირფასი ავეჯის ოსტატები ერთობ ემადლიერებიან, გარდა ამისა, მოტკბო წვენი აქვს; ზომიერად ცივ ადგილებში ხარობს. ჩვენი პროგრამა პასკალით არის ჩაწერილი. პასკალი XVII საუკუნის ფრანგი მწერალია, ცნობილი “აზრების” ავტორი. ამავე დროს, პასკალი ინფორმაციული პროგრამების ერთ-ერთი სამეტყველო ენაცაა. განსაკუთრებით სტატისტიკაში გამოიყენება, მე კი სტატისტიკურ გამოთვლებში კარგა ხნის წინ გავიწაფე. “სიკომორს” ფერმერებისათვის სახელმწიფო დახმარების გაცემა უნდა მოეწესრიგებინა. სამინისტროში ამ საქმეს კატრინ ლეშარდუა განაგებდა _ სწორედ ინფორმაციულ მომსახურებას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. აქამდე ერთმანეთს არასოდეს შევხვედრივართ. ერთი სიტყვით, საქმე ეხებოდა “ურთიერთობების დამყარებას”. თქმა არ უნდა, ინფორმაციულ მომსახურებაში ყველაზე მეტად კლიენტებთან ურთიერთობა ფასობს. ფირმების მესვეურები ხაზგასმით ლაპარაკობენ ამაზე, ლეღვის არყის ჭიქით ხელში (რამდენჯერმე შევესწარი ასეთ საუბარს აუზის პირას, კუშადაშის ბოლო სემინარის დროს).
მეც მუდამ მოუთმენლად ველი კლიენტებთან პირველ შეხვედრას. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ყველას რაღაც თავისი აქვს, შენც უნდა შეეჩვიო მათთან ურთიერთობას. ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა. გამოცდილებამ მალე დამარწმუნა, რომ თუ არა ზუსტად ერთნაირ, მსგავს ადამიანებთან მაინც მიწევს შეხვედრა. ჩემს კლიენტებს ერთი და იგივე ჩვევები, აზრები და გემოვნება აქვთ და ცხოვრებისადმი მიდგომაშიც დიდად არ განსხვავდებიან. ასე რომ, საშიში არაფერია, მერე კიდევ, შეხვედრები საქმიანია, რაც არსებითად განაპირობებს მათ მშვიდობიან ხასიათს. თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ ყოველ ადამიანს სურს გამოირჩეოდეს. ცოტა უცნაურად იქცევა, საკუთარ მანკიერებას, ან ხასიათის თვისებებს წარმოაჩენს ასე და ამგვარად; ეტყობა, მიზნად დაუსახავს, აიძულოს მოსაუბრე მოექცეს მას, ვითარცა დამოუკიდებელ პიროვნებას. ერთს ჩოგბურთი მოსწონს, მეორეს ცხენისკენ მიუწევს გული, მესამე გოლფს ეტანება. ზოგიერთი მაღალი რანგის მოხელე ქაშაყის წვნიანზე გიჟდება; სხვებს თევზს საერთოდ ვერ უხსენებ. თითოეულს საკუთარი გზა და ბედი დაენათლა. ამრიგად, თუკი “კლიენტთან პირველი შეხვედრის” ჩარჩო მეტ-ნაკლებად ზუსტადაა მოხაზული, საუბედუროდ, ჭოჭმანისა და მოულოდნელობის წილიც საკმაოდ დიდია.
ჰოდა, ¹6017 ოთახში რომ გამოვცხადდი, კატრინ ლეშარდუა ადგილზე არ დამხვდა. როგორც მითხრეს, ცენტრალურ კომპიუტერთან შეყოვნდა. დაელოდეთო, და სკამი შემომთავაზეს; მეც ჩამოვჯექი. წინადღეს ელისეს მინდვრებზე მომხდარ აფეთქებაზე ჩამოვაგდეთ საუბარი. ვიღაცამ კაფეში, სკამის ქვეშ ამოდო ყუმბარა. ორი ადამიანი დაიღუპა. მესამემ ორთავე ფეხი და სახის ნახევარი დაკარგა: საბრალოს სამუდამო ხეიბრობა და სიბრმავე ელის. მითხრეს, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილაო. რამდენიმე დღის წინ, ქალაქის მერიის გვერდით მდებარე ფოსტაში, ყუმბარა აფეთქდა და 50-მდე წლის ქალი თავით ფეხამდე დაცხრილა. როგორც ამიხსნეს, ყუმბარებს არაბი ტერორისტები დებდნენ, რომლებიც საფრანგეთში სხვადასხვა მკვლელობათა გამო დაპატიმრებული თანამოძმეების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
საღამოს ხუთი საათისათვის, პოლიციის პრეფექტურაში უნდა გამოვცხადებულიყავი მანქანის გატაცების სარჩელის შესატანად, კატრინ ლეშარდუა კი არსად ჩანდა. ასე რომ, ჩვენი საუბარი ვერ შედგა. ეტყობა, “ურთიერთობის დამაყრება” სხვა დროისათვის გადაიდო.
პოლიციის ინსპექტორი, რომელმაც საჩივარი დაბეჭდა, ჩემი ტოლი იქნებოდა. აშკარად ეტყობოდა პროვანსული წარმოშობა. თითზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა. არიან კი ბედნიერები პარიზში მისი ცოლი და შვილები, თუ, რა თქმა უნდა, შვილები ჰყავს-მეთქი, გავიფიქრე. იქნებ ქალი ფოსტაში მუშაობს, ბავშვები კი ბაგაში დადიან. ეჰ, გაიგებ?
როგორც ველოდი, ინსპექტორი ცოტაოდენ ღვარძლიანი აღმოჩნდა. “ქურდები… ქუჩებში დარბიან… შანსი არ არის… დაიჭერენ და წამსვე უშვებენ”. მეც კვერს ვუკრავდი ამ უბრალო, ყოველდღიური გამოცდილებით გაჯერებულ მართალ სიტყვებს. თუმცა, კარგად ვიცოდი, მის გულისტკივილს ვერაფრით ვუწამლებდი.
საბურის ბოლოს შევატყვე, როგორ შეეპარა ბალღამს ცოტა პოზიტიური ტონი. “ესეც ასე…! ნახვამდის! შეიძლება გიპოვოთ კიდეც მანქანა! ხდება ხოლმე!” მგონი, რაღაც კიდევ სურდა ეთქვა, მაგრამ სათქმელი აღარაფერი იყო.
6
მეორე შანსი
მეორე დილით შემატყობინეს, რომ კარგა მაგრად მივქარე. თურმე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, კატრინ ლეშარდუას უნდა დავლოდებოდი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაფრად ეპიტნავა ჩემი უბოდიშო დათესვა.
ისიც მითხრეს (გაოცებისაგან კინაღამ პირი დავაღე), რომ წინა კონტრაქტზე ჩემი მუშაობით უფროსები არცთუ ისე კმაყოფილნი დარჩნენ. აქამდე მიმალავდნენ, მაგრამ, ეტყობა, მაგრად გავანაწყენე. სოფლის მეურნეობასთან დადებული კონტრაქტი, როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეორე შანსი ყოფილა. შეფმა ამერიკული ფილმების გმირივით შუბლი შეიჭმუხნა: “ჩვენ კლიენტებს ვემსახურებით, მოგეხსენებათ. სამწუხაროდ, ჩვენს საქმეებში ადამიანს იშვიათად ეძლევა მეორე შანსი”.
ვნანობ, რომ ამ კაცს გული ვატკინე. კარგი ვინმეა: ვაჟკაცური, მგრძნობიარე სახე და მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმა… ძვირფასი ქსოვილის თეთრი, გატკიცინებული პერანგი, თხელი და უნაზესი, რომელიც ღონიერ, გარუჯულ გულ-მკერდს უჩენს. ჰალსტუხი კლუბის ემბლემით, ბუნებრივი მიხვრა-მოხვრა, თანაც თავდაჯერებული, საღ-სალამათი კაცისთვის დამახასიათებელი…
ბოდიშის მოსახდელად დიდი ვერაფერი გამართლება ვიპოვე, მანქანა მომპარეს-მეთქი, ვუთხარი. მივანიშნე, მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღე, მაგრამ შევეცდები, თავი მოვთოკო-მეთქი. შეფი შეტოკდა, ეტყობა მანქანის ამბავმა თავისი ქნა; არაფერი ვიცოდიო, ამას როგორ ვიფიქრებდიო, ახლა კი ვხვდებიო. ჰოდა, დამშვიდობებისას მწვანე ხალიჩაზე მყარად მდგარმა მთელი გზნებით მისურვა “ჭირსა შიგან გამაგრება”.
7
კატრინი, პაწია კატრინი
კარგი დრო მოვა
სადაც კი მივალ, ყველგან ეს მისმის;
კარგი დრო მოვა,
მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან გვიან.
ნეილ იანგი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდივან ქალს ისევ ის ტყავის ქვედატანი მოსავს, მაგრამ, ამჯერად იგი არაფერში მჭირდება, თვითონ ვიკვლევ გზას 6017 ოთახისაკენ.
კატრინ ლეშარდუა პირველივე დანახვაზე ამართლებს ჩემს ეჭვსა და შიშს. 25 წლის დიპლომირებული პროგრამისტი, მოცვეთილი წინა კბილებით და გასაოცრად ამრეზილი იერით: “ვიმედოვნებ, პროგრამა იმუშავებს! თუ ისეთია, ადრე რომ შეგვაჩეჩეთ… რაღაც საზიზღრობაა! თუმცა ყიდვას მე არავინ მეკითხება. ჭანჭიკი ვარ, სხვების ჩასვრილი საქმე მე უნდა გამოვასწორო…” და ა. შ.
ავუხსენი, გაყიდვას მეც თქვენსავით არავინ მეკითხება-მეთქი. არც იმას, ვინ რა პროგარმას ამუშავებს. ჩვენ არაფერს ვწყვეტთ, არც თქვენ, არც მე, ასე ვუთხარი; აქ კი იმისთვის მოვედი, რომ დავეხმარო, ხმარების წესები გავაცნო და მასთან ერთად პროგრამა ავამოქმედო… ამაოდ დავშვრი, არ იქნა და არ დაწყნარდა, ცოფებს ყრიდა და თავისას არ იშლიდა. ახლა მეთოდოლოგიაზე ალაპარაკდა. მისი აზრით, საკუთარი ქმედება ყველამ ზუსტად პროგრამირებულ მეთოდოლოგიას უნდა შეუთანხმოს; ამის სანაცვლოდ კი რა გვაქვს? მხოლოდ ქაოსი და წასამშაბათებული პროგრამები… ყველა თავის კუთხეში შეყუჟულა და იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება. სხვების აზრს არად დაგიდევენ, არც თანხმობაა, არც საერთო გეგმა, არც ჰარმონია. პარიზი საძაგელი ქალაქია, ადამიანები ერთმანეთს გაურბიან, საკუთარი საქმეც ფეხზე ჰკიდიათ, ყველა 6 საათზე ბრუნდება სახლში; იმასაც არად დაგიდევენ, სამსახური დამთავრდა თუ არა.
მერე ყავაზე მიმიპატიჟა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ავტომატურ ჩამომსხმელთან მივედით. ხურდა ხელთ არ მქონდა და ორი ფრანკი მომცა. ყავა კი არა, ლექია; კატრინი თავისას მიაჭენებს. პარიზში შეიძლება ზედ შუა ქუჩაში გაფშიკო ფეხები, კაციც არ მოგხედავს. აი, მათთან, ბარნში, ასე არ არის. ყოველ შაბათ-კვირას მშობლიურ ქალაქში ატარებს. საკუთარი საზოგადოებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საღამოობით კვალიფიკაციის კურსებზე დადის. სამ თვეში იქნებ ინჟინრის დიპლომსაც გამოკრას ხელი. აკი მეც ინჟინერი ვარ. სიტყვა ხომ უნდა ჩამეგდო და ისე, ზრდილობისათვის ვიკითხე.
- რისი კურსებია?
- მართვის, ანალიზის, ალგორითმების, ფინანსური აღრიცხვის.
- მძიმე ტვირთი აგიკიდებიათ, – შევნიშნე გულგრილად.
ტვირთი ტვირთად, მაგრამ შრომას არ უფრთხის. ხშირად, სამუშაო ოთახში, საშინაო დავალებებზე თავწახრილს დასთენებია კიდეც. ასეა, ამ ცხოვრებაში რამეს რომ მიაღწიო, ხელი უნდა გაანძრიო; მუდამ ამ აზრის იყო.
ოთახისკენ ამავალ კიბეს ავუყევით. “მიდი, იბრძოლე, პაწია კატრინ”, – ვფიქრობდი გულდამძიმებლი. არა, ლამაზიაო, ვერ იტყვი. კბილებზე ხომ უკვე ვთქვი, თმებიც რაღაც გაცრეცილი და უფერული აქვს, მოჭუტული თვალები კი რისხვას აკვესებს. ძუძუებს და დუნდულებს ვერ უპოვნი. ღმერთმა შერისხა და ეგაა.
მგონია, ერთმანეთს შევეხმატკბილებით. მზად არის, ყველაფერი თავად იკისროს, თავად მოაგვაროს. მე ისღა დამრჩენია, აქეთ-იქით ვიარო და ლექციები ვიკითხო. ეს კი, რა დასამალია და, ძალიანაც მაწყობს. არც ვეკამათები. არა მგონია, გულში ჩავუვარდე, იმასაც ვფიქრობ, მამაკაცთან სიახლოვე არც არასოდეს განუცდია-მეთქი.
11 საათისთვის ოთახში ვიღაც უცხო შემოიჭრა. პატრიკ ლერუა ყოფილა. ისიც ამ ოთახში ზის. ჰავაური პერანგი, გამოწკეპილი ჯინსები, ქამარზე გასაღებების ასხმა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ჟღარუნობს… ღამე ძმაკაცთან ერთად ღამის კლუბში გაატარა და, თქვენ წარმოიდგინეთ, “ორ ფისუნიასაც გამოკრეს ხელი”. დიდად ისიამოვნეს. მთელი დილა ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და გაუთავებლად როხროხებდა.
მესამედ რომ დარეკა, საკმაოდ სევდიანი ამბავი წამოიწყო: მისი და ძმაკაცის საერთო დაქალი ავტოკატასტროფაში დაღუპულა. ეს კიდევ არაფერი, მანქანას თურმე მესამე ძმაკაცი, ვინმე ფრედი მართავდა. ფრედის არაფერი მოსვლია.
თეორიულად, ყოველივე ეს მძიმე მოსასმენია, მაგრამ პატრიკი მაგიდაზე ფეხშემოდებული, გამოსული ბიჭის ლაყაფით ახერხებს სათქმელის შემსუბუქებას:
“ნატალი გლეჯა გოგო იყო… მერე და როგორ ევასებოდა?.. დასაფლავებაზე იყავი? ხომ იცი, მე ეგეთ რაღაცებს ვერ ვიტან. ვის რაში უნდა? თუმცა, მშობლების ხათრით… რაო, ფრედიც მოვიდა? მაგარი ვინმე ყოფილა, ეგ ტრაწიანი…”
სადილობის დრომ რომ მოაწია, შვებით ამოვისუნთქე.
ნაშუადღევს, “ინფორმაციული კვლევის” განყოფილების უფროსს უნდა შევხვედროდი, თუმცა არც კი ვიცი, რატომ. ჩემდა თავად, მასთან არაფერი საქმე არ მაქვს.
საათნახევარი ცარიელ და ჩაბნელებულ ოთახში ვიყურყუტე. სინათლის ანთება აზრადაც არ მომსვლია, არ მინდოდა ვინმეს ჩემი იქ ყოფნა შეეტყო.
სანამ ოთახში შემოვიდოდი, ვეებერთელა მოხსენება გადმომცეს: “სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო გეგმის სადირექტივო სქემა”. ვერც კი გეტყვით, რატომ და რისთვის. ამ მოხსენებასთან არაფერი მესაქმება. როგორც წინასიტყვაობიდან შევიტყვე, საქმე ეხებოდა “განსხვავებული არქეტიპული სცენარების პრედეფინიციის მცდელობას, შემუშავებულს მიზეზ-შედეგობრიობის ურთიერთმიმართების საფუძველზე”. გლეხებისადმი სამთავრობო დახმარების პოლიტიკის სწორი ორიენტაცია, ევროპულ დონეს მისადაგებული კონკურენტუნარიანი სამეურნეო სტრუქტურის შექმნა, ნედლეულის წარმოების კომერციული ბალანსის გამოსწორება… მოხსენებას ვფურცლავდი და, გზადაგზა, ფანქრით ვინიშნავდი უცნაურ და სასაცილო ფრაზებს. ასე, მაგალითად: “სტრატეგიული დონე ითვალისწინებს გამნაწილებელი ქვესისტემების ინტეგრაციის შედეგად შექმნილი გლობალური საინფორმაციო სისტემის რეალიზაციას”; ან კიდევ: “სწრაფად უნდა შემუშავდეს ობიექტისაკენ მიმართული დინამიური ორგანიზაციის რაციონალური მოდელი”. როგორც იქნა, მდივანი ქალიც გამოჩნდა და მაცნობა, რომ თათბირი გაგრძელდა და ჩემდა სავალალოდ, შეფს ჩემი მიღება არ შეუძლია.
რა მექნა, სახლში წამოვედი. რა მენაღვლება, ფულს ხომ მიხდიან. ესეც თქვენ!..
სევრ-ბაბილონის მეტროს კედელზე უცნაური წარწერა შემეჩხირა თვალში: “ღმერთმა ინება უთანასწორობა, მაგრამ, არამც და არამც, უსამართლობა”. ერთი მაცოდინა, ვის გაუზიარა ღმერთმა ზრახვანი თვისი.
8
შაბათ-კვირას არავის ნახვის სურვილი არ მიჩნდება. შინ ვარ და ბინას ვალაგებ. ჩუმად, ჩემთვის ვკაიფობ.
მაგრამ, ამ შაბათს, ოცსა და ოცდაერთ საათს შორის, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჟღერადობის მოვლენა მოხდება: მეგობარ მღვდელთან ერთად მექსიკურ რესტორანში უნდა ვისადილო. არა უშავს რესტორანია. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, ჩემს მეგობარს ახლაც მეგობარი ეთქმის? ერთად ვსწავლობდით, ოცი წლისანი ვიყავით, ახალწამოჩიტებულები. ახლა ოცდაათს მოვარტყით. ინჟინრის დიპლომი რომ აიღო, სემინარიას მიაშურა. არჩევანი გააკეთა და მხარი იცვალა. ახლა კიურეა ვიტრიში. არცთუ ისე მორჩილი მრევლი ჰყავს.
წითელი ლობიოთი დატენილ ფუნთუშებს მივირთმევ, ჟან-პიერ ბიუვე კი სექსუალურობაზე ახურებს. მისი აზრით, ცნობისწადილი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იჩენს ეროტიზმისადმი (რეკლამა, ილუსტრაციები, ჟურნალები, საერთოდ მასმედია) თავიდან ბოლომდე მოჩვენებითია. უმრავლესობას, სინამდვილეში, მალე ბეზრდება ამ თემაზე თავის მტვრევა, თუმცა, არ იმჩნევს. უკუღმა ამოტრიალებული პირფერობაა და სხვა არაფერი. ბოლოს საკუთარ მოსაზრებასაც “მიადგა”: ჩვენი ცივილიზაცია სასიცოცხლო ენერგიისაგან დაიწრიტაო, მითხრა. ლუი XIV საუკუნეში, როს ესოდენ დიდი იყო სიცოცხლის ჟინი, ოფიციალური კულტურა უარყოფდა ამა ქვეყნის სიამტკბილობას და ხორციელ ტკბობას და ადამიანებს წამდაუწუმ შეახსენებდა, მიწიერი ცხოვრება არასრულყოფილ სიამოვნებებს გვთავაზობს, ნეტარების მარადიული წყარო კი ღმერთიაო, ასეთ რამეს, _ მითხრა, _ დღეს, ვერც ვერავინ დაიჯერებს და ვერც მოითმენსო. დღევანდელი ადამიანი თავგადასავალს და ეროტიზმს მიელტვის და საკუთარ თავს წამდაუწუმ უმეორებს, რომ სიცოცხლე ამაღელვებელი და სასწაულებრივი რამ არის. თუმცა, თუ სიმართლე გინდა, ცოტა არ იყოს, ეჭვიც ეპარება ამაში.
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩემი მეგობრის თვალში მე ვარ ამ ენერგიადაშრეტილი სიცოცხლის სიმბოლო. თავის შექცევაც კი არ შემიძლია. არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. ვგონებ, სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი, ერთი სიტყვით, ნორმალური ტიპი ვარ. შეიძლება სულ მთლად არა, მაგრამ ერთი მიბრძანეთ, ვისზე იტყვიან “სულ მთლად დალაგებულიაო”? მგონი 80% ნორმალური ვარ.
რაღაც მაინც რომ ვთქვა, ვეუბნები, დღესდღეისობით, განურჩევლად ყველას, ადრე თუ გვიან, ცხოვრებაში ხელმოცარული კაცის გრძნობა ეუფლება-მეთქი. კიურე კვერს მიკრავს.
საუბარი იფერფლება. უგემურად ვღეჭავ ვერმიშელს. კიურე მირჩევს ღმერთს, ან ფსიქოანალიტიკოსს მივმართო. ამის გაგონებაზე მე ჩემი მემართება. საიდან სადაო? კიურე კი თემას აღრმავებს, ეტყობა, ჩემი პიროვნებით დაინტერესდა. მისი აზრით, დაღმა მივექანები. მარტოსული ხარ, შენს გარშემო სიცარიელეა, ეს კი არაბუნებრივიაო, მიმტკიცებს.
ვსვამთ. კიურე კარტებს მიხსნის: ერთადერთი გამოსავალი ქრისტეა, იგია სიცოცხლის სათავე, ჭეშმარიტად სავსე, მართლაც ცინცხალი სიცოცხლით. “უნდა აღიარო მისი ღვთიური ბუნება!” – აქ უკვე ხმას უწევს. მეზობელმა მაგიდამ თავი ჩვენსკენ იბრუნა. ვგრძნობ, რომ დავიღალე. ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ჩიხში გავეჩხირეთ. ვუღიმი. ისე, ყოველი შემთხვევისათვის. მეგობრებით განებივრებული არ ვარ, იქნებ ეს ერთი მაინც შემრჩეს. “მისი ღვთიური ბუნება უნდა აღიარო…” – იმეორებს იგი, ამჯერად უფრო წყნარად. შევეცდები-მეთქი, ვპირდები. თანხმობის მიღწევის მიზნით კიდევ რამდენიმე ფრაზას ვამატებ.
მერე ყავა და ჰერი, სახლისაკენ. რაც არ უნდა თქვა, კარგი საღამო იყო.
9
ახლა ექვსი პიროვნება მრგვალ, საკმაოდ ლამაზ, ეტყობა, აკაჟუს მიმსგავსებული მასალისაგან გაკეთებულ მაგიდას მისჯდომია. მუქი ლურჯი ფარდები დახურულია. სალონის განწყობაა, მაგრამ ამთავითვე ვგრძნობ, რომ თათბირი მთელი დილა გაიწელება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველ წარმომადგენელს ლურჯი თვალები აქვს. ახალგაზრდაა, მრგვალ, მომცრო სათვალეს ატარებს. გუშინდელი სტუდენტია. თუმცა, ასაკის მიუხედავად სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთელი დილა რაღაცას ინიშნავს, მაშინაც კი, როცა ჩასაწერი, თითქოს, არაფერია. ეტყობა, შეფია, ან მომავალში იშეფებს.
სამინისტროს მეორე წარმომადგენელი შუახნის წვერებიანი კაცია. “ხუთეულის კლუბის” მკაცრ მეთვალყურეს მაგონებს. ეტყობა, დიდი გავლენა აქვს კატრინ ლეშარდუაზე, რომელიც გვერდს უმშვენებს. თეორეტიკოსია. რაც კი თქვა, ყველაფერი მეთოდოლოგიური წესრიგის მნიშვნელობას ან კი, ზოგადად, მოქმედების წინმსწრები განსჯის აუცილებლობას ეხებოდა. რა დროს ამაზე ლაპარაკია: პროგრამა ნაყიდია, გინდა ისე თქვი, გინდა ასე; ამას კი ვფიქრობ, მაგრამ კრინტს არ ვძრავ. ვატყობ, თვალში არ მოვუდივარ. როგორ დავიმსახურო მისი კეთილმოსურნეობა? მოდი, ერთი დროდადრო ჩავერთვები, ყოველ მის სიტყვას ბრიყვული აღფრთოვანებით ავიტაცებ, აქაოდა, ერთბაშად აქამდე უხილავი სიღრმითა და სიბრძნით გაბრწყინებლ ჰორიზონტებს ვკიდე თვალი. ეს რა კეთილზნიანი ვინმე ყოფილაო, იფიქრებს. უსიტყვო მორჩილებას გამოვუცხადებ, აჰა, მზად ვარ კუდში გამოგყვეთ-მეთქი.
სამინისტროს მესამე წარმომადგენელი აგრარიკოსი სოციალისტის კარიკატურაა: ჩექმები და უხეში ქურთუკი აცვია, თითქოსდა, ეს არის, საკუთარი მამულები მოინახულაო. ხშირი წვერი აქვს და ჩიბუხს ქაჩავს. მის შვილობას მართლაც არ ვინატრებდი. ცხვირწინ, ყველას დასანახად, უზარმაზარი წიგნი დაიდო: “ყველის წარმოება ახალი ტექნოლოგიის შუქზე”. ვერ გამიგია, აქ რა ესაქმება. აშკარაა, ჩვენი საქმისა ინჩი-ბინჩი არ ესმის. შეიძლება, გლეხობის, ეგრეთ წოდებულ, ბაზისურ შრეს წარმოადგენს. როგორც არ უნდა იყოს, ჩანს, რომ ატმოსფეროს მოსაშხამად მოსულა. კონფლიქტისკენ იქაჩება და ვინ იცის, მერამდენედ იმეორებს, რომ “მსგავსი შეხვედრები უაზროა და მათგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს კაცი”. ან კიდევ: “ამ პროგრამებს სამუშაო ოთახებში ამუშავებენ და მათ არაფერი აქვთ საერთო მიწის მუშის რეალურ მოთხოვნილებებთან”.
წინ ჩვენი ფირმის თანამშრომელი უზის და ეს რომ სიტყვას დაძრავს, პირში მიახტება, ერთ შენიშვნასაც არ პატიებს, თუცმა, ისერიგად ვერა, როგორც საჭიროა. თავს იკატუნებს, თითქოს ეუბნება, მიგიხვდი, ჩემო კარგო, ყველაფერი კარგად მესმის, უბრალოდ შაყირობო. ეს კაცი ჩემი უფროსია. თუ არ ვცდები, ნორბერ ლეჟაი ჰქვია. მის აქ ყოფნას არ ველოდი და ვერც იმას ვიტყვი, რომ მისი ხილვით ძალიან გავიხარე. ყველაფერზე იცინის. გაწელილი, გაზეთილი სიცილი აქვს. თუ არ იცინის, ხელებს იფშვნეტს. ჩაკურატებულია, ქონით სავსე. ასე, უმიზეზოდ თვითკმაყოფილს რომ ვხედავ, ბოღმა ყელში მეჩხირება. მაგრამ, ამ დილით კარგ გუნებაზე ვარ, ერთი-ორჯერ, რაღაც იოხუნჯა, ახრიალდა და მეც ექოდ ჩემი სიცილი მივაყოლე.
საუბრის მეშვიდე მონაწილე მთელი დღის განმავლობაში გადი-გამოდიოდა და საკრებულოს ამხიარულებდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციული კვლევის განყოფილების უფროსზე მოგახსენებთ, რომელსაც, თუ გახსოვთ, იმ დღეს ავცდი. ამ ტიპმა, ეტყობა, ახაგაზრდა და დინამიური შეფის ამაღლებული, ჭარბად აღგზნებული პერსონაჟის გათამაშება იკისრა ჩვენს წინაშე. აქამდე ასეთი არაფერი მინახავს: ვისაც გინდა, უკან ჩამოიტოვებს. საკინძე შეხსნილი აქვს, მოუცლელობის ბრალი თუა. ჰალსტუხი გვერდზე მოქცევია, თითქოს პირქარი უფრიალებსო. დერეფნებში კი არ დააბიჯებს, მსუბუქად დასრიალებს. ფრენა რომ შეეძლოს, არც დაახანებდა. სახე უპრიალებს, აშლილი ქოჩორი დასველებია, შეხედავ და იფიქრებ, ეს-ეს არის, აუზიდან ამოვიდაო.
პირველად რომ შემოვიდა, მე და ჩემს შეფს დაგვადგა თვალი: წამიც და ჩვენთან გაჩნდა, არ კი მესმის, რატომ. ათი მეტრი ხუთ წამში დაფარა, თვალიც ვერ მივადევნე.
აგერ ახლა, ხელს მხარზე მადებს და წყნარი ხმით მიხსნის, თუ რაოდენ წუხს, რომ იმ დღეს ამაოდ მალოდინა: მე დათაფლული ვუღიმი, ვეუბნები, რომ დიდი არაფერი მომხდარა, რომ ყველაფერი კარგად მესმის და, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. სინაზის წუთებია: იგი ჩემს ყურთან დაიხარა, ახლა მხოლოდ მე ვარსებობ მისთვის. ვინმემ რომ დაგვინახოს, იფიქრებს, შეყვარებული წყვილია, რომელიც, დიდი ხნის განშორების შემდეგ, ბედმა ისევ შეყარაო.
იმ დილით კიდევ ორჯერ გამოგვეცხადა, მაგრამ კარის ზღურბლს არ გადმოცილებია. ამჯერად მხოლოდ სათვალიან ახალგაზრდას გამოელაპარაკა, ჯერ ბოდიშს იხდის შეწუხებისათვის, მომხიბვლელ ღიმილს არ იშორებს, ზღურბლზე დგას, ხელებით კარის ფრთას ეტანება, ცალ ფეხს ებჯინება, თითქოსდა, შინაგანი მღელვარება უძრავად და მყარად დგომას უკრძალავსო.
იმ თათბირიდან ბევრი არაფერი გამომყვა. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიგვეღოს. ერთი ეს იყო, თათბირის მიწურულს, საუზმემდე, ისიც ნაჩქარევად, პროვინციული კადრების გადამზადების განრიგი შევადგინეთ. ეს უშუალოდ მე მეხებოდა, პროვინციაში სწორედ მე უნდა მევლო. დრო და ადგილი ჩავინიშნე, მაგრამ ფურცელი იმ საღამოსვე სადღაც დავთესე.
მეორე დღეს, თეორეტიკოსის თანდასწრებით, breafing მოეწყო და ყველაფერი თავიდან ამიხსნეს. სწორედ იქ შევიტყე, რომ სამინისტროს ახალი, ერთობ ჩახლართული პროგრამა შეუმუშავებია (ეტყობა, ამაში თეორეტიკოსის ხელი ერია). პროგრამა სამ დონეს მოიცავდა და მომხმარებელთა ინტერესებსაც ითვალისწინებდა. საჭირო იყო დამატებითი ახსნა-განმარტებები. ერთი სიტყვით, გადამზადება. ყოველივეს დახვეწილი, მაღალი ნიჭის ბეჭედი ესვა.
წინ დიდი გზა მედო. ჯერ რუანი _ ორი კვირით, მერე დიჟონი _ ერთი კვირა, და, ბოლოს, ოთხი დღე როშ-სურ-იონში. პირველ დეკემბერს გავემგზავრებოდი და შობისთვის დავბრუნდებოდი, რათა დღესასწაულის დღეები ოჯახში გამეტარებინა. როგორც ხედავთ, საქმეს ადამიანურად მიუდგნენ. გადასარევია!
ჩემდა გასაოცრად, ისიც შევიტყე, რომ მარტო მგზავრობა არ მომიწევდა. ჩემმა ფირმამ ტანდემი ირჩია და პროვინციაში ორი თანამშრომელი მიგვავლინა. მთელი ოცი წუთის განმავლობაში, გასუსული ვუსმენდი თეორეტიკოსს, რომელიც წყვილად მუშაობის სიკეთესა და უხერხულობაზე საუბრობდა ზოგადად. საბოლოო ჯამში, in extremis კეთილმა მხარემ გადაწონა.
წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იქნება ის მეორე. ნაღდად, ვინმე ნაცნობია, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, ჩემთვის მისი ვინაობა გაემხილა.
რადგან სიტყვა თანამგზავრზე ჩამოვარდა, თეორეტიკოსმაც არ დაახანა და სინანული გამოთქვა, რომ ის მეორე (რომლის ვინაობა ბოლომდე იდუმალებით იყო მოცული) ვერ ესწრებოდა თათბირს და რომ არც არავის გახსენებია მისი მოწვევა. მერე აზრი განავრცო და ისიც მიანიშნა, რომ მსგავს პირობებში მეც ზედმეტი ვიყავ, ყოველ შემთხვევაში, უჩემოდ საქმე არ დაშავდებოდა. მეც ასე ვფიქრობდი.
10
თავისუფლების საფეხურები ჟან-ივ ფრენოს მიხედვით
შემდეგ ფირმაში დავბრუნდი. კარგად მიმიღეს; ეს კი იმის ნიშანია, რომ შერყეული პოზიცია გავიმყარე.
შეფმა გვერდზე გამიხმო და კონტრაქტის მნიშვნელობაზე ჩამომიგდო სიტყვა. კარგად ესმის, რომ სერიოზული კაცი ვარ. მანქანის გამტაცებელსაც გადაკრა ერთი-ორი მწარე სიტყვა.
ყავის ჩამომსხმელთან შეკრებილი მამაკაცების ჩვეული საუბარი იყო. ჩემი შეფი ადამიანებთან ურთიერთობის საკითხში ტოლს არავის დაუდებს. მეც გულში სითბო ჩამეღვარა; მომწონს ეს კაცი და რა ვქნა?!
მოგვიანებით, ნაშუადღევს, ჟან-ივ ფრენოს გამოსათხოვარ სუფრასთან შევიკრიბეთ. “ფირმას ღირსეული პიროვნება ტოვებს, _ ხაზგასმით აღნიშნა განყოფილების გამგემ. _ დიდად დამსახურებული ტექნიკოსი. ეჭვი არ მეპარება, რომ შემდგომშიც, თუ მეტი არა, მსგავსი წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას”. უარესს ღმერთმა ნუ შეგასწროთო, შეეხუმრა. მუდამ სასურველი სტუმარი იქნებითო, შეპირდა. თანაც, პირველ სამსახურს კაცი ადვილად ვერ ივიწყებსო, დაამატა სიცილით. პირველი სიყვარულივითააო. მგონი, ზედმეტი მოუვიდა, ღვინის ბრალი თუა.
სიტყვას ტაში მოჰყვა. ყველანი ფრენოს მისცვივდნენ. ის კი, ერთობ კმყოფილი, თავს აქიცინებს. ფრენოს არც თუ ისე კარგად ვიცნობ. ფირმაში ერთდროულად მოვედით, ამ სამიოდე წლის წინ. ერთსა და იმავე ოთახში ვისხედით. ერთხელ, მახსოვს, ცივილიზაციაზეც ვისაუბრეთ. მითხრა, რომ მისი ღრმა რწმენით, საზოგადოების წიაღში ინფორმაციის ზრდა, თავისთავად, კეთილი საქმეა, რომ თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და სხვადასხვა სამსახურთა შორის მრავალმხრივი კავშირების დამყარების შესაძლებლობა. უდიდესი თავისუფლება არჩევანთა მაქსიმალურ რიცხვს გულისხმობს. მყარ სხეულთა მექანიკის ლექსიკონს თუ დავესესხებით, ისიც შეიძლება ითქვას, ეს არჩევნები თავისუფლების ხარისხებიაო, _ გამანდო.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, მთავარ სამართავ პულტთან ვისხედით. კონდიციონერის მოგუდული ხრიალი ისმოდა. ფრენომ საზოგადოება, რაღაც გაგებით, ტვინს შეადარა, ინდივიდები კი _ ტვინის უჯრედებს, რომელთაც, მართლაც, რომ სჭირდებათ თანხმობა და კავშირი. შედარება აქ დასრულდა. ფრენო ლიბერალი გახლდათ და ვერაფრით დაეთანხმებოდა იმას, რაც ესოდენ აუცილებელია ტვინისთვის: ყოველივეს ერთ განზომილებამდე დაყვანისკენ მისი მისწრაფება მაქვს მხედველობაში.
მისი ცხოვრება, ეს მოგვიანებით შევიტყვე, ერთობ დაძაბული ყოფილა. მე-15 არონდისმანში ერთოთახიანი ბინა ეკავა. გათბობის ფული ბინის ქირაში შედიოდა. ბინაში ღამეს თუ ათევდა _ სამუშაოს იყო გადაგებული. თავისუფალ დროს რომ მოიხელთებდა, ტექნიკურ ჟურნალებში იქექებოდა. თავისუფლების ხარისხებს რაც შეეხება, მისთვის არჩევანის შესაძლებლობა იმაში გამოიხატებოდა, რომ სადილებს მინიტელით უკვეთავდა (ეს სისტემა მაშინ სიახლე იყო _ სადილს შეუკვეთავ და დანიშნულ დროს დათქმულ ადგილზე მოგართმევენ).
საღამოობით სიამოვნებით ვადევნებდი თვალს, თუ როგორ არჩევდა მენიუს სამუშაო მაგიდის კუთხეში დადგმულ მინიტელზე. ვარდისფერი გიყვარს, ქალების მუსუსი იქნები-მეთქი, ვაშაყირებდი. თუმცა, დარწმუნებლი ვარ, უბიწო იყო.
ერთი სიტყვით, ფრენო ბედნიერი კაცი გახლდათ; სამართლიანად თვლიდა, რომ ტელერევოლუციის აქტიური მონაწილე იყო, ამიტომაც ინფორმაციული მეცნიერების პროგრესი, ტელექსელის ყოველი ახალი ნაბიჯი, პირად წარმატებად მიაჩნდა. არჩევნებში სოციალისტებს აძლევდა ხმას, და, ოი, საოცრებავ, გოგენს ეთაყვანებოდა.
11
ის დღე იყო და ჟან-ივ ფრენო აღარასოდეს მინახავს. ან კი რაში მჭირდებოდა? გულის სიღრმეში ერთმანეთი არც თუ ისე გვიყვარდა. ესეც არის, რომ დღეს ადამიანები ისე ხშირად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრისას სხაპა-სხუპით ლაპარაკობენ, ამ მთისა და იმ ბარისას მიედ-მოედებიან. ზოგჯერ საქმე პირზე კოცნამდეც კი მიდის. რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომრებს ინიშნავენ, მაგრამ დარეკვაზე ნურას უკაცრავად. ერთმანეთს თუ მაინც დაურეკეს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ, წამსვე გრძნობენ, რომ პირველი შეხვედრის სიცხოველეს იმედგაცრუება ენაცვლება. დამიჯერეთ, ცხოვრებას კარგად ვიცნობ! ასეა და რას იზამ!
ადამიანებს შორის კავშირების რღვევა რომანზეც ახდენს გავლენას. როგორ გინდა აღწერო ის მგზნებარე ვნებანი, რომლებიც წლიდან წელს და თაობიდან თაობას გადაეცემა? გარდასული დროის რომანები უკან მოვიტოვეთ, ამაზე მეტს ვერას ვიტყვი. რომანი გულგრილობისა და არარაობის დასახატად არ მოუგონიათ. ამისთვის სულ სხვა რამაა საჭირო: რაღაც გლუვი, სიტყვაძუნწი და უფერულ-უსახური.
ის, რომ ადამიანური კავშირ-ურთიერთობები სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, ეს სწორედ თავისუფლების იმ საფეხურების წყალობაა, რომელსაც ასე თავგამოდებით იცავს ჟან-ივ ფრენო. დარწმუნებული ვარ, თვითონ არავისთან ჰქონია კავშირი. მისი თავისუფლება უკიდურეს ზღვართან მიახლოებაა. არა, მზაკვრობაში ბრალს ნუ დამდებთ! აკი გითხარით, ბედნიერი კაცია-მეთქი. ვთქვი, მაგრამ, ჩემდა თავად, ასეთი ბედნიერება ღმერთმა მაშოროს!
ჟან-ივ ფრენოს მსგავს მოაზროვნეს, თქვენ წარმოიდგინეთ, არც თუ ისე იშვიათად გადაეყრებით. საშუალო სიდიდის ნებისმიერ დაწესებულებაში ერთს მაინც შეხვდებით, თუ ორს არა. ადამიანთა უმრავლესობაც იმ აზრისაა, რომ კავშირები ინფორმაციის გაცვლაა მხოლოდ და სხვა არაფერი (თუ, რა თქმა უნდა, ინფორმაციაში არანეიტრალური ხასიათის შეტყობინებასაც მიათვლით, ანუ ცნობას იმის თაობაზე, რომ წაგახალისეს ან დაგაჯარიმეს). ასეთ ვითარებაში, ინფორმაციული სამყაროდან მოსული ვინმე მოაზროვნე, საზოგადოების ევოლუციის გააზრებასაც ჩემულობს. სიტყვა უჭრის და შეიძლება მიენდო კიდეც. მსმენელის განწყობასაც გააჩნია.
მეორე დღეს, ისევ გამოსათხოვარ სუფრასთან, მაგრამ, ამჯერად სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შესაძლებლობა მომეცა, გავსაუბრებოდი თეორეტიკოსს, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, კატრინ ლეშარდუა უმშვენებდა გვერდს.
თეორეტიკოსს თვალით არ უნახავს ჟან-ივ ფრენო, ეტყობა, საამისოდ ვერ აეწყო საქმე. ჩემი წარმოდგენით, მათი შეხვედრა და ინტელექტუალური საუბარი ერთობ თავაზიანი და ამასთან ამაღლებული უნდა იყოს. ვფიქრობ, რამდენიმე საკითხში მაინც შეთანხმდებიან: თავისუფლება, საჯაროობა და საზოგადოებრივ ქმედებათა შეთახმებული საყოველთაო სისტემა.
წვეულების მიზეზი ერთი სამოც წელს მიტანებული, ჩია, ჭაღარა და სათვალიანი მოხუცის პენსიაზე გაცილება იყო. კოლეგებმა ფული შეაგროვეს და სათევზაო სპინინგი უყიდეს, იაპონური, სამი სიჩქარით. თითის ერთი დაჭერა და რხევის სიხშირეც იცვლება. მოხუცი ბაიბურში არ იყო, ჯერჯერობით საჩუქარს უმალავდნენ. შამპანურის ბოთლებით გაწყობილ მაგიდასთან იდგა, ყველას დასანახად. თანამეინახენი მოდიოდნენ და ძმაკცურად უტყაპუნებდნენ, ეღლაბუცებოდნენ, რაღაც ოინებს იხსენებდნენ.
მერე “საინფორმაციო კვლევათა” სამსახურის უფროსმა ითხოვა სიტყვა. “ძნელია რამდენიმე სიტყვით შეაფასო ის დიდი ამაგი, რაც ჩვენმა კოლეგამ სასოფლო-სამეურნეო ინფორმატიკას დასდო”, _ განაცხადა მომხსენებელმა. ლუი ლენდონი ინფორმატიკის “საქმეთა საგმიროთა” უშუალო მოწმეაო, პერფორირებული ბარათების ზეობა მისი დამსახურებაცააო, აქეთ კიდევ, ელექტროობის გათიშვაო, იქით, მაგნიტური დღეებიო. ყოველ შეძახილზე ხელებს ფართოდ შლიდა, თითქოსდა დამსწრეთ მოუწოდებდა მეხსიერებაში აღედგინათ გარდასული წლების ხიბლი და სიდიადე.
იუბილარი ეშმაკურად იღიმებოდა, ულვაშებს იწიწკნიდა, რაც არც თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, არა უშავს გამოიყურებოდა.
ლუი ლენდონმა თავისი კვალი დატოვა სასოფლო-სამეურნეო ინფორმატიკის ისტორიაში, _ დაასკვნა მომხსენებელმა. იგი რომ არა, სასოფლო-სამეურნეო სამინისტროს ინფორმატიული სისტემა, ვინ იცის, სად იქნებოდა. ვერც ერთი მისი კოლეგა, ახლანდელი თუ მომავალი, მის ღვაწლს ვერ დაივიწყებს.
მხურვალე ტაში 30 წამი გაგრძელდა. ახალგაზრდა ქალიშვილმა (უმანკოთა შორის ყველაზე უმანკო შეარჩიეს) მომავალ პენსიონერს სპინინგი გადასცა. შეცბუნებულმა მოხუცმა იგი აიქნია. აქნევა და დამსწრე საზოგადოების ბუფეტისკენ გავარდნა ერთი იყო. განყოფილების გამგე ლუი ლენდონთან მივიდა, ხელი მხარზე დაადო და ნელი ნაბიჯით გაიყოლა, რამდენიმე, კიდევ უფრო მეტად გულთბილი სიტყვა რომ ეჩურჩულა.
თეორეტიკოსმა დრო იხელთა და ჩუმად გამანდო, რაც არ უნდა იყოს, ლუი ლენდონი ინფორმატიკოსთა ძველ თაობას ეკუთვნისო. კი, ბატონო, პროგრამებს ადგენდა, მაგრამ მეთოდოლოგიაში მოიკოჭლებდა, გუმანით მოქმედებდაო; ფუნქციონალურ ანალიზს ვერაფრით ვერ შეეჩვია, თურმე. “მერიზის” მეთოდის კონცეფციას თავი და ბოლო ვერ გაუგოო. ახლა, დროა, მის პროგრამებს გადავხედოთო. აგერ, ორი წელია, საქმეს აღარ ანდობენ, ცარიელ-ტარიელზე დასვეს მოხუციო. პიროვნულ თვისებებს რაც შეეხება, აქ ორივე ხელს ავწევ, აუგს ვერაფერს ვიტყვიო. ერთი ეს არის, დრო წინ მიდის, ყველაფერი იცვლება, ვერაფერს მოუხერხებო, დასძინა.
ლუი ლენდონს ხელი რომ მოუთავა და წარსულს გადაულოცა, თეორეტიკოსი ისევ თავის საყვარელ ცხენს მოაჯდა: მისი აზრით, ინფორმაციის დამუშავებამ და გავრცელებამ იგივე გზა უნდა განვლოს, რაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებამ: ხელოსნური სტადია ინდუსტრიულით უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ გზის დასაწყისში ვართ. უზუსტობანი და ნახტომისებური განვითარება საქმეს არ წაადგება. საკმარისად განვითარებული ინფორმაციის განაწილების სფეროში კი ანაქრონიზმი და მიახლოებითი გათვლები მძლავრობს (ტელეკომიც კი ქაღალდის სატელეფონო წიგნებს ავრცელებს); მადლობა ღმერთს, რომ ახალგაზრდები უფრო მრავალმხრივ და სანდო ინფორმაციას ითხოვენ. ამასთან კიდევ ერთხელ, მადლი ღმერთს, საპასუხო დროის შეზღუდვისაკენ მოგვიწოდებენ. მაგრამ სრულიად ინფორმირებული, გამჭვირვალე და კომუნიკაციის საშულებებით აღჭურვილი საზოგადოების შექმნამდე, ჯერ კიდევ შორსაა.
სხვა იდეებიც განავრცო; კატრინ ლეშარდუა გვერდიდან არ შორდებოდა, დროდადრო ჩაუკრავდა: “დიახ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია”. ტუჩებზე წითელი პომადა ესვა, თვალებზე კი ლურჯი საღებავი. ქვედატანი ბაყვებს ძლივს უფარავდა, შავი წინდები ეცვა. უცებ წარმოვიდგინე, როგორ ყიდულობს ტრუსებს ან, ვინ იცის, კიდევ უფრო მოღიავებულ რამეს, სტრინგს რომ ეძახიან და ქალის სასირცხოს ფოთოლივით რომ ეკვრება. დარბაზში ხმაურმა იმატა… კატრინ ლეშარდუა “გალერი ლაფაიეტშია” და ჭყეტელა, ბრაზილიურ მაქმანიან სტრინგს ირჩევს გულდაგულ. ერთბაშად სინანულის ტკივილი ვიგრძენი და გული შემეკუმშა.
ამ დროს ერთ-ერთი კოლეგა თეორეტიკოსს მიუახლოვდა; ჩვენსკენ ზურგშექცეულებმა, “პანატელა” ჩამოასხეს. კატრინი და მე პირისპირ აღმოვჩნდით. ვდუმდი. მერე კატრინმა გამოსავალი იპოვა და მომსახურების ფირმასა და სამინისტროს, ანუ მასა და ჩემს შემდგომ თანამშრომლობაზე ალაპარაკდა. კიდევ მეტად მომიახლოვდა, 30 სანტიმეტრი თუ გვაშორებდა. წუთიც და, უნებლიე მოძრაობა თუ იყო, ჩემი პიჯაკის საყელოს წაეტანა.
კატრინ ლეშარდუა სულაც არ მიზიდავდა. მისი გადაჟიმვა აზრადაც არ მომსვლია. ღიმილით შემომცქეროდა, “კრემანს” წრუპავდა და ცდილობდა მხნეობა მოეკრიბა. ვიცოდი, ძალიან სურდა, ვინმეს გაეჟიმა. რაოდენ უსარგებლოდ ეჩვენებოდა ის ნახვრეტი, მუცლის ქვემოთ?! მამაკაცი კიდევ რაღაცას მოუხერხებს საკუთარ პალოს, მაგრამ ქალმა როგორ შეავსოს საშოს სიცარიელე? მისი მდგომარეობა გამოუვალი მეჩვენა და ვიგრძენი, როგორ დამებერა კისრის კუნთები. მესამე ჭიქის შემდეგ კინაღამ წასვლა შევთავაზე, რომელიმე ცარიელ ოთახში ვიჟიმაოთ-მეთქი. შეიძლება მაგიდაზე, შეიძლება ხალიჩაზე, სულერთია. რიტუალის ჩატარებისთვის მზად ვიყავი, მაგრამ გავყუჩდი, იმასაც ვფიქრობ, რომ ასე ადავილად არ წამოეგებოდა. ან, იქნებ ჯობდა, ჯერ წელზე ხელი მომეხვია, მეთქვა, რა ლამაზია, და მსუბუქად შევხებოდი მის ტუჩებს, ბოდიში მოვუხადე და ტუალეტისკენ გავექანე, სარწყევად. უკან რომ მოვბრუნდი, თეორეტიკოსი გვერდით ედგა და კატრინიც მორჩილად უგდებდა ყურს მის ლაყაფს. ეტყობა, თავის ხელში აყვანა მოახერხა. შეიძლება, მისთვის ასე ჯობდა.
12
სწორედ ეს პენსიაზე გაცილების დღე გახდა ს.-მ სამინისტროსთან ჩემი ურთიერთობის სავალალო აპოგეა. ლექციებისთვის აუცილებელი ყველა მასალა ხელთ მქონდა, ამიტომ, შემდგომმა შეხვედრებმა აზრი დაკარგა. რუანში გამგზავრებამდე ერთი კვირა მრჩებოდა.
სევდიანი კვირა გამოდგა. ნოემბერი იწურებოდა; ეს ის დროა, როცა კაეშანი გეძალება კაცს. სხვა, უფრო თვალსაჩინო მოვლენების უკმარისობა, ატმოსფერულ ცვლილებებს მეტ წონას მატებს. ჩემი ცხოვრებაც მათ რიტმსაა აყოლილი. აკი ამბობენ, მოხუცებს მუდამ ამინდი აკერიათ პირზეო.
მე იმდენად ცოტა ვიცხოვრე, რომ მგონია, სიკვდილი არ მიწერია. ნუთუ, კაცის ცხოვრება ამაზე მეტი არაფერია? სულ იმის მოლოდინში ხარ, რომ დღეს თუ არა, ხვალ რაღაც მოხდება. ელოდე! ცხოვრება შეიძლება ცარიელი და ხანმოკლე გამოდგეს. მწირი დღეების რიგი არც კვალს სტოვებს, არც მოგონებას; ერთბაშად, ძაფი წყდება, ყველაფერი თავდება…
ხშირად ისიც მიფიქრია, სრულაიდ სხვა ცხოვრებითაც შემიძლია ვიცხოვრო-მეთქი. ოღონდაც, ნაღველმა, შედარებით მაინც უმტკივნეულომ, ნება დამრთოს, ნაჩვევი ცხოვრებისეული ჟესტები ვაკეთო. აქაც იაღლიში! სევდა-ნაღველს დიდხანს ვერ გაუძლებ; ადრე თუ გვიან, იგი ტკბილ-მწარე ტკივილად იქცევა და ეს შეგრძნება გაცილებით მტკივნეულია. მეც სწორედ ასე მემართება.
შეიძლება, პროვინციაში მოგზაურობამ გამომიკეთოს გუნება. ცვლილება შეიძლება უარყოფითი ხასიათისაც იყოს, მაგრამ გუნება-განწყობას ხომ გადამისხვაფერებს; რაღაც გადახრა ან ნახტომი ხომ მაინც იქნება?!
ნაწილი მეორე
1
ბაბ-ელ-მანდელის სრუტის სიახლოვეს, ზღვის მოჩვენებითი უძრაობის ქვეშ აქა-იქ გაბნეული მარჯნის უზარმაზარი წყალქვეშა კუნძულები კარგს არაფერს უქადის მეზღვაურებს. მათ არსებობას წყლიდან ამოზიდული მოწითალო ხავსის ქოჩორი და წყლის განსხვავებული ფერი თუ მიანიშნებს. და თუკი ეფემერული მოგზაური წითელი ზღვის ამ ნაწილში მობინადრე ზვიგენების არაჩვეულებრივ სიხშირესაც გაიხსენებს (არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მათი რიცხვი 9000 აღწევს ერთ კვადრატულ კილომეტრზე), გასაგები გახდება, თუ რატომ დაუვლის ტანში ჟრუანტელი, მიუხედავად ჯოჯოხეთური სიცხისა, რომელიც წებოვან ჰაერსაც კი აზანზარებს ბაბ-ელ-მანდელის შემოგარენში.
საბედნიეროდ, იქნებ ზეცის საჩუქარია, ამინდი აქ მუდამ წყნარია, სასწაულებრივად წყნარი და ჰორიზონტიც გადახურებული, თეთრად მოელვარე ფოლადის ფერისაა. მსგავს რამეს მხოლოდ მეტალურგიული ქარხნის საწრთობ საამქროში იხილავ, ისიც ფოლადის დნობის მესამე ფაზას თუ შეესწარი (ის წუთი მაქვს მხედველობაში, როცა ფოლადი შინაგან არსს გადმოანთხევს და ნადნობად დაიღვენთება). ამიტომაცაა, ;რომ გემის კაპიტნები ადვილად ძლევენ ამ დაბრკოლებას და ადენის ყურის მშვიდად მოლაპლაპე, თბილი წყლებისკენ იღებენ გეზს.
მსგავსი რამ ცხოვრებაშიც ხდება. 1 დეკემბრის ორშაბათი დილაა. ცივა და მე რუანისკენ მიმავალი მატარებლების განრიგის დაფასთან ტისერანს ველოდები. სენ-ლაზარის სადგური… სიცივე სულ უფრო და უფრო მიჯდება ძვალ-რბილში და ლოდინიც ყელში ამომივიდა. ტისერანი სულზე უსწრებს მატარებელს. ახლა თავისუფალი ადგილის პოვნა არ გინდა, თუ რა თქმა უნდა, თავისთვის პირველი კლასის ბილეთი არ აიღო. ეგეთები გაუკეთებია?!
ფირმაში ოთხი-ხუთი კაცია, ვისთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებდი და კარგი ტანდემი გამოვიდოდა. მაგრამ არჩევანი, რატომღაც, ტისერანზე შეჩედა. სიხარულით ცას ვეწიე-მეთქი, ვერ ვიტყვი. აი, ტისერანმა კი მართლაც გაიხარა. “მე და შენ მაგარი გუნდი გამოგვივა, _ იმთავითვე გამიცხადა. _ ნახე, როგორ შევეწყობით ერთმანეთს” (ხელები ერთმანეთს გადააჭდო, თითქოს ჩვენი მომავალი თანხმობის ნიშნად).
მე კარგად ვიცნობ ამ ტიპს. რამდენჯერმე გავესაუბრეთ ერთმანეთს, ყავის რიგში. სულ ქალი აკერია პირზე. ვგრძნობ, პროვინციაში მოგზაურობა ჩამიმწარდება.
მატარებელი ნელა მიირწევა. კომერციული სასწავლებლის სტუდენტთა ჯგუფის შუაგულში აღმოვჩნდით. სტუდენტების ლაქლაქს ბოლო არ უჩანს. ფანჯარასთან დავჯექი, იქნებ ხმაურს გავერიდო-მეთქი. ტისერანმა კეისიდან ფერად-ფერადი ბროშურები დააძრო, საქმეს რომ არ წაადგება, ისეთი. მეც ავდექი და ვუთხარი. “ჰო, “სიკამორსაც” არა უშავს რა”, _ გაურკვევლად ჩაიბურტყუნა და მონოლოგი გააგრძელა. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ვატყობ, ჩემს იმედზეა.
დიდებულ კოსტიუმში გამოპრანჭულა; წითელი, ყვითელი და მწვანე ზოლები დაყვება _ შუა საუკუნეების გობელენი გეგონება. პატარა ჯიბეში ცხვირსახოცი ჩაუჩრია, ჰალსტუხიც შესაფერისი უკეთია, “იმოგზაურეთ მარსზე” რეკლამის სტილში. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ერთობ მარჯვე, მუდამ მოუცლელ, თანაც მოჭარბებული იუმორის მქონე მოხელესთან გაქვს საქმე. მე დაბამბული ქურთუკი და უხეშად ნაქსოვი ჯემპრი მაცვია, ჰებრიდის კუნძულებზე სარეკლამო დაფებზე რომ გინახავთ, ისეთი. როლების განაწილებაზე თუ მიდგა საქმე, მე “ადამიანი-სისტემა” უნდა განვასახიერო, მცოდნე, მაგრამ უკარება ტექნიკური მუშაკი, რომელსაც საკუთარი ტანსაცმლისათვის ვერ მოუცლია და კლიენტებთან ლაპარაკიც უჭირს. ჩემთვის ზედგამოჭრილი ამპლუაა. ტისერანი არ ტყუის, მაგარი ტანდემი გამოგვივიდა.
ბროშურები რომ ამოიღო, ვიფიქრე, ხელმარცხნივ მჯდარი სტუდენტი გოგოს დაბმა უნდა-მეთქი. ლამაზი ვინმეა, ღმერთმანი. ტისერანი მელაპარაკება, მაგრამ გული და გონება სხვაგან გაურბის. მე პეიზაჟს გავყურებ. თენდება, მზე ამოდის, სისხლისფრად წითელი; ბალახი მწვანედ ხასხასებს, აქა-იქ გაბნეულ ტბორებს ნისლი ედება. ხეობაში გაფანტული სახლების საკვამურებიდან ბოლი იწვერება, შესანიშნავი სანახავია, ცოტაოდენ შიშის მომგვრელიც. ტისერანს ეს არ აღელვებს, ერთი სული აქვს, სანამ ქალიშვილის თვალებს წააწყდება. რაფაელ ტისერანის მთელი უბედურება, მისი პიროვნების ძირი და ძირი ის არის, რომ ძალიან მახინჯია. იმდენად, რომ ქალები ზედაც არ უყურებენ, ლოგინში ჩაწოლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ტისერანი ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ამაოდ, ჭირივით გაურბიან, მორჩა და გათავდა.
აღნაგობას თითქოს არა უშავს: ხმელთაშუაზღვის ტიპია, ეს არის, რომ ცოტა ქონი მოეძალა, ფეხებიც მოკლე აქვს. “ჯირკვივითააო” რომ იტყვიან, თმებიც სცვივა. ამას კიდევ მოევლება, მაგრამ სხვას რა ეშველება? ნაფოტივით გამოთლილი ფართო, უხეში ნაკვთები გომბეშოს მიუგავს; სილამაზეს დაგავიწყებს კაცს. პრიალა, მუწუკებიან კანს ზეთი დასდის. ორმაგი მინის სათვალეს ატარებს, რადგან ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ბრუტიანიცაა, მაგრამ, საკონტაქტო ლინზებიც რომ გაიკეთოს, ვშიშობ, ვერაფერი შეღავათი იქნება. ორ სიტყვას ვერ გადააბამს, აღმაფრენა აკლია და იუმორზეც მწყრალადაა. ხიბლის ნატამალსაც ვერ უპოვნი (ხიბლი ცვლის ხშირად სილამაზეს, მით უფრო მამაკაცებში; აკი, გაიგონებთ “ძალზედ მომხიბვლელია”, ან: “მთავარი ხიბლია”. სწორედ ასე ამბობენ). ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშკარა ხდება, რომ ტისერანს არ გაუმართლა. მე რაღას ვუშველი? ჰოდა, ვზივარ და მიდამოს გავცქერი.
ცოტაც და სტუდენტ გოგოს გაუბა საუბარი. სენას მივუყვებით. ამომავალი მზით გაჩახჩახებული მდიანრე მეწამულ ათინათებს ისვრის, გეგონება, სისხლი მოედინებაო.
ცხრა საათზე რუანში ჩავდივართ. გოგონა ტისერანს ემშვიდობება და, ცხადია, ტელეფონის ნომერს არ უტოვებს. ტისერანი დარეხვილია, ავტობუსი ისევ მე უნდა მოვნახო.
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გონჯ შენობაში დაგვიანებით მივედით. მუშაობას დილის რვა საათზე იწყებენ. როგორც ამიხსნეს, პროვინციაში ხშირად ასეა. ჩვენც არ დავახანეთ და პირველმა ტისერანმა აიღო სიტყვა. იგი მასპინძლებს წარუდგა, მერე მე წარმადგინა, და ბოლოს – ჩვენი ფირმა. მერე, როგორც ეტყობა, ინფორმატიკასაც წარადგენს, ინტეგრირებულ პროგრამებსაც და მათ ავ-კარგიანობაზე ისაუბრებს. ლექციების შინაარსზე, მეთოდოლოგიასა და ღმერთმა უწყის, კიდევ რაზე არ შეიძლება ილაპარაკოს. ასე, ნელ-ნელა შუადღის ყავის დროც მოვა. ქურთუკი გავიხადე და გარშემო ფურცლები შემოვიწყვე.
ოთახში თხუთმეტიოდე კაცია: მდივნები, საშუალო რგოლის მოსამსახურეები, მგონი ტექნიკოსებიც, რა ვიცი, ძალიან გვანან. ბოროტი ხალხი არ ჩანს, არც ინფორმატიკა აინტერესებთ მაინც და მაინც, თუმცა, სწორედ ინფორმატიკა შეცვლის მათ ყოფას (ეს ჩემთვის გავიფიქრე).
მყისვე გამოვიცანი, თუ საიდან გველის საფრთხე: აი, ის სათვალიანი ახალგაზრდა, აწოწილი, გამხდარი, ადგილზე რომ ვერ ისვენებს. ყველას ხედავს და არაფერი გამორჩება. “გველი” შევარქვი, თუმცა, როგორც შუადღის შესვენებისას აღმოჩნდა, გვარად შნობელი ყოფილა. ჯერ არარსებული საინფორმაციო სამსახურის მომავალი შეფია. უხარია. გვერდით ორმოცდაათიოდე წლის ჩაფსკვნილი ტიპი უზის, მოქუშული, წვერებიანი. ეტყობა, ყოფილი სამხედროა ან რაღაც ამდაგვარი. გამჭოლი მზერა აქვს, ინდოჩინეთი უნდა ჰქონდეს გამოვლილი და ისე მომშტერებია, გეგონება, მეკითხება, აქ რას მოეთრეოდიო. ეტყობა უფროსს, იმ გველს, ფიანდაზად ეგება. კიდეც ჩამოაგავს დოგს. აი, იმ ძაღლებს, კბილებს რომ ჩაგავლებენ და აღარ გეშვებიან.
სულ მალე გველმა თავი გამოიდო და ტისერანს გამოსაჭერი კითხვები დააყარა. ტისერანი რომ უვიცია, ამას დიდი მტკიცება არ უნდა, მაგრამ ეგეთები უნახავს?! პროფესიონალია. ადვილად იცილებს კითხვებს, სულაც უპასუხოდ ტოვებს, ან, ქვემოთ მოგახსენებთო, პირდება. ზოგჯერ ჩაურტყამს, ეს კითხვა ინფორმატიკის წარსულს უფრო ეხება, ახლა ამაზე აღარავინ ლაპარაკობსო.
შუადღისას გაბმულმა, ყურისწამღებმა ზარმა იზრიალა. შნობელი ჩვენსკენ გამოემართა: “ხომ არ გვესაუზმა”?.. შეპასუხებას არც ელოდა.
საუზმემდე რაღაც მაქვს მოსაგვარებელიო, ბოდიში მოგვიხადა. შეგვიძლია თან გავყვეთ “დაწესებულების გაცნობის” მიზნით. დერეფანში გაგვიყვანა; ერთგული მცველიც კუდში მოგვდევს. ტისერანი მიჩურჩულებს, მესამე რიგში მჯდარ ორ ფისუნიასთან ვარჩევდი მესაუზმაო. ეტყობა, დამსწრე მანდილოსნებიდან მსხვერპლს ადრევე დაადგა თვალი. თუმცა კი ველოდი, მაგრამ გულმა მაინც რეჩხი მიყო. შნობელის ოთახში ამოვყავით თავი. ერთგული მცველი ზღურბლზე შეყოვნდა, ნაბულზე შემდგარი ქოფაკივით. ასე გამოდის, გვდარაჯობს. ოთახი ფართოა, მეტისმეტად ფართო ახალგაზრდა მოსამსახურისთვის. მე მგონი, ოთახის სანახავად მოგვიყვანა; აბა, სხვა საქმე არც ქონია. ტელეფონთან იდგა და ყურმილზე თითებს ათამაშებდა. მაგიდის წინ მდგარ სავარძელში ჩავეშვი. ტისერანმაც მომბაძა. იმ ბრიყვმა დაგვიანებული თანხმობა მოგვცა: “დიახ, დიახ, დაბრძანდით”!.. წამიც და მდივანმა ქალმა შემოაღო მეორე ოთახში გამავალი კარი და კრძალვით მიუახლოვდა საწერ მაგიდას. ასაკს მიტანებული სათვალიანი ქალი იყო. გამოწვდილ ხელებში საქაღალდე ეკავა. აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული-მეთქი, გავიფიქრე.
შნობელი შთამბეჭდავად თამაშობს. სანამ პირველ ქაღალდს მოაწერს ხელს, დიდხანს, გულდასმით კითხულობს. ეს წინადადება სინტაქსურად გამართული ვერ არისო, ამბობს. მდივანი შეცბუნებულია: “გავასწორებ”… ეს კი დიდკაცური იერით პასუხობს: “არაფერია, ასეც ივარგებს”.
მეორე საბუთის ჯერი დგება, მერე მესამესი. იგივე, გულისგამაწვრილებელი ცერემონიალი. მომშივდა. ვდგები და კედელზე გამოფენილ სურათებს ვათვალიერებ. მოყვარულის გადაღებული ფოტოებია, ჩარჩოში ლამაზად ჩასმული. გეიზერები, ყინულის ლოლუები და სხვა ამგვარი. ეტყობა, ისლანდიაში მოგზაურობისას გადაიღო. მაგრამ ფილტრები ვერ მოურგია, სურათები ბუნდოვანია და ძნელად თუ გაარჩევ რამეს. როგორც ამბობენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
სურათებით დაინტერესება რომ შემატყო, მომიახლოვდა:
- ისლანდიაა… მოგწონთ?
- ჰმ, – გავეპასუხე.
როგორც იქნა, გვეღირსა საუზმე. შნობელი წინ მიგვიძღვის, გზადაგზა ოთახების განლაგებას და “სივრცის განაწილებას” გვიხსნის, თითქოსდა, მისი საკუთრება იყოს. დროდადრო, მოსახვევებში ხელს ჩემსკენ იწვდის, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ მეხება. სწრაფი სიარული ცოდნია და ტისერანი თავისი პაწია ნაბიჯებით ვერ ეწევა, მესმის, როგორ ქლოშინებს. ერთგული მცველი უკან მოგვყვება, ზურგს იცავს.
საუზმე გაიწელა. თავდაპირველად, ყველაფერი რიგზეა, შნობელი საკუთარ თავზე ლაპარაკობს. კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ 25 წლის ასაკში უკვე განყოფილების გამგეა, ყოველ შემთხვევაში, ბევრი არაფერი უკლია. ცივ საუზმესა და პირველ კერძს შორის სამჯერ გაიმეორა, 25 წლის ვარო.
მერე ჩვენ გვკითხა, რა დაამთავრეთო, საკუთარი უპირატესობა რომ დაემტკიცებინა (თვითონ ი. გ. რ. ფ.-ში უსწავლია და კიდეც ამაყობს ამით), არ ვიცი, არს ნიშნავს ი. გ. რ. ფ.
მოგვიანებით გავიგე, ი. გ. რ. ფ.-ში სოფლის მეურნეობის მაღალ მოხელეებს ამზადებენ თურმე (უმაღლესი ადმინისტრაციული სკოლის მსგავსია, თუმცა, ცოტათი ჩამორჩება). ტისერანის პასუხი შნობელის პატივმოყვარეობას სალბუნად ედება. ბასტიაში დაუმთავრებია უმაღლესი კომერციული სკოლა ან რაღაც ამის მსგავსი; გინდ დაიჯერე, გინდ არა, მე ხორცს ვღეჭავ და შნობელის კითხვას ყურს გარეთ ვტოვებ. ერთგული მცველი დაჟინებით მომჩერებია: “თქვენ გეკითხებიან”! თვალებს ვარიდებ. ჩემს მაგივრად ტისერანი პასუხობს და მართვის ინჟინრად წარმადგენს. მეც, პოზიციების გასამაგრებლად, რაღაცას ვჩმახავ, კომუნიკაციის სკანდინავიური სისტემის თაობაზე. შნობელი სკამზე იკუნტება მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მე კი ტკბილეულის მოსატანად მივდივარ.
მთელი ნაშუადღევი კომპიუტერზე პრაქტიკულ მეცადინეობას შევალიეთ. ჩემი ჯერიც დადგა: სანამ ტისერანი ენას ალაქლაქებს, რიგებს შორის დავდივარ და ვამოწმებ, გაიგეს თუ არა ჩემმა მსმენელებმა მიცემული სავარჯიშოები. ყველაფერი რიგზეა. ასეც უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს ამის მეტი რა ვიცი?!
განსაკუთრებით ორმა კოკროჭინა გოგომ გამოიდო თავი. წამდაუწუმ მეძახიან. მდივნები არიან და როგორც ჩანს, პირველად უზიან კომპიუტერს. დაფეთებულნი ჩანან, და არც თუ უსაფუძვლოდ. მაგრამ, რაწამს ვუახლოვდები, ტისერანი სიტყვას შუაზე წყვეტს და გვერდით ამეტუზება. ვატყობ, ამ ორიდან ერთს უფრო უჟუჟუნებს თვალებს; მართლაც კარგი რამე გოგოა, რძეს ფსამსო, რომ იტყვიან, ისეთი. არშიებით გაწყობილი ლიფის ქვეშ, ძუძუები მძიმე-მძიმედ ირხევა. მაგრამ, ვერ მოგართვეს, ტისერანის დანახვაზე გოგო კოპებს კრავს და უნებურად უსიამო, ლამის ზიზღნარევ გამომეტყველებას იღებს. ტისერანის ბედიც ეგაა!
5 საათზე ზარი ირეკება. მოწაფეები ნივთებს აგროვებენ და წასასვლელად ემზადებიან. ამასობაში შნობელი გვიახლოვდება. გველს გესლს რა გამოულევს! განზე გამიხმო: “ერთი საკითხია, სწორედ თქვენისთანა, სისტემებში გაწაფული კაცი თუ გაარკვევს”… მერე მიაყოლა: “აუცილებელია თუ არა დენის სტაბილიზატორის ყიდვა? ყველას არ დაეჯერება”. მინდა ვუთხრა, რომ მეც არაფერი გამეგება ამ საქმისა, მაგრამ ტისერანი, ეტყობა, ფორმაშია, სიტყვას პირიდან მგლეჯს: ეს-ეს არის ახალი სამეცნიერო შრომა დაიბეჭდაო, თამამად აცხადებს. დასკვნა ეჭვს არ იწვევს: რაღაც სამ წელიწადში ხელსაწყო გაწეულ ხარჯებს დაფარავსო. სამწუხაროდ, ის ნაშრომი თან არა აქვს, ამონარიდებიც არ წამოუღია. პარიზში დაბრუნებისთანავე, ფოტოასლს გამოუგზავნის.
უზადოდ გაითამაშა. გაწბილებული შნობელი უკან იხევს, საქმე იქამდეც მივიდა, საღამო მშვიდობისა გვისურვა.
საღამოს რაც შეეხება, ჯერ სასტუმრო უნდა მოვძებნოთ. ტისერანის დაჟინებული მოთხოვნით, “არმ კოშუაზში” ვჩერდებით. კარგი სასტუმროა, თანაც ძვირი. მერედა რა? ფულს ხომ ფირმა იხდის?
ტისერანს აპერიტივის დროც დაუდგა. აბა, სხვაგვარად ვის გაუგია?! კაფეში ვიღაც ორი გოგოს მეზობლად შეარჩია მაგიდა. ტისერანი ჯდება, გოგოები დგებიან. ზუსტად გათვლილი მოძრაობებია. აფერუმ, გოგოებო!
იმედგაცრუებული ტისერანი მშრალ მარტინის უკვეთავს, მე ლუდზეც თანახმა ვარ. ვგრძნობ, რომ ვნერვიულობ, ვეწევი, სიგარეტს სიგარეტზე ვქაჩავ.
ტისერანი მეუბნება, ტანვარჯიშის კლუბში ჩავეწერე, ზედმეტი წონის დასაკლებადო. “გოგოების გამოჭერაც შეიძლება”. გადასარევია, სხვა რა მეთქმის.
ვატყობ, სულ უფრო და უფრო მეტს ვეწევი. დღეში ოთხ კოლოფს ვათავებ. ჩემი პიროვნული თავისუფლების ჭეშმარიტი გამოხატულება მოწევა გახდა, ერთადერთი ქმედება, რომელშიც მთელი არსებით ვარ ჩაფლული, ერთადეღთი ცხოვრებისეული არჩევანი.
ტისერანი საყვარელ თემას უბრუნდება: “ჩვენ ინფორმატიკოსები ვართ”. ეტყობა, მაღალ ხელფასს, პროფესიულ ღირსებას და სამუშაო ადგილის ადვილად გამოცვლის შესაძლებლობას გულისხმობს. თუ კი ასეა, არ ტყუის. მართლაც, რომ მეფეები ვართ.
ტისერანი თავისას ახურებს, მე კი “ქემელის” მეხუთე კოლოფს ვხსნი. მარტინი ბოლომდე გამოწრუპა. ახლა სასტუმროში დაბრუნება სურს, სადილისთვის უნდა გამოიპრანჭოს. კარგი, ბატონო, წავიდეთ!
ჰოლში ველოდები და ტელევიზორს ვუყურებ. სტუდენტურ გამოსვლებზე ლაპარაკობენ: პარიზის ქუჩაში 300.000 მომიტინგე გამოსულა. მშვიდობიანი, შეიძლება ითქვას, საზეიმო სვლა იყო. ჰოდა, როგორც ასეთ დროს ხდება, საქმე ცუდად შეტრიალდა; ერთ სტუდენტს თვალი ამოთხარეს, პოლიციელს ხელი წააგლიჯეს და ა. შ.
მეორე დღეს, პარიზში “პოლიციის სისასტიკის” წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა გაიმართა. მანიფესტაციამ “სულისშემძვრელად” ღირსეულ ატმოსფეროში ჩაიარაო, ხაზგასმით აღნიშნა დიქტორმა. აშკარაა, სტუდენტებს თანაუგრძნობს. ყელში ამომივიდა ამდენი ღირსება. სხვა არხზე გადავრთე და სექსუალურ კლიპს გადავეყარე. ტელევიზორი გავთიშე.
ტისერანიც მოვიდა. ისეთი რაღაც ჩაუცვამს, გეგონება, საღამოს გარბენისთვის ემზადებაო; შავი, ბრჭყვიალა, ჭია-მაიას მაგონებს. აბა, ჰე, გავუტიეთ!
“ფლუნშის” რესტორანში წავიდეთ-მეთქი. შემწვარი კარტოფილი მაიონეზით (მაიონეზი ქოთნით მოაქვთ, ჭამე, სანამ არ მოგბეზრდება). მე ცოტა მაიონეზს ვასხამ კარტოფილს და ლუდს ვაყოლებ. ტისერანმა ჯიქურ შეუკვეთა “სამეფო კუსკუსი” და ერთი ბოთლი “სიდი ბრაიმი”. ორი ჭიქის მერე, მიმტან ქალებს და მაგიდასთან მსხდომ ქალბატოენბს დაუწყო თვალის პაჭუნი. საწყალი ბიჭი… საწყალი, საწყალი ბიჭი… კარგად მესმის, რატომაც ევასება ჩემს გვერდით ყოფნა: საყვარლებზე კრინტს არ ვძრავ და არც საგმირო საქმეებით ვიწონებ თავს. დარწმუნებულია (სხვათა შორის, არც ცდება), რომ რაღაც მიზეზების გამო სექსისგან შორს ვდგავარ. წამების გზაზე მდგარი ტისერანისთვის ესეც შეღავათია. მახსოვს, ერთხელ, მძიმე სცენას შევესწარი: ეს იმ დღეს იყო, როცა ტისერანი ფირმაში ახლახან მოსულ თომასენს წარუდგინეს. თომასენი შვედია, მაღალი (ორ მეტრს აცილებს, თუ არ ვცდები), აღნაგი, არაჩვეულებრივად ლამაზი სახე აქვს, მზიური ღიმილით განათებული. ნაღდი კაცია, ნახევრად ღმერთი.
თომასენმა ჯერ მე ჩამომართვა ხელი, შემდეგ ტისერანს მიუბრუნდა. ტისერანი ფეხზე წამოდგა და მყისვე იაზრა, რომ თომასენი ორმოცი სანტიმეტრით მაინც მასზე მაღალი იყო. სკამზე ჩაიკეცა, სახე წამოუჭარხლდა, ვიფიქრე, ყელში ეცემა-მეთქი. საშინელება იყო!
მოგვიანებით, თომასენთან ერთად პროვინციებში ვიმგზავრე. ისევ და ისევ ლექციები და გადამზადება. ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ხშირად შემიმჩნევია, გამორჩეულად ლამაზი ადამიანები თავაზიანნი და მორიდებულნი არიან. განსაკუთრებით მამაკაცებთან დამეგობრება უძნელდებათ. სულ იმსს ცდილობენ, როგორმე, ცოტათი მაინც დაგავიწყონ საკუთარი უპირატესობა. მადლობა ღმერთს, ტისერანს ერთხელაც არ ეღირსა თომასენთან ერთად გამგზავრება. ვიცი, როცა გადამზადების ციკლი მზადდება, ტისერანი ამაზე ფიქრში ღამეებს ათენებს.
სადილის შემდეგ სადმე, “სიმპათიურ კაფეში” ჭიქის დალევა მოისურვა. ზუსტად მოარტყა: კაფე ერთი დიდი თაღოვანი სარდაფი აღმოჩნდა, ძველისძველი ძგიდეებით გამაგრებული. სიყალბისა არაფერი ეტყობოდა. აქა-იქ სანთლებით გაწყობილი, მომცრო მაგიდები. შუაში, უზარმაზარი ბუხარი გუგუნებს, გემოვნებიანი იმპროვიზაცია, სანდომიანი უწესრიგობა…
დავჯექით. წყალგარეული ვისკი შეუკვეთა. მე ისევ ლუდს ვაწვები. თვალებს ვაცეცებ და ვრწმუნდები, რომ ასეც უნდა იყოს, ჩემს გასაცოდავებულ თანამგზავრს გზის ბოლოს სწორედ აქ უნდა ჩაემუხლა. სტუდენტური კაფეა: მხიარულება, სიცილ-კისკისი. მაგიდებს გოგონები უსხედან. ზოგი მარტო მოსულა.
ტისერანს ვუყურებ, ისე, ვითომ არაფერი. კაფეში გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეღლაბუცებიან. ქალები მოხდენილი მოძრაობით თმებს ისწორებენ, ფეხს ფეხზე შემოიდებენ და ერთი სული აქვთ, სანამ სიცილით გადაბჟირდებიან. ჰოდა, ეს წუთიც დგება. აი, ახლა უნდა იმარჯვო და გამოიჭირო, სწორედ ახლა და სწორედ აქ. ამაზე კარგ ადგილს სად ნახავ!
ტისერანი თვალებს წევს და სათვალეებიდან მაშტერდება. ვხედავ,რომ იბრიდება, ჩაისვარა, ძალიანაც უნდა, რაღაც იღონოს, მაგრამ უიმედობამ დარია ხელი. მიყურებს და სახე უცახცახებს, სასმელის ბრალია. კარგა ბლომად ღვინო დალია სადილზე. სულელი, ვინ აძალებდა? მეშინია, არ აქვითინდეს და საკუთარ უბედურებაზე წუწუნს არ მოჰყვეს. რაღაც ამისნაირს აპირებს… სათვალის მინები ცრემლებმა დაუორთქლა…
ეგ არაფერი, მზად ვარ ვუთანაგრძნო, მოვუსმინო, თუ საჭირო გახდა, ზურგზე ავიკიდებ და სასტუმროშიც მივათრევ. მაგრამ, ერთიც ვიცი, გამოფხიზლდება და დაიბოღმება.
გავიტრუნე, ველი, რა მოხდება. სათქმელიც არაფერი მაქვს. გაურკვევლობის წუთი დასრულდა და ქარიშხალმაც გადაიარა. მისავათებული, განაზებული ხმიტ მეუბნება: ჯობს დავბრუნდეთ. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ”.
ნება შენია, წავედით! ჭიქები დავცალეთ და გზას გავუდექით. ბოლო სიგარეტს ვუკიდებ და ტისერანს ვუყურებ. ყურებჩამოყრილი ელოდება, როდის გავისტუმრებ დანახარჯს და ლასლასით მომყვება კარებისკენ. წელში მოხრილი მოჩანჩალებს. დარცხვენილია, თავი ეზიზღება და ურჩევნია, მიწა გაუსკდეს ფეხქვეშ.
სასტუმროსკენ მივდივართ. ცრის. ესეც ასე, პირველი დღე რუანში დასრულდა. დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეებიც ზუსტად ასეთი იქნება.
2
ყოველი დღე ახალი დღეა
დღეს, “Nouvelles Galeries”-ში ერთი ტიპის სიკვდილს შევესწარი. დიდი არაფერი, ჩვეულებრივი, უბრალო სიკვდილი იყო, აი, ისეთი, პატრიცია ჰაისმიტის რომანებში რომ წაგვიკითხავს (ცხოვრებას, საერთოდ, ახასიათებს უბრალოება და სისასტიკე, ჰაისმითიც ამაზე წერს).
საქმე ასე იყო: თვითმომსახურების განყოფილებაში შევდგი თუ არა ფეხი, იატაკზე გაშხლართულ კაცს ვკიდე თვალი. სახე ვერ გავარჩიე (მოლარეების გადალაპარაკებიდან შევიტყვე, ორმოცი წლის იქნებოდა). რამდენიმე მყიდველი თავს დასტრიალებდა. წამით შევყოვნდი, მერე, ცნობისწადილს რომ არ დავეძლიე, ფეხს ავუჩქარე. საღამოს 6 საათი იქნებოდა.
ცოტა რამ ვიყიდე: ყველი და პური, სასტუმროში წასახემსებლად (გადავწყვიტე, ამ საღამოს ტისერანს გავრიდებოდი და დამესვენა). ღვინის ბოთლებთან შევჩერდი. რა გინდა, სულო და გულო! ერთი ეს არის, ოთახში საცობის საძრობი არ მაქვს. სხვათა შორის, ღვინოსაც არ ვეტანები. რაღა რჩებოდა, ისევ “ტუბორგის” პატარა ყუთს წავეტანე.
სალაროსთან მოლარე ერთ წყვილს ელაპარაკებოდა, რომელიც მომაკვდავის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო სტადიაზე მაინც. ქალი ფერწასული იყო. ამბობდა, გულ-მკერდის მასაჟი უნდა გაეკეთებინათ, შეიძლება გადარჩენილიყოო. მე ამის არაფერი მესმის, მაგრამ, თუ ასეა, რამ შეუშალა ხელი? ამ ხალხის ვერაფერი გამიგია.
ერთი, რაც ნაღდად ვიცი, ის არის, რომ შეგიძლია ადვილად გადახვიდე სიცოცხლიდან სიკვდილში, ან არ გადახვიდე. გარკვეულ ვითარებაში, რა თქმა უნდა.
ღირსეული სიკვდილი არ ეთქმოდა – ამდენი ხალხი, მისვლა-მოსვლა, გორგოლაჭიანი ურიკები (მყიდველების შემოსევის დრო იყო). რაღა დიდი მაღაზია და რაღა ცირკი. დარბაზებში სარეკლამო მუსიკა იღვრებოდა (შეიძლება, იმის შემდეგ სიმღერა შეიცვალა). მისამღერიც მახსოვს: “ახალი გალერეები” დღეეეეს… ყოველი დღე, ახალი დღეაააა…”
როცა გამოვედი, მკვდარი ისევ იქ იყო. გვამი საფენებში გახვიეს, უფრო ზუსტად, ფართო საბნებში და მჭიდროდ გათოკეს. კაცი კი არა ამანათი ეთქმოდა, უსულო და უძრავი. ახლა იმაზე ბჭობდნენ, როგორ გადაეყვანათ მორგში. ერთი თავსატეხიც ეგ არის! შვიდის 20 წუთი იყო.
3
ძველი ბაზრის მოედნის თამაშობანი
არც კი ვიცი, შაბათ-კვირა რუანში დარჩენა რამ გადამაწყვეტინა. ტისერანი გაოცებას ვერ ფარავს. ქალაქის დათვალიერება მსურს, თანაც პარიზში არავითარი საქმე არ მაქვს-მეთქი, ავუხსენი. ისე კი, ჭირსაც წაუღია ეს ქალაქი.
თუმცა, შუა საუკუნეების ნაკვალევი ჭარბად შემორჩენილა. ძველი სახლების ხიბლს აღარ იკითხავთ? ხუთი თუ ექვსი საუკუნის წინ, რუანი საფრანგეთის ულამაზესი ქალაქი იყო, ახლა, ყველაფერი დრომ წალეკა. ჭუჭყი, სიბინძურე, მზრუნველი ხელი აკლია, მანქანების გამონაბოლქვი, ხმაური და მოწამლული ჰაერი.
მერის სახელი არ ვიცი, მაგრამ, საკმარისია, ძველ უბნებში შეიხედო, და წამსვე იაზრებ, რომ სულ მთლად უვიცია, ან კარგა მაგრად კორუმპირებული.
უსაქმური ყმაწვილები აღმა-დაღმა დააქროლებენ მოტოციკლეტებს და იქაურობას აყრუებენ. სიღატაკის პირას მისული გარეუბნებიდან მოდიან, ერთი მიზანი ამოძრავებთ: რაც შეიძლება ხმამაღლა ააღრიალონ ძრავა, ისე, რომ პატიოსან მოქალაქეს გული გაუსკდეს. აღწევენ კიდეც მიზანს.
ორ საათზე სასტუმროდან გამოვდივარ და, უნებურად, გეზს ძველი მოედნისკენ ვიღებ. საკმაოდ ვრცელი მოედანია, კაფეებით, რესტორნებით და მდიდრული მაღაზიებით შემოჯარული. სწორედ აქ არკი, 500 წლის წინ. ამ მოვლენის აღსანიშნავად, დაწვეს კოცონზე ჯანა დ რაღაც უაზრო ბეტონის ფილები აღუმართავთ, სანახევროდ მიწაში ჩაფლული. ახლოს რომ მიხვალ, მიხვდები, რომ ეკლესიაა. ირგვლივ გაზონები, ყვავილები და დამრეცი, პატარა მოედნებია, ეტყობა, სკაიტბორდისთვის, ან იქნებ ხეიბრებისთვის. დანამდვილებით ვერ იტყვი. მოედანი გადატვირთულია: შუაგულში მაღაზიებია, ზემოდან ბეტონით გადახურული, ავტობუსების გაჩერება გეგონება.
ბეტონის ფილაზე ვჯდები და ვცდილობ, აზრზე მოვიდე. როგორც ჩანს, მოედანი ქალაქის გულის გულია, მისი ღერძია. მინდა გავიგო, რა ხდება აქ.
ვამჩნევ, ადამიანები ჯგროდ დადიან, ან ორნი თუ ექვსნი ერთად. ერთი ჯგუფი მეორეს არაფრით ჰგავს, არა, ერთმანეთის მსგავსნი არიან, მაგრამ იგივეობას ვერ დააბრალებ. თითქოსდა ცდილობენ, წარმოაჩინონ ანტაგონიზმი, რომელიც მუდამ თან ახლავს სხვებისგან გამორჩევის წადილს, ამიტომაც, განსხვავებულად იცვამენ, სხვანაირად დადიან, სხვანაირად ჯგუფდებიან.
იმასაც ვამჩნევ, რომ ყველა კმაყოფილია საკუთარი თავით და სამყაროთი. საოცარია, ცოტა შიშისმომგვრელიც. დინჯად მიდი-მოდიან, ზოგს ცბიერი ღიმილი შეყინვია სახეზე, ზოგსაც გამოთაყვანებული იერი დაკრავს. ახალგაზრდები ველური ჰარდ-როკის მომღერლებივით არიან გამოწყობილი. რას არ წაიკითხავ ტყაპუჭებზე: “kill them all!” ან “tusk and destroy” . მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ დიდებულ დროს ატარებენ და მათ ყოფიერებას საფრთხე არ ემუქრება.
უცხოობის გრძნობა მეუფლება, თუმცა მიზეზი ვერ ამიხსნია.
ამდენმა თვალთვალმა დამღალა და კაფეს შევაფარე თავი. ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო. მაგიდებს შორის ვეებერთელა გერმანული ნაგაზი დააბოტებს, აღნაგობით თანამოძმეთაგან ერთობ გამორჩეული. თითოეული სტუმრის წინ ჩერდება, თითქოს ჭოჭმანობს, ღირს თუ არა კოჭებში ვეცეო.
ჩემგან ათიოდე მეტრის მოშორებით ქალიშვილი ქაფიან შოკოლადს მიირთმევს. ის პირუტყვი წინ აეყუდა, ჭიქაში დრუნჩს ყოფს, სუნავს, ცოტაც და ერთი მოსმით დაცლის. ვატყობ, გოგო შიშმა აიტაცა, ვდგები, მზად ვარ თავი გავწირო, თანაც ასეთ ცხოველებს ვერ ვიტან. მაგრამ ძაღლი შემოვლას აგრძელებს…
ვიწრო ქუჩებში დავბორიალობ. შემთხვევით, სენ-მაკლუს ეკლესიასთან ამოვყავი თავი. დიდებული ფართო ოთხკუთხედი ეზო, გარშემო კი _ შავი ხის გოთური ქანდაკებები. ეკლესიიდან საქორწინო ამალა გამოდის. ძველი ყაიდის ქორწინებაა: ნაცრისფერი კოსტუმი, თეთრი კაბა ფლორდორანჟით, პატარძლის მოწმეები… სკამზე ვიჯექი, ეკლესიის კიბის სიახლვეს.
ახალდაქორწინებულნი საკმაოდ ასაკოვანნი ჩანდნენ. შეძლებული გლეხის იერის მწითური, მსუქანი კაცი; ქალი ცოტა მასზე მაღალი, დაკუთხული სახით, სათვალიანი. ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ პროცესია სასაცილო შთაბეჭდილებას ტოვებდა. რამდენიმე ახალგაზრდა, ეკლესიის წინ ჩავლისას, სიცილისაგან ჩაბჟირდა. ეტყობა, ნეფე-დედოფალზე წაიქილიკეს.
რამდენიმე წუთი მიუკერძოებელი დამკვირვებლის თვალით ვაფასებდი სცენას. მერე რაღაც უსიამო განცდა მომეძალა. ავდექი და იმ ადგილს გავცილდი. ორი საათის შემდეგ, შეღამებულზე, სასტუმროდან გამოვედი. პიცა შევჭამე ფეხზე მდგარმა, მარტომ, რომელიღაც ჩაბნელებულ, ცარიელ სასადილოში. მეტს არც იმსახურებდა, ცომს ჩალის გემო ჰქონდა. თეთრი ქაშანურის ფილები, ნათურების ნაცრისფერი შუქი; თავი საოპერაციოში გეგონებოდა.
მერე პორნოფილმი ვნახე, ზუსტად ამისთვის განკუთვნილ კინოთეატრში. დარბაზი სანახევროდ სავსე იყო, რაც უკვე დიდი მიღწევაა. რა თქმა უნდა, პენსიონერები და ემიგრანტები; ისე, რამდენიმე წყვილიც შემოეხეტა.
ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ მაყურებლები, ერთი შეხედვით ყოვლად უმიზეზოდ, ადგილებს იცვლიდნენ. რა ხდება-მეთქი და მეც მოვინაცვლე ადგილი ვიღაც ტიპთან ერთად. სინამდვილეში, დიდი არაფერი: ყოველი ახალი წყვილის შემოსვლაზე, რამდენიმე მამაკაცი გვერდით უჯდება და მყისვე მასტურბაციას იწყებს იმ იმედით, შეიძლება ქალმა მოწყალე თვალით გადმოხედოს გაბრიქინებულ ასოსო.
ცოტა ხანი კიდევ დავყავი კინოში, მერე რუანი გადავკვეთე და სადგურში მივედი. მოსაცდელ დარბაზში მათხოვრები დაბორიალობდნენ, და, აქაოდა მაგრები ვართო, თვალებს აკვესებდნენ. მათთვის არ მეცალა, პარიზისკენ მიმავალი მატარებლების განრიგს მივადექი.
მეორე დღეს, სისხამ დილით ავდექი და პირველსავე მატარებელს მივუსწარი. ბილეთი ვიყიდე, დაველოდე და… უკან გამოვბრუნდი. რატომ? არ ვიცი. ძალიანაც ცუდი!
4
საღამოს ავად გავხდი. სადილის შემდეგ ტისერანმა ღამის კლუბში წასვლა ისურვა. მე უარი ვუთხარი. მხარი მტეხდა და ტანშიც ჟრუანტელი მივლიდა. სასტუმროში დავბრუნდი და შევეცადე დამეძინა, მაგრამ ნურას უკაცრავად: დავწექი თუ არა, ქლოშინი ამიტყდა. რა მექნა, ლოგინზე წმაოვჯექი. ოთახის შპალერი გულს მირევდა.
ერთი საათი გავიდა და ახლა უკვე წამომდგარსაც მიჭირდა სუნთქვა. პირსაბანთან მივედი. სახეზე მკვდრის ფერი მედო. ტკივილი ნელა დაიძრა მხრიდან გულისკენ. მაშინ კი ვიფიქრე, ვერ არის კარგად ჩემი საქმე-მეთქი. ეტყობა, ამ ბოლო დროს ბევრს ვეწევი. ნახევარი საათი ხელსბანზე ვიყავი დაყუდებული; ტკივილი ძლიერდებოდა და ტალღასავით მასკდებოდა. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ გარეთ გამოვსულიყავი და საავადმყოფოში წავთრეულიყავი.
ღამის პირველი საათი იქნებოდა, კარი გამოვიჯახუნე და ქუჩაში გამოვედი. ახლა უკვე აშკარად ვგრძნობდი, რომ ტკივილმა გულამდე მიაღწია. ყველა ამოსუნთქვა აუტანელ ტკივილს იწვევდა, ყელიდან ყრუ სტვენა ამომდიოდა. ფეხებს ძლივს მივათრევდი, პატარ-პატარა, ასე, ოცდაათ სანტიმეტრიან ნაბიჯებს ვადგამდი. ხშირად ვჩერდებოდი და წონასწორობის დასაცავად მანქანებს ვეყრდნობოდი.
ცოტა ხანი “პეჟო 104″-თან შევისვენე, მერე სასტუმროში მიმავალ ქუჩას შევუყევი, მეგონა ხალხმრავალ გზაჯვარედინამდე მიმიყვანდა. 500 მეტრის გავლას ნახევარი საათი მოვანდომე. ტკივილი აღარ იმატებდა და ძველ დონეზე რჩებოდა, მაგრამ ჩემთვის ამის ატანაც საშინელება იყო. აი, სუნთქვა კი სულ უფრო და უფრო მეძნელებოდა და სწორედ ეს იყო, რომ მაშინდებდა. ვიფიქრე, თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე საათში ჩავძაღლდები-მეთქი.
ეს უცაბედი სიკვდილი უსამართლობად მეჩვენებოდა. ჩემზე ვერვინ იტყვის, საკუთარი სიცოცხლე გაფლანგაო. ჰო, რა თქმა უნდა, ეს ბოლო წლებია, საქმე ცუდად წამივიდა, მაგრამ ღირდა კი ამისთვის ექსპერიმენტის შეწყვეტა? პირიქით, საფიქრალი იყო, რომ ბედი მოწყალე თვალით გადმომხედავდა. ეჰ, რაც გინდა თქვი, და ყველაფერი ისე არ არის აწყობილი, როგორც უნდა იყოს. გარდა ამისა, არც ეს ქალაქი მომწონდა, აქაურებიც არაფრად მეპიტნავებოდნენ. სიკვდილი რომ არ მსურდა, გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით რუანში არ მინდოდა ამომხდომოდა სული. საშინელებაა, მოკვდე რუანში და რუანელები გეხვიოს თავს. სიცხიანი კაცის ბოდვა თუ იყო, მაგრამ თავს ვუმეორებდი, რომ ჩემი სიკვდლი მეტისმეტი პატივი იქნებოდა ამ ვირიშვილი რუანელებისთვის.
ახალგაზრდა წყვილი მახსენდება. მათ მანქანას შუქნიშანთან წამოვეწიე. ღამის კლუბიდან ეს-ეს არის გამოსულებს გვანდნენ. საავადმყოფოს გზა მიმასწავლეთ-მეთქი. ქალიშვილი მოკლედ მიხსნის, გაღიზიანებული ჩანს. მერე სიჩუმე ჩამოვარდა. ენას ძლივს ვაბრუნებ, ფეხზე დგომაც მიჭირს. ნაღდია, საავადმყოფომდე ვერ მივაღწევ. თვალებში მივშტერებივან მექანიკურად, თანაგრძნობას ვითხოვ და ასე მგონია, ვერც კი ხვდებიან, რა დღეში ვარ. მერე მწვანე შუქიც აინთო და ბიჭმა მანქანა დაძრა. ერთი მაცოდინა, აუხსნეს კი ერთმანეთს საკუთარი უგულობა? არა მგონია.
ბოლოს და ბოლოს, მოულოდნელად, ტაქსიც გამოჩნდა. თავს ვიკატუნებ, არაფერს ვიმჩნევ და მძღოლს ვთხოვ, საავამდყოფოში წამიყვანოს. ვერ მოგართვეს! ცოტაც და მძღოლი უარს მტკიცებს. ერთი საწყალი ტიპია, თუმცა იმას მაინც ახერხებს, რომ მთხოვოს მანქანის საჯდომი არ დავსვარო. გამიგია, ორსულ ქალებსაც, მშობიარობისას სწორედ ასე ემართებათ. და თუ მძღოლი კამბოჯელი არ არის, მელოგინეს საავადმყოფოში ტაქსით არ წაიყვანს იმის შიშით, რომ ნაყოფს მოყოლილი წყალი უკანა საჯდომს ჭუჭყის ნიაღვრად დაედინება.
მერე მიდი და ხეხე!
მართალი რომ გითხრათ, საავადმყოფოში საჭირო ფურცლები სწრაფად შეავსეს. ექიმის თანაშემწემ გულითადად მიპატრონა. ყოველივე ზედმიწევნით გამოიკვილია. ეტყობა, იმის ფიქრშია, ამ ერთ საათში ხელში არ შევაკვდე!
გამსინჯა, მერე მითხრა, რომ პერიკარდიტი მქონდა და არა ინფარქტი, როგორც ადრე ეგონა. პირველი სიმპტომები ზუსტად ემთხვეოდა. ინფარქტისგან გასხვავებით, რომელიც, ხშირად საბედისწეროდ მთავრდება, პერიკარდიტი უვნებელი ავადმყოფობაა და სიკვდილი გამორიცხულია. “ეტყობა, შეგეშინდათ”, მითხრა ექიმმა. მეც, ბევრი რომ არ გამეგრძელებინა, კვერი დავუკარი, თუმცა, სულაც არ შემშინებია, ეს იყო, რომ ვფიქრობდი, რამდენიმე წუთში ფეხებს გავფშიკავ-მეთქი. ეს კი სულ სხვა რამაა.
მერე სასწრაფო დახმარების ოთახში გადამიყვანეს. ლოგინზე ვზივარ და ვკვნესი. ცოტა მაინც წამეშველება-მეთქი, ვფიქრობ. თანაც ოთახში მარტო ვარ და მოსარიდებელიც არაფერია. ხანდახან ექთანი თუ შემოყოფს ცხვირს, დარწმუნდება, რომ ისევ იმ ხმაზე ვოხრავ და კარს გაიხურავს.
თენდება, მეზობელ საწოლზე ვიღაც ლოთი მოაყუჩეს. მე ჩემთვის ვკვნესი ჩუმად, ზომიერად.
რვა საათზე ექიმი შემოდის, რათა მაცნობოს, რომ კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადავყავარ და რომ ტკივილის გამაყუჩებელი ნემსი უნდა გამიკეთოს. ამაზე ადრევე უნდა ეფიქრათ. ნემსმა მყისვე მიმაძინა.
თვალებს რომ ვახელ, ტისერანი სასთუმალთან მიზის. შეშლილი სახე აქვს, თუმცა, ჩემი ნახვა ძალიან უხარია. ასეთი მზრუნველობის შემყურე, მეც ვღელავ. სასტუმროში რომ ვერ მანხა, შიშმა აიტანა და ტელეფონს ეცა. ვისთან არ დარეკა: სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, პოლიციის დეპარტამენტში, და ბოლოს, პარიზსაც მიწვდა. ჯერაც გონზე ვერ მოსულა, თუმცა, რა გასაკვირია, სახეზე კაცის ფერი არ მადევს, მერე კიდევ, ეს წვეთოვანის ნემსები მაქვს გაჩხირული. პერიკარდიტია, დიდი არც არაფერი, ორ კვირაში ფეხზე წამოვდგები-მეთქი, ვამშვიდებ. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექთანს აყრის კითხვებს, იმან კი, აბა რა უნდა უთხრას, არაფრის აზრზე არ არის. ექიმის ნახვას ითხოვს, განყოფილების გამგეც მოიკითხა, სულერთია, ვინ იქნება… როგორც იქნა, ექიმის თანაშემწემ სასურველი პასუხი გასცა და დაამშვიდა.
ტისერანი ოთახში შემობრუნდა. პირობას მაძლევს, რომ თვითონ მომხედავს და პარიზშიც შეატყობინებს. ერთი სიტყვით, ყველაფერს თავად მოუვლის. რამე ხომ არ გჭირდებაო, მეკითხება. არა, ჯერ არაფერი. მერე გულთბილი, გამამხნევებელი ღიმილით მემშვიდობება და მიდის. მე წამსვე ვიძინებ.
5
“ეს ჩემი შვილები არიან, ეს განძიც ჩემია, ამას ამბობს ჭკუასგადაცდენილი და წუხს. მართლაც, ადამიანი ხომ საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მაშ, საიდან ეს შვილები, საიდან ეს განძი?”
დჰამაპადა.
საავადმყოფოს ადვილად ეჩვევა კაცი. მთელი კვირა საკმაოდ ცუდად ვიყავ, განძრევის თავიც არ მქონდა, ლაპარაკიც მიჭირდა, მაგრამ ვხედავდი, როგორ ირეოდა ჩემს გარშემო ხალხი, საუბრობდნენ, საკუთარ სნეულებებზე ლაპარაკობდნენ სხაპასხუპით, განსაკუთრებული ყურადღებით და, წარმოიდგინეთ, რაღაცნაირი სიამოვნებითაც, რომელიც ესოდენ აღიზიანებს ჯანმრთელ ადამიანს. ახლობლის მოსანახულებლად მოსულ ოჯახებსაც ვხედავდი. სიმართლე თუ გინდათ, არც არავინ წუწუნებდა. საკუთარი ბედით კმაყოფილი კაცის გაომეტყველება ჰქონდათ. თუმცა, ვერ იტყოდი, მთლად ჩვეულ გარემოში არიან და არც რამ საფრთხე ემუქრებათო. სხვა თუ არაფერი, კარდიოლოგიური განყოფილება ბევრისთვის სიკვდილის მომასწავებელია.
ერთი 55 წლის მუშა მახსენდება, ექვსი დღის წინ მოიყვანეს. ყველას ესალმებოდა, ექთნებსაც, ექიმებასც… ეტყობა, მოსწონდა აქაურობა, გარეთ ხომ მოსვენება არ ჰქონდა: ჩხირკედელაობდა, ბაღს უვლიდა და ვინ იცის, რას არ აკეთებდა. მისი ცოლიც ვნახე. სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო; ერთი გენახათ, რარიგ ეკურკურებოდნენ ერთმანეთს. ახლა, ამ ასაკში, კაცს, საავადმყოფოში რომ მოხვდა, თითქოს ნებისყოფაც გამოეცალა; უდრტვინველად ჩააბარა საკუთარი სხეული მედიცინას. ფიქრითაც თავი არ გაუტანჯია: წესი წესია. აშკარა იყო, აქედან გასვლა არ ეწერა. მაგრამ, ესეც აქაური წესი გახლდათ. ახლაც თვალწინ მიდგას: მსუნაგი მოუთმენლობით შესციცინებდა ექიმს და საუბარში ჩემთვის უცნობ, მისთვის კი ეტყობა, ჩვეულ სამედიცინო ტერმინებს ურთავდა: “პნევმაც, ხომ… ჰა? კანქვეშასაც, არა?” ამ კანქვეშას არა და არ ეშვებოდა. ცისმარე დღე ამაზე ლაპარაკობდა. ამის შემყურე, ჩემზე ვერავინ იტყოდა, დამყოლი პაციენტიაო. ვერა და ვერ მოვერიე თავს. მართლაც და უცნაური განცდაა. გეჩვენება, რომ ფეხები თავისთავად არსებობენ, ტვინისგან დამოუკიდებლად, თითქოსდა შემთხვევით და თანაც ჰარი-ჰარად არიან სხეულს გადაბმულიო – კიდურების გროვა, რომელიც საკუთარ ნებაზე მოძრაობს. შენ კი გრძნობ, რარიგ გჭირდება ისინი… საშინლად გჭირდება… მაგრამ რას იზამ, დაჰყურებ და ვერ ცნობ, უცნაური და უცხო გეჩვენება, განსაკუთრებით, ფეხები.
ტისერანი ორჯერ მესტუმრა. გადასარევი ტიპია. წიგნები და ნამცხვრები მომიტანა. ვგრძნობდი, როგორ სურდა, ესიამოვნებინა, ჰოდა, მეც ვთხოვე, წიგნები მოეტანა, თუმცა კითხვის ხასიათზე სულაც არ ვიყავი. გონება სადღაც, შორეთში დაქროდა, მიბნედილი, გატრუნული და ცოტაც შეფიქრიანებული.
ექთნებზე რაღაც წაიშაყირა, მწარე სიტყვაც გაურია. ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს, ამიტომაც არ მწყენია. სხვათა შორის, სავადმყოფოს დასიცხული ჰაერის ბრალია თუ სხვა რამ, ექთნებს თეთრი ხალათების ქვეშ არც არაფერი აცვიათ. ჰა-ჰა, შეიძლება, ლიფი და მოკლე ტრუსები, რომელთაც თხელი ნაჭერი ვერ ფარავს. ასე რომ, ოთახებში მუდმივ მსუბუქი, ეროტიკაშეზავებული სურნელი ტრიალებს, მერე კიდევ, ექთნები, გინდა თუ არა, გეხებიან, შენც თითქმის შიშველი ხარ და… რას იზამ, სნეულ სხეულს ტკბობის სურვილი არ უნელდება. მართალი გითხრათ, ამას თუ ვამბობ, მხოლოდ იმისთვის, რომ მერე გავიხსენო. ისე, ეს ერთი კვირა მაინც ყოველგვარ ეროტიკისგან ერთობ შორს ვიყავი.
ვხედავდი, ექთნებს და ავადმყოფებს ძალიან უკვირდათ, რომ ჩემს სანახავად არავინ მოდიოდა. მეც ყველას ვუხსნიდი, რომ უბედურება რუანში მივლინებისას დამატყდა თავს, აქაური არ ვიყავი და არც ნაცნობები მყავდა. მოკლედ, შემთხვევითობაა და სხვა არაფერი. კი მაგრამ, ნუთუ არავინ მყავდა ისეთი, ვისაც ჩემს ამბავს შევატყობინებდი? არა, სრულიად არავინ.
მეორე კვირას ცოტა უფრო გამიჭირდა. გამოჯანმრთელება დავიწყე და გარეთ გასვლა მომინდა. როგორც ამბობენ, სიცოცხლემ თავისი გაიტანა. ტისერანი აქ აღარ იყო და ნამცხვრის მომტანიც არვინ მეგულებოდა. ეტყობა, ახლა დიჟონელთა წინაშე იწონებს თავს საკუთარი ოინებით.
ორშაბათს დილით, რადიოდან შემთხვევით მოვკარი ყური, რომ სტუდენტებმა გამოსვლები შეწყვიტეს და, რა თქმა უნდა, რაც სურდათ, გაინაღდეს. სამაგიეროდ, რკინიგზაზე დაიწყო გაფიცვა და მდგომარეობა ერთბაშად გართულდა. ოფიციალური პროფკავშირები გაფიცულთა შეუვალობას და სიფიცხეს ვერაფერს უხერხებდნენ. ასე რომ, სამყარო თავისი გზით მიდიოდა. ბრძოლა გრძელდებოდა.
მეორე დღეს ვიღაცამ დარეკა სამსახურიდან და მიკითხა. დირექციის მდივანი იყო; ერთობ რთული საქმე იკისრა. ისე, ჩინებულად კი გამოუვიდა, იქიდან მომიარა, აქედან მომიარა, დამარწმუნა, რომ მათთვის მთავარი, უპირველს ყოვლისა, ჩემი ჯანმრთელობა იყო. მერე შემაპარა როშ-სურ-იონში თუ შესძლებთ წასვლას, როგორც შევთანხმდითო. ვუპასუხე, ჯერ ვერაფერს შეგპირდებით, თუმცა, ძლაიან კი მინდა, სიტყვა შეგისრულოთ-მეთქი. გაიცინა, ცოტა სულელურად გამოუვიდა. ერთი ბრიყვი გოგოა, ამას დიდი ხანია მივხვდი.
6
რუანი – პარიზი
მესამე დღეს საავადმყოფოდან გამოვეწერე. ექიმების აზრით, ცოტა ნაადრევად. ჩვეულებრივ, ექიმები არც თუ ისე ადვილად ელევიან ავადმყოფებს. შევსებული საწოლები ხომ რაღაცას ნიშნავს? ექიმის დასაქმების კოეფიციენტი მაღლა იწევს, მაგრამ სადღესასწაულო დღეებმა, ეტყობა, მათაც გამოუკეთა გუნება და ლმობიერება გაუღვიძა. თუმცა, მთავარი ექიმი ხომ შემპირდა, შობას სახლში გაათენებო. სწორედ ასე მითხრა. არ ვიცი, შინ ვიქნები თუ არა, მაგრამ სადღაც რომ ვიქნები, ნაღდია.
ჩემს ნაცნობ მუშას დავემშვიდობე. წინადღით ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების ნათქვამს თუ ვენდობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მიუხედავად ამისა, გაღმა გასული კაცის იერი ჰქონდა. ცოლი არ მეშვებოდა, გინდა თუ არა, ვაშლის ტორტს გემო გაუსინჯეო. მისი ქმარი პირს არ აკარებდა. რა ჩარა იყო, დავთანხმდი. გადასარევი ტორტი იყო.
“აბა, ყოჩაღად, ძმაკაც!” – მითხრა მუშამ დამშვიდობებისას. მეც იგივე ვუპასუხე. ისე, კაცმა რომ თქვას, მართალიც იყო. სიყოჩაღე კაცს ყოველთვის წაადგება.
რუანი-პარიზი. სამი კვირის წინ იყო იგივე გზა რომ გავიარე, მაგრამ მაშინ იქიდან აქეთ. შეიცვალა კი რაიმე ამასობაში? ხეობაში გაბნეული პატარა დასახლებების საკვამურები ისევ ისე ბოლავენ და მშვიდ ბედნიერებას გპირდებიან. ბალახი მწვანედ ბიბინებს. ცაზე მზე და ღრუბლის ქულებია… გაზაფხულის შუქი გაბნეულა ირგვლივ. ცოტა იქით მიწა წყალს დაუფარავს. წყალი ზანტად ირწევა ვერხვებს შორის. გეგონება, წებოვანი ტალახია, მოშავო, ფეხს ჩადგამ და მყისვე კოჭებამდე ჩაეფლობი. ვიღაც ზანგი ვოლქმენს უსმენს და ვისკის წრუპავს. დერეფანში მიირწევა, ხელში ბოთლი უჭირავს, ნამდვილი პირუტყვია, თანაც საშიში. ვცდილობ, მზერა ავარიდო, თუმცა, საკმაოდ მეგობრულად მიყურებს.
ვიღაც სახელმწიფო მოხელე ამეყუდა წინ, ეტყობა, ზანგის მეზობლობამ შეაწუხა. მაცოდინა, აქ რა დაკარგა? ეგეთები პირველი კლასით მგზავრობენ. მოსვენება არ გიწერია კაცს!
მაჯაზე “როლექსი” უკეთია და გვარიანი პიჯაკიც მოსავს. მარცხენა შუა თითზე საქორწილო ბეჭედი უელვარებს, ბაჯაღლო უნდა იყოს. ოთხკუთხედი თავი აქვს, პატიოსან, სანდომიან კაცს მიაგავს. 40 წლის თუ იქნება. კრემისფერ პერანგს წვრილი ზოლები დაჰყვება, უფრო გამოკვეთილად კრემისფერი საშუალოდ განიერი ჰალსტუხი უკეთია და, რა თქმა უნდა, “ექოს” კითხულობს. არა, კი არ კითხულობს, პირდაპირ ნთქავს, თითქოსდა მთელი მისი ცხოვრების აზრი ამ კითხვაში იყოს. იძულებული ვარ, თვალში რომ არ შემეჩხიროს, მიდამოს გავხედო. უცნაურია, მაგრამ მზემ ისეთივე მეწამული ფერი მიიღო, აქეთობისას რომ ჰქონდა. ფეხებზეც მკიდია! გინდა ხუთი, გინდა ექვსი წითელი მზე ბრდღვიალებდეს ცაში, მე რა მენაღვლება, აზრის მდინარებას არაფერი დამირღვევს.
არ მიყვარს ეს სამყარო; რა დაგიმალოთ და, მეზიზღება. საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, გულს მირევს. რეკლამა რწყევის გუნებაზე მაყენებს. მთელი ჩემი საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა ანგარიში, გათვლა, მაგალითების მოხმობა, რაციონალური გადაწყვეტილებების საფუძვლების ძიება. მეტი უაზრობა გაგიგიათ?! სიმართლე თუ გსურთ, გულის გასახარს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი შავ ფერებში მესახება. ნეირონების უთავბოლო ხარჯვაა და მეტი არაფერი. სამყაროს ყველაფერი სჭირდება, კი, ბატონო, გარდა, რა თქმა უნდა, ზედმეტი ინფორმაციისა.
და ისევ უსიხარულო დაბრუნება პარიზში. კარდინეს ხიდთან ჭირიანი სახლები, კედლების მიღმა კი სულთამბრძოლი პენსიონერები, რომელთა პენსიის ნახევარს ხატაურა ფისუნები ნთქავენ. ლითონის კარკასები ერთმანეთს მიჯრილი, შეუხედავი; მავთულების უხამსი გადახლართვა და მომაბეზრებელი, ჭყეტელა მარადიული სარეკლამო დაფები. “კედლებზე გამოსხული მხიარული და ცვალებადი სპექტაკლი”. სიცრუეა! ნეხვის სუნით აყროლებული სისულელე!!!
7
უხალისოდ დავბრუნდი ბინაში. ფოსტას რაც შეეხება, ეროტიკული სატელეფონო საუბრის ქვითარი (ნატაშა, ქალის პირდაპირი ხვნეშა ეთერში) და საქმიანი წერილი დამხვდა, რომლითაც მაცნობებდნენ, რომ ფირმაში “სამი შვეიცარიელი” მწყობრში ჩადგა ახალი, კიდევ მეტად სრულყოფილი სატელეფონო სამსახური ე. წ. “შუშუოტელი” . როგორც ძველ კლიენტს, პრივილეგიები მეკუთვნოდა, და შემეძლო ამიერიდან ამ ხაზით მესარგებლა. მთელი გუნდი (წერილს ფოტოებიც ახლდა) თავგადაკლული იღვწოდა, რათა ღირსეულად შეხვედროდა ქრისტეშობას. “სამი შვეიცარიელის” კომერციული დირექტორი ქალი გახლდათ; იმთავითვე თანახმა იყო “სულიკოს” პერსონალური კოდი გამოეყო ჩემთვის.
ჩემი ავტომოპასუხის მრიცხველზე ერთიანი ეწერა, ამან, ცოტა არ იყოს, გამაოცა. ეტყობა, რაღაც შეეშალათ. ნომერი ავკრიფე და ქალის დაღლილ, ზიზღნარევ ხმას გადავეყარე; “უბადრუკო ჩათლახო”… ყურმილი დამიკიდეს… ერთი სიტყვით, პარიზში არაფერი მაკავებდა.
ასე იყო თუ ისე, ვანდეს მონახულებას მაინც ვაპირებდი. ეს მხარე არდადეგების მოგონებებს მიღვიძებდა (არც თუ სასიამოვნოს, საბოლოო ჯამში, მაგრამ, მუდამ ასეა). ზოგი რამ, ცხოველთა იგავის სახით, ქაღალდზეც გადავიტანე: “ტაქსას და პუდელის გასაუბრება”. შეგიძლიათ, ყმაწვილი კაცის ავტოპორტრეტად ჩათვალოთ. ნაწარმოების უკანასკნელ თავში ერთი ძაღლი მეორეს ახალგაზრდა პატრონის სამუშაო ოთახში ნაპოვნ ხელნაწერს უკითხავს:
“გასულ წელს, 23 აგვისტო იქნებოდა, ჩემს ძაღლთან ერთად საბლ დოლონის სანაპიროზე ვსეირნობდი. იმ დროს, როცა ჩემი ოთხფეხა მეგობარი ზღვაურის რწევითა და მზის მხურვალებით უზომოდ ლაღობდა (ამ დილას, მზე მართლაც საუცხოოდ ათბობდა), ჩემს ნათელ ტვინს ფიქრთა მარწუხი შემოერკალა და აზრით დამძიმებულმა, მწუხარედ ჩავქინდრე თავი.
ასე იყო საქმე, როდესაც თოთხმეტიოდე წლის გოგონას გადავეყარე. გოგონა მამას ბადმინტონს ეთამაშებოდა, შეიძლება რამე სხვა თამაში იყო, რომელსაც ჩოგანი და ფრთიანი ბურთი ჭირდება. უბრალოდ ეცვა… საბანაო კოსტიუმი და მოშიშვლებული ძუძუები… თითქოს რაღაც არნახული სიჯიუტით ცდილობდა მაყურებლის ცდუნებას. ყოველი მისი მოძრაობაც ამის დასტური იყო. ბურთს თუ ააცდენდა, ორივე ხელს მაღლა სწევდა, წამახვილებული ძუძუებიც ჯიქურ იწევდნენ წინ და კარგად წამოჩიტული მკერდიც ზევით-ქვევით აუდ-ჩაუდიოდა. მოძრაობას მხიარულ, სინანულით შეზავებულ და სიცოცხლის ჟინით სავსე ღიმილს აყოლებდა, რომელსაც აშკარად, 50 მეტრში მოხეტიალე ყველა ყმაწვილს უძღვნიდა. ყოველიევ ეს, გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ, ხდებოდა წმინდა წყლის სპორტულ, და ამასთან, ოჯახურ გარემოში.
გოგონას ცელქობა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩენილიყო, და მე ამაში უმალვე დავრწმუნდი. მოახლოებულ ბიჭებს მკერდი ებერებოდათ და ნაბიჯები შესამჩნევად უმოკლდებოდათ. გოგონამ მკვირცხლი მოძრაობით სახე მათკენ მიაბრუნა და მიმზიდველად გაუღიმა მისი ხიბლით მონუსხულთა შორის ყველაზე გამორჩეულთ. თმა ოდნავ აეწეწა, მეყსეულად, თანაც მაცდუნებლად. მერე წამსვე ჩააქრო ღიმილი და არანაკლებად ნატიფი მოძრაობით ჩოგანი მოუმარჯვა ბურთს.
მე კი ისევ ის ძველი საფიქრალი ამეკვიატა, წლების მანძილზე მოსვენებას რომ მიკარგავდა; რატომაა, რომ გარკვეულ ასაკში ბიჭები და გოგონები ერთმანეთს აეკიდებიან და ერთმანეთის ცდუნებას ესწრაფვიან?
ზოგიერთი გადაპრანჭული ხმით შემეპასუხება: “სექსუალური სწრაფვა იღვიძებს, არც მეტი, არც ნაკლები”. მე მათი მესმის. კარგა ხნის განმავლობაში, მეც ამ აზრს ვადექი. ამ თვალსაზრისს ბევრი იზიარებს; იგი თავის გარშემო შემოიკრებს უამრავ გამართლებას, რომლებიც, ჟელესებრ მასად ქცეული, ჯერ ერთმანეთს ეჯახება ჩვენსავე იდეოლოგიურ ჰორიზონტზე, მერე კი, საღი აზროვნების რომელიღაც ცენტრიდანულ, არც თუ ისე სუსტ ნაწილს შეერკინება. ამ თვალთახედვის საძირკველთან შეხლა შეიძლება მომაკვდინებელ სითამამედაც მოგეჩვენოს. ყოველ შემთხვევაში, მე ამას არ ვაპირებ. ჭაბუკებში სექსუალური სწრაფვის და მათი ძლიერების უარყოფა აზრადაც არ მომივა. ეგ კი არა და, მოშინაურებული კუც კარგად გრძნობს ამას და შფოთის დღეებში თავის ახალგაზრდა პატრონს თავს არ აბეზრებს. მიუხედავად ამისა, რაღაც სერიოზული, თანმხვედრი წანამძღვრები, უცნაური ფაქტების კრიალოსანი, სულ უფრო და უფრო აშკარად მიმანიშნებს, რომ არსებობს გაცილებით უფრო ძლიერი და ღრმა, გაცილებით უფრო ფარული ძალა, ჭეშმარიტად ეგზისტენციალური კვანძი (ჯირყვალი, უვნებელი სიმსივნე), საიდანაც უნდა იფეთქოს სექსუალურობამ. ამის თაობაზე ჯერ არავისთან სიტყვა არ დამიძრავს; ვაი თუ, ჩემი არეულ-დარეული საუბრის მსმენელმა ეჭვი შეიტანოს ჩემი გონების საღ-სალამათობაში. მაგრამ ახლა რწმენა განმიმტკიცდა და ჭეშმარიტების გაცხადების დროც დადგა.
საბუთი ¹1.
დავაკვირდეთ ახალგაზრდათა ერთ ჯგუფს, რომლებიც ერთად ატარებენ საღამოს, ან ვთქვათ, ისვენებენ ბულგარეთში. მათ შორის ერთი წყვილი გამოირჩევა, ეტყობა, ადრევე შეკრული. ბიჭს ფრანსუა დავარქვათ, გოგოს – ფრანსუაზი. ჰოდა, მივიღებთ კონკრეტულ მაგალითს, ამასთან ბანალურს, დასაკვირვებლადაც ადვილს.
ახლგაზრდები ნებაზე მივუშვათ, დაე, იცუღლუტონ. მაგრამ, იმთავითვე ვეცადოთ, დავყოთ მათი საქმიანობა შემთხვევით დროულ სეგმენტებად, რომელთაც შემდეგ სწრაფი ფარული კინოკამერით გადავიღებთ; დავითვალოთ, და გამოვა, რომ ფრანსუამ და ფრანსუაზმა დროის 37% ხვევნა-კოცნაში და ფერებაში, ერთი სიტყვით, ორმხრივ ალერსში გაატარეს.
ახლა გავიმეოროთ ცდა, მაგრამ მოვიშოროთ აღნიშნული სოციალური გარემო და წყვილი მარტო დავტოვოთ. პროცენტული მაჩვენებელი მყისვე ჩვიდმეტამდე დაიწევს.
საბუთი ¹2.
ახლა მსურს, ერთ საწყალ გოგოზე გელაპარაკოთ, რომელსაც ბრიჯიტ ბარდო ერქვა. ღმერთია მოწმე, მართალს გეუბნებით! დამამთავრებელ კლასში ჩემთან ერთად სწავლობდა გოგო, გვარად ბარდო, იმიტომ რომ მამამისიც ამ გვარს ატარებდა. მე რაღაც-რაღაცები გამოვიკითხე ამ კაცის შესახებ: რკინას ამუშავებდა, სადღაც ტრილპორის მახლობლად. ცოლი არ მუშაობდა, ოჯახში საქმიანობდა. კინოთეატრში ფეხი არასოდეს შეუდგამთ, ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ქალიშვილის სახელიც განზრახ არ შეურჩევიათ. შეიძლება, პირველ წლებში მაინც, დამთხვევა სასაცილოდაც ეჩვენებოდათ… ძნელი სათქმელია.
იმ დროს, როდესაც გავიცანი, გაფურჩქვნის ხანაში შესული, ჩვიდმეტი წლის ბრიჯიტ ბარდო, ჯოჯოხეთის მაშხალად მოგეჩვენებოდათ. ჯერ ერთი, უზომოდ ზონზროხა იყო, ვეებერთელა ძეხვი, ნამდვილი სუპერძეხვი, ალაგ-ალაგ გამოჩრილი ქონის ნაჭრებით, დონდლო სხეულს პატარ-პატარა ბუშტულებად რომ მოდებოდა. მაგრამ თავიც რომ გადაედო და წლების მანძილზე უმკაცრეს დიეტაზე დამჯდარიყო, უბედობას ვერსად წაუვიდოდა. შეწითლებულ, ხორკლიან და დამუწუკებულ კანს რას მოუხერხებდა? ფართო, მოსწორებული და მრგვალი სახე ჰქონდა, ჩაღრმავებული პატარა ფორებით და მეჩხერი, გახუნებული თმა. შეხედავდი და მართლაც ბურვაკს ჰგავსო, იფიქრებდი; ისე, ბუნებრივად, ტვინის ჭყლეტის გარეშე.
მეგობრები არ ჰყავდა, არც ბიჭი, არც გოგო. მარტოსული იყო. სიტყვასაც ხომ არავინ ეტყოდა, ფიზიკის სავარჯიშოს გადაწერასაც კი არ თხოვდნენ, სხვებთან ერჩიათ საქმის დაჭერა. მოვიდოდა გაკვეთილზე, მერე კი შინ ბრუნდებოდა. ერთხელაც არ მსმენია, ლიცეუმის გარეთ ენახოთ. გაკვეთილზე ვინმე მიუჯდებოდა გვერდით. მოსწავლეებმა თვალი მიაჩვიეს მის ზონზროხა სხეულს. ვერც კი ამჩნევდნენ, არც დასცინოდნენ. ფილოსოფიის გაკვეთილზე კამათში არ ერეოდა. საერთოდ, არაფერში ყოფდა ცხვირს. მარსზეც რომ მოხვედრილიყო, ამაზე მშვიდი და უდრტვინველი ვერ იქნებოდა. მე მგონი, მშობლებს უნდა ყვარებოდათ. ნეტავ, საღამოობით, შინ მობრუნებული, რას აკეთებდა? საკუთარი ოთახი ხომ ექნებოდა, საწოლით და ბავშვობიდან გამოყოლილი სათამაშოებით. ეტყობა, მშობლებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ბნელი ოთახი, ეკრანის მიბნედილი შუქით განათებული გვერდი-გვერდ მჯდომი სამი ადამიანი… ამის მეტი ვერაფერი წარმომიდგენია.
კვირაობით, ნათესავებს სტუმრობენ და ისინიც, მოჩვენებითი გულითადობით მასპინძლობენ. ბიძაშვილი გოგონები კი მართლაც ლამაზები არიან. საზიზღრობაა!
ნეტავ, რა უცნაური აზრები მოსდიოდა თავში? რომანტიკული? ვეჭვობ კია, მაგრამ, ვინ იცის, ბუნდოვან ოცნებაში შეიძლება ვინმე კარგი ოჯახის შვილზე ფიქრობს, რომელიც სამედიცინოზე სწავლობს და აპირებს, ერთ მშვენიერ დღეს ჭერგადახდილ მანქანაში გვერდით მოისვას და ნორმანდიის სანაპიროს სააბატოები შემოატაროს. შეიძლება, თავ-პირსაც იბურავს, რომ მეტი იდუმალება შესძინოს წარმოდგენილ თავგადასავლს.
გარედან მაინც ასე ჩანს. მერედა, რა? განა ეს საკმარისია ეროტიკული ფანტაზიებისათვის? შეუძლია კი, ერთი წამით წარმოიდგინოს ქონით გატენილი მუცლის ნაკეცებში მოფათურე მამაკაცის ხელი, რომელიც ნელ-ნელა ქვემოთ იწევს, აი, იმისკენ. მედიცინას ვთხოვ პასუხს, მაგრამ მეცნიერება დუმს. ამ ბარდოსი ბევრი ვერაფერი გავიგე, თუმცა კი ძალიან ვეცადე.
ღამისთევამდე საქმე არ მისულა. თუმცა, საწოლისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები კი გადავდგი. მართალი თუ გნებავთ, ნოემბრის დასაწყისში გამოველაპარაკე, გაკვეთილების შემდეგ სიტყვას გადაუგდებდი. ეს იყო და ეს. ორი კვირის განმავლობაში ამაზე შორს არ წავსულვარ. მერე, ორჯერ თუ სამჯერ, რაღაც-რაღაცები ვკითხე მათემატიკაში. ვფრთხილობდი, არ მინდოდა, ვინმეს გამოვეჭირე. შუა დეკემბერში, უკვე ხელზეც ვეხებოდი, ისე, ვითომდა შემთხვევით. ყოველ ჯერზე, ისე შეხტებოდა, თითქოს დენმა დაკრაო. ერთ ნახვად ღირდა!
შობის წინ ჩვენმა ურთიერთობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, როცა ერთ დღეს მატარებლამდე მივაცილე. სადგური 800 მეტრზე იყო, ამგვარად, ჩემი მცდელობა რაღაცას ნიშნავდა. იმ დღეს სხვებმაც დამინახეს. კლასში აქამდეც არეული ტვინის კაცის სახელი მქონდა. ასე რომ, ამ შემთხვევამ დიდი ვერაფერი ზიანი მიაყენა ჩემს საზოგადოებრივ რეპუტაციას.
იმ საღამოს სადგურის ბაქანზე ლოყაზე ვაკოცე. არა, ტუჩებში არ მიკოცნია. იმასაც ვფიქრობ, არ მიმიშვებდა-მეთქი, რადგანაც, თუ კი მის პირს და ენას მამაკაცის კოცნა არასოდეს უგემია, იმის წარმოდგენა მაინც ადვილად შეეძლო, რომ ამ ქმედებას სულ სხვა დრო და ადგილი შეეფერება. ყმაწყვილური გამოცდილების არქეტიპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ შეგრძნებას უფრო მეტ სიმძაფრეს საკუთარი გამოცდილების სრული უქონლობა შესძენდა. პარადოქსია, მაგრამ ასეა.
შობის არდადეგების შემდეგ, ერთხელაც არ გამოვლაპარაკებივარ. იმ ტიპს, მაშინ სადგურზე რომ ჩაგვავლო, აღარაფერი ახსოვდა, მე კი მაგარი შიში ვჭამე. ასეა თუ ისე, ბარდოს სახლიდან გამოხმობა ზნეობრივ ძალისხმევას ითხოვდა. მე კი, მაშინაც, სიყმაწვილეში, ვაჟკაცობას ვერ დავიკვეხნიდი. სიმახინჯე სიმახინჯედ, მაგრამ ამასთან აშკარად ჩანდა, რომ ბოროტიც იყო. სექსუალური თავისუფლების ეპოქა მასაც ქარიშხალივით დააცხრა თავს (80-იანი წლების დასაწყისი იყო და შიდსზე ჯერ არავინ ლაპარაკობდა). ამიტომ, რაღაც ქალწულობის ეთიკის მსგავსს ვერაფერს ამოეფარებოდა. მერე კიდევ, საკმაოდ ჭკვიანი და გამჭრიახი გახლდათ იმისთვის, რომ “იუდეურ-ქრისტიანული” გავლენით აეხსნა საკუთარი მდგომარეობა – მისი მშობლები, საფიქრელია, აგნოსტიკოსები იყვნენ. ასე რომ, თავს ადვილად ვერ დაიძვრენდა. ისღა დარჩენოდა, ზიზღით ეცქირა სხვების აღვირახსნილობისათვის, გოგოებს ატორღიალებული ბიჭებისათვის, ეგრძნო პირველი მიახლოების სიმხურვალე, გამოცდილი წყვილების სითამამე და ყოვლისმომცველი ორგაზმის სულ უფრო მეტი განვრცობა; სხვათა სიამტკბილობის შემყურეს, მწველად განეცადა სრული და ჩუმი თვითგმევა. აი, ასე ინავლებოდა მისი ყმაწვილქალობა: შური და იმედგაცრუება ერთმანეთს გადაენასკვა, ჩაიკირა და, პაროქსიზმამდე მისული, სიძულვილის ღია ჭრილობად შემორჩა.
ჩვენში დარჩეს და, ჩემს თავგადასავალში საამაყოს ვერაფერს ვხედავ. ერთი უხამსი, თანც სასტიკი ანგლობა იყო. მახსოვს, ერთ დილას ვუთხარი: “ოჰო, ახალი კაბა გაცვია, ბრიჯიტ…” გულისამრევად გამომივიდა, თუმცა კი, მართალს ვეუბნებოდი. დაუჯერებელი, მაგრამ ჭეშმარიტი აღმოჩენა გავაკეთე: თურმე, კაბებს იცვლიდა. ეს კი არა და, ისიც კი შევამჩნიე, რომ თმებში ბაფთა გაენასკვა. ღმერთმანი, იფიქრებდით, მოხარშული ღორის თავს ნიახურის კონა დაადესო. ახლა, სრულიად კაცობრიობის სახელით, ბოდიშს ვთხოვ.
სიყვარულის ვნება მთლიანად იმორჩილებს ადამიანს. მისი ფესვები გასაოცარ სიღრმეებს წვდება, ამონაყარი კი გულის ქსოვილში ინასკვება. მიუხედავად დამცირებათა ნიაღვრისა, რომელიც მთელი მისი არსებობის ჩვეული თანამგზავრი იყო, ბრიჯიტ ბარდო იმედოვნებდა და ელოდა. ახლაც კი ეტყობა, იმედს არ კარგავს, ისევ ისე ელის. მის ადგილზე, გველი თავს დაიგესლავდა. ადამიანები კი, წყალწაღებულებივით, ხავსს ეკიდებიან.
მას შემდეგ, რაც დინჯი, ცივი გონებით მიმოვიხილე სექსუალური აქტივობის გამოვლინება, დროა ჩემი კვლევის ძირითად დებულებაზე გადავიდე. რა თქმა უნდა, თუ კი უზადო მსჯელობის ძაფს არ გამაწყვეტინებთ შენიშვნებით, რომელსაც, როგორც კეთილმოსურნე კაცს შეჰფერის, თვითვე შემოგთავაზებთ: “ყველა თქვენი მაგალითი ყმაწვილობის ჟამს განეკუთვნება, რომელიც, უეჭველია, ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთია, მაგრამ მაინც ხანმოკლე. არ გეშინიათ, რომ თქვენი დასკვნები, შედარებით დახვეწილი და ორაზროვანი, საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელ, ნაკლულ და შეზღუდულ თეორიად იქცევა?” ამ თავაზიან მეტოქეს ვუპასუხებ, რომ სიყმაწვილე მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი არ არის ცხოვრებისა, არამედ ერთადერთი მონაკვეთია ჩვენი არსებობისა, როდესაც სიტყვა “სიცოცხლე” თავის ღრმა და ჭეშმარიტ მნიშვნელობას შეიძენს. სექსუალური პულსაცია 13 წლის ასაკში აიწყვეტს თავს, მერე და მერე სუსტდება ან კიდევ, რაღაც ყალიბში ექცევა, იყინება და საზოგდაოებრივი ქცევის მოდელების სახით გვევლინება. პირველსაწყისი აფეთქება იმდენად მძლავრია, რომ მისი გამოძახილი შეიძლება წლებს გაყვეს და, ვერავინ იტყვის, რით დამთავრდება. ელექტროდინამიკაში მსგავს მოვლენას “გარდამავალ რეჟიმს” უწოდებენ, მაგრამ დრო მიდის და რხევებიც თანდათან ნელდება, სანამ მელანქოლიურ, წყნარ ტალღებად არ იქცევა. ყველაფერი ითქვა, ამიერიდან ცხოვრება სიკვდილისთვის შემზადებაა. უფრო უხეშად და ნაკლები სიზუსტით თუ ვიტყვი, ადამიანი კუტად ქცეული ყმაწვილია.
დინჯი და ცივი გონების გავარჯიშების შემდეგ, მართლაც დროა, ჩემი გამოკვლევის ძირითადი ღირებულება წარმოვაჩინო. ამისთვის კი მოკლე, სხარტ, მაგრამ საკმაოდ ტევად ფორმულას შემოგთავაზებთ: აი, ისიც:
“სექსუალურობა სოციალური იერარქიის სისტემაა”.
ახლა საჭიროა, ჩემს მტკიცებას ძირი გავუმაგრო. იდეოლოგიური მტერი გზის ბოლოშია და, უკანასკნელი მოსახვევის გავლისას, სიძულვილის ყიჟინით ესხმის თავს უზრუნველ მოაზროვნეს, რომელსაც ჭეშმარიტების პირველმა სხივებმა თავბრუ დაახვია და სრულიად დაავიწყა ზურგის გამაგრება. მე ასეთ შეცდომას არ დავუშვებ, დე, თქვენი ტვინის ხვეულებში თავზარდამცემმა მეხმა იხუვლოს, მე ჩემი მსჯელობის გორგალს მაინც გავშლი, მახრჩობელა გველის მსგავსად, აუჩქარებლად და უხმაუროდ. ამრიგად, ჩემი ყურადღებიანი მკითხველის შენიშვნასაც ავერიდები: ჩემს მიერ მოხმობილ მეორე მაგალითში მე ნაჩქარევად ჩავრთე სიტყვა სიყვარული, მაშინ, როცა აქამდე ჩემი მსჯელობა მხოლოდ სექსუალურობას ეფუძნებოდა. შეუსაბამობაა? ალოგიკურობაა? ვერ მოგართვეს!
მართა და მარტინი ორმოცდასამი წლის წინ შეიყარნენ. ქორწინებისას ორთავე 20 წლის იყო, ასე რომ, ახლა სამოცდაოთხს უკაკუნებენ. პენსიაზე არიან, ან სადაცაა გავლენ. ასე ითხოვს საზოგადოებრივი წესი და რიგი. როგორც ამბობენ, სიამტკბილობაში დალევენ სულს. სწორედ ასე იქმნება საზოგადოებრივი კავშირ-ურთიერთობის გარეშე არსებული ერთიანობა, სახელად “წყვილი”, რომელიც, ბევრ შემთხვევაში, ინდივიდუალიზმზე მაღლა დგას. ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შევეცადოთ დავაზუსტოთ სიყვარულის არსი.
მას შემდეგ, რაც ჩემი განსჯა მკაცრ საზღვრებში მოვაქციე, შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულის კონცეფცია, ონთოლოგიურად ესოდენ მყიფე, უკანასკნელ დრომდე ინარჩუნებდა ზემოქმედების სასწაულებრივ ძალას. ნაჩქარევად მოაზრებულმა ჰიპოთეზამ უამრავი მხარდამჭერი ჰპოვა და დღესაც იშვიათად ნახავთ ადამაინს, აშკარად რომ ეწინააღმდეგებოდეს სიყვარულის ძალისხმევას. ეს თვალსაჩინო წარმატება იმას მოწმობს, რომ სიყვარული ადამიანურ ბუნებას ეპასუხება. მიუხედავად ყველაფრისა, მავანი მეზღაპრისგან განსხვავებით, მე თავს ვერ ვიღებ ამ მოთხოვნილების, თუნდაც მიახლოებით, განსაზღვრას. ასეა თუ ისე, სიყვარული არსებობს, რამეთუ მის შედეგებს ყველა აშკარად ჭვრეტს. კლოდ ბერნარის კალმის ღირსი ფრაზაა, ამიტომ მასვე ვუძღვნი. ო, ძლევამოსილო მეცნიერო! განა შემთხვევითია, რომ ჩემი მსჯელობანი, გარეშე თვალისთვის ესოდენ დაცილებული შენი კვლევის ძირითად მიმართულებას, ჩიტებივით ფრთხიალებენ, შენი უქრობი ნათელით გასხივოსნებულ ეთერში. რაოდენ ამაღელვებელი და ძლევამოსილია 1865 წლით დათარიღებული შენი ექსპერიმენტალური გამოკვლევა! ამიერიდან, შენი ულმობელი კანონების კურთხევის გარეშე, რაგინდ რა უცნაური განსჯა თუ ფაქტი ვერ გადალახავს მეცნიერების ზღურბლს. მოგესალემბი, დაუვიწყარო ფიზიოლოგო, და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არას ვიზამ ისეთს, რაც ხელყოფს შენს უკიდეგანო მეუფებას.
ზომიერად განვავრცე რა ეჭვმიუტანელი აქსიომების რიგი, მესამე მუხლად ჩემი კოდექსისა, ვამტკიცებ, რომ ქალის საშო ხორცის მასაში დატანებული უბრალო ნახვრეტი არ გახლავთ (გამიგია, ყასბების შეგირდები ძროხის ამონაჭერში ჩრიან ასოს და ათავებენ კიდეცო… ღმერთმა შეარგოთ! ჩემს მტკიცებას ეს ვერას ავნებს). ჰოდა, იმას ვამბობ, რომ უკანასკნელ დრომდე ქალის საშო ადამიანთა მოდგმის გამრავლებას ემსახურებოდა. დიახ, დიახ, ადამიანებს ამრავლებდა!
წარსულის ავტორებიდან ბევრი საშოს ხსენებაზე ფეთდებოდა და გზის პირას ჩამწკრივებული ბოძკინტებივით ხევდებოდა. სხვები, მუწუკნი მყრალნი, გესლსა და ცინიზმს ანთხევდნენ. გამოცდილი მესაჭესავით, ამ ორ კლდეს შორის გავატარებ ჩემს ნავს, უფრო მეტიც, ავირჩევ მეგზურად გონიერ შუალედს, ის გადამიშლის ფართო გზას, რომელსაც არ გადავუხვევ და რომელიც, საბოლოოდ, ზუსტი განსჯის იდეალურ ნაპირებთან მიმიყვანს. ეს სამი კეთილშობილი ჭეშმარიტება, თვალში ნათელი რომ ჩაგიყენათ, უნდა იგულვოთ ქვაკუთხედ ტრიადად სიბრძნის პირამიდისა, რომელიც ვითარცა საოცრება, ეჭვის მღვრიე ოკეანეს ზემოდან დასცქერის. ტრიადის მნიშვნელობაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენს დროში ეს სამეული, განზომილებითა და შეუვალი მდგრადობით, უდაბნოს შუაგულში აღმართულ გრანიტის სვეტებს გვაგონებს (ისეთებს, თებეს სიახლოვეს რომ იხილავთ). რა თქმა უნდა, ბოროტ განზრახვად ჩამეთვლება, თუკი ჩემს მკითხველს მარტო მივაგდებ ამ სვეტების ძირში. ეს ჩემი ტრაქტატის სულისკვეთებასაც არ შეეფერება. ამიტომაც, პირველ აქსიომებს მომდევნო მსჯელობების ცელქი ლიანები გადაეხლართება. ახლა სწოერდ მათი ჯერ დგება…”
რა თქმა უნდა, ნაშრომი შუა გზაზე წყდება. სხვათა შორის, ტაქსამ პუდელის სიტყვის დასრულებამდე ჩათვლიმა. გარკვეული წანამძღვრები ნებას გვრთავს დავუშვათ, რომ პუდელის მსჯელობა ჭეშმარიტების შემცველია და ეს ჭეშმარიტება რამდენიმე მოკლე წინადადებით შეიძლება გამოიხატოს. რას მემართლებით, ახალგაზრდა ვიყავი, უმწიფარი და ვერთობოდი. ყოველივე ეს ჯერ კიდევ ვერონიკამდე მოხდა. კარგი დრო იყო. მახსოვს, 17 წლისა, როცა სამყაროს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და თავშიც აბსურდული აზრები მიტრიალებდა, “კორაის” ბარში ორმოცდაათიოდე წლის ქალს გადავეყარე, რომელმაც მითხრა: “აი, ნახავთ, სიბერისას, ყოველივე მარტივად მოგეჩვენებაო”. ასე ყველაფერი აგიხდეთ!
8
მიბრუნება ძროხებთან
5 საათსა და 52 წუთზე მატარებელი ლაროშ-სიურ-ონში შევიდა. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. ქალაქში სიჩუმე და უდრტვინველი სიმშვიდე სუფევდა. “ძალიანაც კარგი, – გავიფიქრე, – საშუალება მომეცა, ქალაქგარეთ გავისეირნო”.
საცხოვრებელი უბნის უკაცრიელ, ან თითქმის უკაცრიელ ქუჩებს მივუყვებოდი. თავდაპირველად, სახლების შედარება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ჯერ კიდევ ბნელოდა და ვერაფერს ვარჩევდი. მეც ავიღე და შევეშვი.
მიუხედავად დროისა, რამდენიმე მაცხოვრებელი ფეხზე იყო: ფანჯარასთან იდგნენ, უკვირდათ, ეს ვინ დაეთრევა ჩვენს უბანშიო. რომ ეკითხათ, ვერაფერს ვუპასუხებდი. მართლაც და რამ მომიყვანა აქ? თუმცა, სულ ერთია, სად ვიქნებოდი, აქ თუ იქ. ცოტაც და ქალაქი უკან მოვიტოვე. ირგლივ ღობეები, ღობის უკან კი ძროხები. ცას მტრედისფერი დაედო. თენდებოდა. ძროხებს ვუყურებდი. ბევრს არ ეძინა, ბალახს ძოვდნენ. სწორედაც იქცევიან-მეთქი, გავიფიქრე. ცივა და ცოტა გავარჯიშება არაფერს ავნებთ. ალერსიანად ვუყურებდ, მათი დილაადრიანი სიმშვიდის დარღვევა არც მიფიქრია. რამდენიმე ძროხა ღობეს მოადგა: იდგნენ და შემომცქეროდნენ. არც მათ უფიქრიათ ჩემი სიმშვიდის დარღვევა. კარგი იყო!..
მერე სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში წავედი. ტისერანი იქ დამხვდა. გულთბილად ჩამომართვა ხელი. გამიკვირდა.
დირექტორი სამუშაო ოთახში გველოდა. სანდომიანი ტიპი ყოფილა, ძმაბიჭური. სამაგიეროდ, ინფორმაციული ტექნოლოგიისა არაფერი გაეგებოდა. არც დაუმალავს: ინფორმატიკა ფეხებზე მკიდიაო, – მოგვახალა. ახლა მოდას ვერ აყვება და ზნეს ვერ შეიცვლის. საქმე ისედაც კარგად მიდის და ასე იქნება, სანამ ამ სკამზე ზის. სამინისტროს გადაკიდება არ უნდა ჩვენც ამიტომ მიგვიღო, რაწამს წავალთ, ამ პროგრამას სადღაც კუნჭულში მიაგდებს და არც არასდროს მოიკითხავს.
თუ ასეა, ჩვენი ლექციებიც სასაცილო გართობად იქცევა, დროის ხარჯვაა, სხვა არაფერი. რაში მენაღვლება?!
რამდენიმე დღე გავიდა; ვხვდები, რომ ტისერანი, სადაცაა, აუშვებს. ნაშობავებს სათხილამუროდ მიემგზავრება “ახალგაზრდების კლუბში”. აბა, როგორ გითხრათ, “გადაყრუებულებს შემოსვლა ეკრძალებათო”, აი, ასეთი კლუბი გახლავთ. ცეკვა-თამაშის საღამოები და გვიანი დილის საუზმე. ერთი სიტყვით, ისეთი კლუბია, სადაც ქალების გადასაჟიმად მიდიან. ტისერანი გრძნობს, რომ მოგზაურობა კარგს არაფერს უქადის. ლაპარაკს ერიდება, ხანდახან მალულად გამომხედავს სათვალეებიდან. მონუსხული გეგონება. ნაცნობი მდგომარეობაა. ორი წლის წინ, ვერონიკას რომ გავეყარე, ზუსტად ასე ვიყავი. გინდ მიწაზე იკოტრიალე, გინდ ვენები გადაიჭერი, გინდ შუა მეტროში დაანძრიე, ყველას ფეხებზე კიდიხარ. თითსაც არავინ გაანძრევს. თითქოს გამჭვირვალე, ერთობ გამძლე, მაგარი აპკი მფარავს და გამმიჯნავს სხვებისგან. სხვათა შორის, იმ დღეს ტისერანმა მითხრა (ნასვამი იყო), თავი სუპერმარკეტის თაროზე შემოდებულ, ცელოფანში გახვეულ ქათმის ბარკლად წარმომიდგენიაო. მერე დაამატა: “მინის ქილაში ჩამწყვდეული გომბეშო მგონია თავი; ისე, მართლა ვგევარ ბაყაყს, ხომ კი?” მე წყნარად და ნაზად ვუპასუხე: “რაფაელ…” ხმაში საყვედურიც გავურიე. პირველად მივმართე სახელით. დარცხვენილმა ხმა ვერ ამოიღო.
მეორე დღეს, საუზმისას, დიდხანს აშტერდებოდა ყავის ფინჯანს. მერე, ოცნებებში წასულმა, ამოიოხრა: “გავკარი ასეთ ცხოვრებას, 28 წლის ვარ და ქალი არ მინახავს!..” ვიცოდი, მაგრამ მაინც გავიკვირვე. ამიხსნა, იმდენი ღირსება მაინც შემრჩა, ბოზებში არ ვეთრიოო. კარგა მაგრად შევახურე. ე;ტყობა, გადავამლაშე, რადაგნაც იმავე დღეს, საკვირაოდ პარიზში გამგზავრებამდე, კიდევ ერთხელ ამიხსნა საკუთარი თვალთახედვა. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მანქანების გასაჩერებელ მოედანზე ვიდექით. ქუჩის ნათურებიდან მოყვითალო, უსიამოვნო შუქი იღვრებოდა ნესტიან და ცივ ასფალტზე. მან მითხრა: “იცი, ვიანგარიშე და გამოვიდა, რომ კვირაში ერთი ბოზის ფული მაინც მაქვს. შაბათი საღამო ამისთვის ზედგამოჭრილია. შეიძლება, ასეც მოვიქცე. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ვიღაცები ამაში ფულს არ იხდიან; ქალები სიყვარულით უწვებიან. ერთი მეც უნდა ვცადო, ჰო, ჯერჯერობით ასე აჯობებს”.
ვერაფერი ვუპასუხე, ჩაფიქრებული დავბრუნდი სასტუმროში. ნაღდია, ჩვენს საზოგდაოებაში ადამიანებს ერთმანეთისაგან ჯერ ფული განასხვავებს, მერე სექსი; ორთავე შეუვალია და ამას არაფერი ეშველება. ამ ორი განმასხვავებელის შედეგი თითქმის ერთნაირია. აღვირახსნილი ეკონომიკური ლიბერალიზმის მსგავსად, სექსუალური ლიბერალიზმი ადამიანების აბსოლუტურ გაღარიბებბას იწვევს. ზოგ-ზოგნი ყოველდღე ჟიმაობენ, სხვები – ცხოვრებაში ხუთჯერ ან ექვსჯერ, ან საერთოდ, არასდროს. ზოგიერთი ათობით ქალს გადაჟიმავს, ზოგი – ერთსაც ვერ ეღირსება. ამას ჰქვია სწორედ “საბაზრო კანონი”. ეკონომიკურ სისტემაში, სადაც სამსახურდან დათხოვნა კანონით იკრძალება, მეტ-ნაკლებად ყველა პოულობს შესაფერ ადგილს. სექსუალურ სისტემაში, სადაც ცოლ-ქმრული ღალატი დასაძრახისად ითვლება, თითოეული თავის შესაფერ მეწყვილეს პოულობს. ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემაში, ზოგი ზღაპრულ სიმდიდრეს გამოკრავს ხელს; სხვები შიმშილსა და სიდუხჭირეში ღაფავენ სულს. ლიბერალურ სექსუალურ სისტემაში, ზოგის ხვედრი მრავალმხრივი გზნებით სავსე ეროტიკული ცხოვრებაა, სხვებს არაფერი რჩებათ მორცხვობის და ნძრევის გარდა. ეკონომიკური ლიბერალიზმი ბრძოლის ველის განვრცობაა, რომელიც ყველა ასაკს და ყველა შრეს გადაწვდება. სექსუალური ლიბერალიზმიც ესაა, ისიც ნებისმიერ ასაკს და ნებისმიერ შრეს მოიცავს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ტისერანი გამარჯვებულთა რიგს მიეკუთვნება, სექსუალურ მხარეს რაც შეეხება, აქ დამარცხებულთა შორისაა. ზოგიერთი ორივე სივრცეში იმარჯვებს, ზოგიც ორივეში აგებს. ზოგიერთ დიპლომირებულ ახალგაზრდის გამო ფირმები ერთმანეთს ეცილებიან. ქალებიც, ზოგიერთ ახალგაზრდას ერთმანეთს ხელიდან გლეჯენ. კაცები ახალგაზრდა ქალებზე ნადირობენ… დომხალი და აურზაურია…
პირის გასასველებლად სასტუმროდან გამოვედი. სადგურის წინ ღია კაფე ვიპოვე. რამდენიმე ყმაწვილი სათამაშო ავტომატს უტრიალებდა, სხვა არც არვინ იყო. მესამე ჭიქა კონიაკი გადავყლურწე და ჟერარ ლევერიეზე ვიწყე ფიქრი.
ჟერარ ლეველიე ეროვნული ასამბლეის ადმინისტრატორი იყო, იმავე განყოფილებაში, სადაც ვერონიკა მდივნად მუშაობდა. ოცდაექვსი წლისა თვეში 30.000 ფრანკს იღებდა. მიუხედავად ამისა, სუსტი, დეპრესიული ტიპი იყო. დეკემბრის ერთ პარასკევ საღამოს (ორშაბათს სამსახურში არ მიდიოდა, რატომღაც ორკვირიანი შვებულება აიღო “დღესასწაულისათვის”) იგი შინ დაბრუნდა და ტყვია ითხლიშა შუბლში.
ეროვნულ ასამბლეაში მის სიკვდილს არავინ გაუკვირვებია. იცოდნენ, რა კაციც იყო, თავისთვის საწოლის ყიდვასაც ვერ აბამდა თავს, საწყალი. რამდენიმე თვე სულ ამაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ვერა და ვერ იქნა, წადილი ვერ აისრულა. ეს ამბავი ყველას პირზე ეკერა. იყო ერთი შაყირი! მაგრამ მე სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. საწოლის ყიდვა ხუმრობა არ გეგონოთ, უამრავი სირთულე ახლავს, შეიძლება, თვითმკვლელობამდე მიხვიდე. ჯერ იმაზე უნდა იფიქრო, სახლში როგორ მიიტანო, ნახევარი დღით უნდა დაეთხოვო უფროსს, ეს კი, მოგეხსენებათ, არც თუ ისე ადვილია. ზოგჯერ მტვირთავები დაგაღალატებენ, ან კიბეზე ატანა უჭირთ, ჰოდა, კიდევ ნახევარი დღე ცდება. ასეა ყოველთვის, როცა საქმე ავეჯისა და ელექტრომოწყობილობის ყიდვაზე მიდგება. დარბიხარ, ხლაფორთობ, ოფლად იღვრები და თუკი მგრძნობიარე კაცი ხარ, შეიძლება ჭკუიდან აიწიო. სხვა ავეჯს კიდევ მოევლება, მაგრამ საწოლის ყიდვა განსაკუთრებთ მტკივნეულია. ჯერ ერთი, გამყიდველის პატვისცემა რომ დაიმსახურო, ორადგილიანი საწოლი უნდა აირჩიო. მაინც და მაინც ერთადგილიანს თუ დაადგი თვალი, იფიქრებენ, სექსუალურ ცხოვრებას არ ეწევაო, ის კი არა, საერთოდაც არ ფიქრობს ამაზეო (საწოლი ხომ დიდხანს ძლებს, საგარანტიო ვადას ათ, შეიძლება ოც წელსაც აჭარბებს; ეს ფულის სერიოზული დაბანდებაა, თითქმის მთელი ცხოვრების საქმეა; ქორწინება ხშირად იშლება, საწოლი კი არა; ჩემგან არ გესწავლებათ). 140 ფრანკიანი საწოლი თუ იყიდე, იტყვიან ძუნწია, გაქანება აკლიაო. 160 თუ გადაიხადე, აფერუმ შენს ვაჟკაცობას! გამყიდველებიც თავზე გევლებიან, პირში გიცინიან. ნაკლები თუ გადაიხადე, ნურას უკაცრავად!
ჟერარ ლეველიეს სიკვდილის დღეს, საღამო ხანს, მამამისმა სამსახურში დაურეკა. ყურმილი ვერონიკამ აიღო. სასწრაფოდ დამიაკვშირდესო, სულ ეს იყო. ვერონიკას თავიდან ამოუვარდა სატელეფონო ზარი. ასე რომ, საღამოს 6 საათზე ჟერარ ლეველიე შინ დაბრუნდა (მამამისის თხოვნისა არაფერი შეუტყვია) და თავში ტყვია დაიხალა. თვითონ ვერონიკამ მიამბო იმავე საღამოს, ეროვნულ ასამბლეაში. გული მეთანაღრებაო, სწორედ ასე მითხრა. თავს დამნაშავედ გრძნობს, სინდისის ქენჯნა გააწვალებს-მეთქი, ვფიქრობდი. მოგცლია: მეორე დღეს, ვითომც არაფერი…
ვერონიკა, როგორც ამბობენ, “ანალიზს იტარებდა”. ახლა თავში ხელს ვიცემ, ჩემდა ჭირად გადავეყარე-მეთქი. საერთოდ, თუ ქალი “ანალიზს იტარებს”, ხეირს ნუ ელი, ერთხელ თუ ჩაუვარდა ხელში ფსიქოანალიტიკოსს, ვერაფერს გამორჩები. რამდენჯერ გამომიცდია! ეს ფსიქოანალიზის თანმხლები ეფექტი კი არა, ძირითადი მიზანია. აქაოდა, პიროვნების “მე”-ს აღდგენას ვეშურებითო, ანალიტიკოსები ძირის ძირში თხრიან ადამიანს. უცოდველობა, სიკეთე, სიწმინდე… მათი უხეში შეხება არაფრს ინდობს. გვარიანი ანაზღაურების მქონე, პრეტენზიული და ბრიყვი ანალიტიკოსები ე. წ. პაციენტ ქალებს სიყვარულის გრძნობას უკლავენ, სულსაც სწირავენ და ხორცსაც. გეგონება, კაცობრიობის მტრები არიან. ეგოიზმის შეუბრალებელი სკოლა, ფსიქოანალიზი, გამორჩეულად მოურიდებლად ახალგაზრდა ქალებს ექცევა და თავქარიან გოგოს თავკერძა ჩათლახად აქცევს, რომელიც ზიზღის მეტს არაფერს იმსახურებს. ფსიქოანალიტიკოსის ხელში გამოვლილ ქალს არ უნდა ენდო. ხარბი, ეგოისტი, ბრიყვულად ამპარტავანი, ზნედაცემული, სიყვარულის მოძულე – აი, “ანალიზგავლილი” ქალის ხატება. პირწავარდნილი ვერონიკა! მიყვარდა ისე, როგორც შემეძლო, ეს კი, მერწმუნეთ ბევრს ნიშნავს. ახლა კი ვხედავ, ამაოდ დავშვრი. ჯობდა, ორივე ხელი დამემტვრია მისთვის. როგორც ყველა დეპრესიულს ჩვევია, მუდამ თავისმოყვარე და უგულო იყო. ფსიქოანალიზმა კი გამოუსწორებელ ნაგავად აქცია, ჯიგარი და სინდისი ამოაცალა. ყინულის ნამსხვრევია და სხვა არაფერი. მახსოვს, დღიურის მაგვარი რაღაც ჰქონდა. ერთ საღამოს, სეანსიდან დაბრუნებულმა, ლაკანის ფრაზა ჩაინიშნა: “რაც უფრო უღირსი იქნები, მით უკეთესი”. გამეცინა. თურმე ვცდებოდი. ამ ფრაზამ, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ პროგრამა იყო, სულ მალე ხორცი შეისხა.
ერთ საღამოს, ვერონიკას არყოფნისას, მთელი შუშა დასაძინებელი წამალი გადავყლაპე. წამსვე დავპანიკდი და მაშველებს გამოვუძახე. სასწრაფოდ საავადმყოფოში ვტკუცე თავი. კუჭი გამიწმინდეს და სხვა ამისთანები. კინაღამ თქვენი ჭირი წავიღე. იმ თესლმა კი (აბა, სხვა რა ვუწოდო), ჩემს სანახავად ერთხელაც ვერ მოიცალა. სახლში (თუკი შეიძლება ასე ითქვას) რომ დავბრუნდი, მისალმების მაგივრად, დამპალი ეგოსტი ხარო, მომახალა. მისთვის მთავარი ის იყო, რომ ისედაც სამსახურით გაწამებულს, ახალი თავსატეხი გავუჩინე. ამ ჩემის გადანგრეულმა “ემოციური შანტაჟიც” დამაბრალა.
მაშინ უნდა ამომეგლიჯა მისთვის საკვერცხეები… თუმცა, ყოველივე წარსულს ჩაბარდა.
ის საღამოც კარგად მახსოვს, პოლიციელები რომ გამოიძახა, ეს კაცი თავიდან მომაშორეთო. რატომ ვიყავი “მასთან”? იმიტომ, რომ ბინა მის სახელზე იყო და ქირასაც ჩემზე ხშირად იხდიდა. აი, თუ გნებავთ ფსიქოანალიზის პირველი შედეგი: დაუჯერებელი სიძუნწის და სასაცილო წვრილმანობის ზეობა. “ანალიზში მყოფთან” ერთად კაფეში შესვლა აზრადაც არ უნდა გაივლო: ანგარიშს ჩხრეკვას დაუწყებს, მერე მიდი და უხსენი მომტანს. მოკლედ, სამი ქლიავი პოლიციელი გამოცხადდა, გადამცემი აპარატებით და ყოვლისმცოდნე იერით. პიჟამა მეცვა და სიცივისგან ვკანკალებდი. სუფრის ქვეშ, მაგიდის ფეხებს ვებღაუჭებოდი, საკუთარი ნებით ფეხს არ გავადგამ, ძალით წამათრიონ-მეთქი… ამასობაში ის ჩათლახი პოლიციელებს ბინის ქირის ქვითრებს უფრიალებდა ცხვირწინ, აქაურობის ბატონ-პატრონი მე ვარო. ერთი სული ჰქონდა, სანამ ხელკეტებს დააძრობდნენ. იმ საღამოს მორიგი “სეანსი” ჩაიტარა და ახლა მთელი სიმდაბლე და სისაძაგლე მე დამანთხია. მაგრამ მეც მაგრად დავუდექი, დამატებითი გამოძიება მოვითხოვე და პოლიციელები მშრალზე დავსვი. მეორე დღეს ბინა დავტოვე.
9
“ბუკანიების რეზიდენცია”
“ერთბაშად უმნიშვნელოდ მეჩვენა,
რომ სრულიადაც არ ვარ თანამედროვე”
როლან ბარტი
შაბათს, დილაადრიან, ტაქსი დავიჭირე და მძღოლი დავითანხმე, საბლ დოლონში წავეყვანე.
ქალაქიდან გავედით თუ არა, ჯერ მსუბუქ ნისლში შევცურეთ, ბოლო გზაჯვარედინს რომ გავცდით, უფრო და უფრო სქელი ნისლის ტბა შემოგვეჯარა. არც გზა ჩანს, არც არაფერი. დროდადრო ხეს ან ძროხას ჩავუვლით გვერდით. კონტურებს ვხედავთ. ლამაზი სანახავია!
ზღვასთან რომ მივედით, ერთღბაშად გამოიდარა. ქარი უბერავს, მაგრამ ცა ლურჯად კრიალებს. ღრუბლები აღმოსავლეთისაკენ მიექანებიან. მძღოლს ფულს ვაძლევ, ხურდას ვუტოვებ და მანქანიდან გადმოვდივარ. იგი სასიამოვნო დროსტარებას მისურვებს, მაგრამ რაღაც უგემურად; ეტყობა, ფიქრობს, კიბორჩხალების დასაჭერად მოვედი.
პლაჟზე ვსეირნობ, ზღვა ნაცრისფერია, ღელავს. განსაკუთრებულს არაფერს ვგძნობ. დიდხანს დავდივარ.
თერთმეტი საათისთვის ხალხმა დენა იწყო, ბავშვები და ძაღლები ახლავთ. მე მეორე მხარეს გავუტიე.
საბლ დოლონის პლაჟის გაყოლებაზე, ნავსადგურის სანაპიროს ბოლოში, ძველი სახლები და ეკლესია დგას. დიდი არაფერი: უხეში თლილი ქვის სახლები, საუკუნის ქარიშხლებს რომ გაუძლეს. ადვილად წარმოიდგენ აქაური მეთევზეების წარსულ ცხოვრებას: საკვირაო წირვა პატარა ეკლესიაში, მორწმუნეთა თავშეყრა, როცა გარეთ ქარი უბერავს და ოკეანე გამეტებით ეხლება ნაპირზე აყუდებულ კლდეებს. უფერული, უხალისო ცხოვრება, ხიფათიანი, წელში გამწყვეტი შრომა. უბრალო გლეხური ცხოვრება, თავისი ღირსებით და სიჩლუნგით.
ამ სახლების გვერდით მოაგარაკეთათვის თანამედროვე, ქათქათა შენობები წამოუჭიმავთ. ათ და ოცსართულიანი ნაგებობებია. ტერასებადაა განლაგებული, ქვემოთ მანქანების სადგომია. დიდხანს ვიბორიალე შენობებს შორის. ჩემი აზრით, ბინების უმრავლესობა ზღვას გადაყურებს. არქიტექტურული ჩანაფიქრია, როგორც ეტყობა. ახლა აქაურობა უკაცრიელია, ბეტონის კედლებს შორის ქარი ავად დასისინებს.
ახალაშენებული, ყველაზე მდიდრული შენობისაკენ გავემართე, რომელიც ზედ ზღვასთან დგას, ზუსტად რამდენიმე ნაბიჯზე. “ბუკანიების რეზიდენცია” ჰქვია. მიწისპირა სართული სუპერმარკეტს, პიცერიას და დისკოთეკას უკავია. სამივე დაკეტილია. რეკლამა ტიპიური ბინის მონახულებას გვთავაზობს.
უსიამოვნო გრძნობა მეუფლება. წარმოვიდგინე, როგორ ბრუნდება დამსვენებელთა ოჯახი “ბუკანიების რეზიდენციაში”, მერე ხორცს და მწარე საწებელს ჩახეთქავენ, უმცროსი გოგო კი ღამის კლუბში გაიქცევა ფეხების ასაფშეკად. საზიზღრობაა, მაგრამ რას იზამ?!
მერე მომშივდა. ვაფლის გამყიდველის დახლთან ვიღაც კბილის ექიმს გამოველაპარაკე. არა, ცოტა მეტი მომივიდა: კი არ გამოველაპარაკე, ერთმანეთს ორიოდე სიტყვა გადავუგდეთ გამყიდველის მოლოდინში. არ ვიცი, რატომ გამანდო, კბილის ექიმი ვარო. კბილის ექიმებს საერთოდ ვერ ვიტან. ასე მგონია, ერთპირ თახსირი ტიპები არიან, ყველა კბილს დაგაძრობენ, ოღონდ კი მერსედესის ფული იშოვონ. ეტყობა, ესეც კარგი ვინმე ხვითოა.
სულელურად თავის მართლებას მოვყევი, “ბუკანიების რეზიდენციაში” ბინის შერჩეავს ვაპირებ-მეთქი. რას არ იტყვის კაცი? წამსვე ყურები ცქვიტა, ვაფლიანი ხელები გაუშეშდა, ბინების ავკარგიანობაზე ალაპარაკდა და დაასკვნა, სარფიანი საქმე ჩაგიფიქრებიათო. მეც ასე ვფიქრობ.
10
“შუაგზის შესვენება”
“აჰ, რა თქმა უნდა, ღირებულებანი!..”
როშ-სურ-იონში რომ დავბრუნდი, ბიფშტექსის საჭრელი დანა ვიყიდე. გეგმის მონახაზიც გამოიკვეთა.
კვირადღემ ისე ჩაიარა, ვერც გავიგე. ორშაბათმაც ვერ ივარგა. ვგრძნობდი, ტისერანს შაბათ-კვირა ჩაუმწარდა, თუმცა, ამაზე კრინტიც არ დაუძრავს. არც მიკვირს. 22 დეკემბერი იყო.
მეორე დღეს, საღამოს, პიცერიაში შევიარეთ. მიმტანი ბიჭი მართლაც იტალიელს ჩამოგავს, ბალნიანი კანი ექნება, ქალებიც ეყვარება. მაგრად შემზიზღდა. სპაგეტიც თავხედურად მოგვიგდო ცხვირწინ; გვერდზე გაჭრილი ქვედატანი რომ გეცვას, თავს შემოგევლება!
ტისერანი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. თანამედროვე მუსიკაზე ჩამოვუგდე სიტყვა. ხმას არ იღებდა; მგონი, არც მისმენდა. მაგრამ, როდესაც როკ-სლოუზე და მის ფონზე ქალების გამოჭერის მაღალ შანსზე ავლაპარაკდი, გამოცოცხლდა (ნუთუ, ოდესმე უცეკვია სლოუ? არა მგონია). მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე: “როგორ გაატარე შობა? რა თქმა უნდა, ოჯახში…”
“შობას არ ვზეიმობთ. მე ებრაელი ვარ, – ამაყად განმიცხადა, მერე გულგრილად დააზუსტა: ჩემი მშობლები არიან ებრაელები”.
ამ აღსარებამ ხმა ჩამაკმენდინა. რამდენიმე წამი უბრად დავრჩი. ბოლოს და ბოლოს, რა იცვლება იმით, ებრაელია თუ არა?! თუკი მაინც იცვლება, მე ასეთ ვერაფერს ვამჩნევ. ასე რომ, სიტყვა გავაგრძელე:
“შობისთვის რაიმე ხომ არ მოგვეფიქრებინა? საბლ დოლონში ღამის კლუბია. “შუაგზის შესვენება” ჰქვია. რიგიანი რამაა”…
ვატყობდი, ჩემი სიტყვები ყალბად აჟღერდა. მრცხვენოდა. ტისერანი შეხურდა და ეგეთი რაღაცეებისთვის არ ეცალა. “გგონია, ხალხი იქნება? შობა მაინც ოჯახური ზეიმია…” – უსუსური შეპასუხება გახლდათ. შობა ახალ წელთან ვერ მოვა. ოცდათერთმეტში, ღამით, გოგონები უფრო დამყოლნი არიან-მეთქი, – მცოდნე კაცივით განვუმარტე. მაგრამ, არც 24 დეკემბერია ნაკლები: “გოგონები, მშობლებთან და ბებიებთან ერთად, ხამანწკებს მიირთმევენ, მერე საჩუქრებს იღებენ, მაგრამ, შუაღამე ჩამოკრავს თუ არა, ღამის კლუბისკენ გარბიან”. ჩემმა ნაამბობმა მეც ამაგდო, ტისერანის დაყაბულებას კი რაღა უნდოდა!
მეორე დღეს თავის წესრიგში მოყვანას თითქმის სამი საათი მოანდომა. ჰოლში დომინოთი ვერთობოდი და ველოდებოდი. მოწინააღმდეგე არ მყავდა, ქვებს თვითონ ჩამოვდიოდი. დიდი ვერაფერი თავშესაქცევია. მოვიწყინე.
შავ კოსტიუმში და ოქროსფერი ჰალსტუხით გამომეცხადა. თმები გულდაგულ დაევარცხნა. ახლა გადასარევ თმის საცხებს უშვებენ. ისე, შავ კოსტიუმში არა უშავს გამოიყურება. საწყალი ბიჭი!
წინ ერთი საათი გვქონდა. ოცდასამ საათამდე ღამის კლუბში მისვლა არ ღირს-მეთქი, დავიჟინე. შევკამათდით. ბოლოს მაინც შუაღამის წირვაზე წავედით. კიურე ადამიანთა სულში ჩაბუდებულ უკიდეგანო იმედზე ლაპარაკობდა. საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ტისერანმა მოიწყინა, ფიქრით სადღაც შორს იყო. კიურეს ბუბუნი მეც ყელში ამომივიდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ბიფშტექსის საჭრელი დანა ჩანთაში ჩავიდე და მანქანის წინა საჯდომზე დავდე.
“შუაგზის შესვენებას” ადვილად მივაგენი. ბევრი უსიამოვნო საღამო გამიტაერბია აქ. ათი წელი გავიდა, მაგრამ ცუდი მოგონებანი ეგრე ადვილად არ გვეშვებიან.
კლუბი სანახევროდ იყო შევსებული, 15-20 წლის ბიჭ-ბუჭები, რაც ტისერანის შანსს საგრძნობლად ამცირებდა. მინი-ქვედატანები. შეხსნილი საკინძეები… ქათქათა სხეული… ტისერანი საცეკვაო მოედანს თვალს არ აშორებდა, ვხედავდი, როგორ შეეფაკლა სახე. ბართან მივედი და ბურბონი შევუკვეთე. რომ დავბრუნდი, ტისერანი საცეკვაო მოედნის პირას იდგა. ყოყმანი ეტყობოდა. ახლავე შემოგიერთდები-მეთქი, წავიბურტყუნე და შემაღლებულზე მდგომი მაგიდისკენ გავეშურე. აქედან ყველაფერი ხელის გულივით ჩნდა.
თავდაპირველად, ტისერანმა ოციოდე წლის ქერა გოგონას დაადგა თვალი. მდივანი უნდა ყოფილიყო. ძალიან მსურდა, ტისერანის არჩევანი გამემართლებინა. გოგონა სილამაზით არ გამოირჩეოდა, ეტყობა, თაყვანისმცემლებითაც არ იყო განებივრებული. ფაშფაშა ძუძუები ქვემოთ ჩამოცვენოდა, დუნდულებსაც დაეკარგა სიმკვრივე. რამდენიმე წელიც და სულ მთლად მოიშლება. მეორეს მხირვ, მოღიავებული კაბა სექსუალური მეწყვილეს პოვნის სურვილს ამჟღავნებდა: ფაშფაშა ქვედატანი ფრიალებდა, წვივსაკრავებს და ვიწრო ტრუსებს უჩენდა და ტრაკს უშიშვლებდა. სახე გამკაცრებული ჰქონდა. ეტყობა, ფრთხილი ხასიათისა იყო. ასეთ გოგოებს ჩანთაში პრეზერვატივები უდევთ.
რამდენიმე წუთი ტისერანი მის სიახლოვეს ცეკვავდა, ხელებს ჰაერში ასავსავებდა, აქაოდა, მაგარი მუსიკააო. ერთი-ორჯერ ტაშიც შემოკრა, მაგრამ ქალიშვილი ზედაც არ უყურებდა. მუსიკა რომ მიჩუმდა, ტისერანმა სიტყვა შებედა. ქალიშვილი შემობრუნდა, განმგმირავი მზერა ესროლა და გაერიდა. მორჩა, ამას აღარაფერი ეშველება.
მოსახდენი მოხდა, ბართან მივედი და მეორე ჭიქა ბურბონი შევუკვეთე.
მაგიდასთან რომ მოვბრუნდი, რაღაც მეუცნაურა. გვერდით მაგიდას გოგო უჯდა, ვერონიკაზე გაცილებით უმცროსი, ასე, ჩვიდმეტი წლისა, მაგრამ ტყუპის ცალივით გავდა. უბრალო კაბა, ცოტაოდენ სრული, ფორმებს არ ამხელდა, მაგრამ, აშკარა იყო, ლამაზი ტანი ჰქონდა. ფართო თეძოები, მკვრივი, პრიალა დუნდულები; ტანს ნელა აუყვები და ორ მრგვალ, ნაზ, გაფუებულ ძუძუს წაეტანები. მერე ისევ ქვემოთ ჩამოუშვებ ხელებს და მრგვალ თეძოებზე დაადებ. ნაცნობი ჟესტებია. საკმარისია თვალი დავხუჭო და წამსვე წარმოვიდგენ. სანდომიანი, ნაზი, საკუთარ სილამაზეში დარწმუნებლი ქალის ხიბლს აფრქვევდა. მოჩვენებითი სიმშვიდე კვიცისა, რომელსაც ერთი სული აქვს, სანამ ფეხებს აათამაშებს და ადგილიდან მოწყდება… უდრტვინველი სიდინჯე საკუთარ სიშიშვლეში შეყვარებული ევასი, კაცობრიობის მარადიული მაცდუნებლისა. ნათლად ვიგრძენი, რომ ორი წლის დაშორებას არაფერი შეუცვლია. ბურბონი სულმოუთქმელად გადავკარი. ტისერანიც სწორედ ამ დროს წამომადგა. ცოტა შეოფლილა. რაღაც მითხრა. ეტყობა, აინტერესებდა, ამ გოგოს რას ვუპირებდი. არაფერი ვუპასუხე. გულისრევა მომეძალა და ამიდგა. ცუდად არის საქმე! “ერთი წუთით, მაპატიე”, – ამოვღერღე და დისკოთეკა გადავკვეთე, რათა ტუალეტში შემესწრო. კარი ჩავრაზე, ორი თითი ხორხში გავიჩხირე, მაგრამ კარგად ვერ ვარწყიე. მერე დავანძრიე. აქ უფრო გამიმართლა: ჯერ ვერონიკაზე ვფიქრობდი, მერე, საერთოდ, ქალის საშოზე და ამან მიშველა. ორ წუთში მოვითავე საქმე, თესლმა იხუვლა და გულს მომეშვა. სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა დამიბრუნდა.
მაგიდასთან რომ მივტრიალდი, ტისერანი ფსევდო-ვერონიკას ეთომარებოდა: გოგონა მშვიდად, კეთილმოსურნე იერით უსმენდა. გოგო კი არა, სასწაული იყო, მაგრამ მე რა? აგერ ახლა დავანძრიე.
შეყვარებულის თვალით დანახული ვერონიკა, ისე, როგორც ყველა ჩვენ, მსხვერპლად შეწირულ თაობას მიეკუთვნებოდა. სიყვარულის უნარი, მართლაც, ჰქონდა. შეიძლება, დღესაც ნატრობს ამ ნიჭს, მაგრამ ამაოდ. დღეს ეს შეუძლებელია. სიყვარული იშვიათი, ხშირად ხელოვნური და გვიანი ფენომენია, რომელიც განსაკუთრებულ გონებრივ პირობებში თუ იფურჩქნება. ამ პირობათა სრული თავმოყრა ძნელი საქმეა, ზნეობის თანამედროვე დაცემის პირობებში კი, სრულიად წარმოუდგენელი. ვერონიკამ ბევრი დისკოთეკა და საყვარელი გამოიცვალა. ასეთი ყოფა აღარიბებს ადამიანს, ბევრ ტკივილს და იმედის გაცრუებას გამოატარებს. შეუქცვადი პროცესია. სიყვარული, ვითარც უბიწოება, ან ილუზია, ან თუ უნარი, საყვარელ არსებაში შემოიკრიბო საპირისპირო სქესის ყველა ნიშან-თვისება, ვერ ეგუება ერთწლიან სექსუალურ უწესრიგობასაც კი; ორ წელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სინამდვილეში, ყმაწვილობაში დაგროვილი სექსუალური გამოცდილება, ძირს უთხრის და ანგრევს სიყვარულის რომანტიკულ და გრძნობად ბუნებას. ცოტაც და სიყვარულის უნარი საერთოდ ქრება და ადამიანი ჩვარს ემგვანება. მოჩვარებული კაცის ცხოვრება რაცაა, კარგად მოგეხსენებათ! სიბრეში შედიხარ, უშნოვდები და ბოღმით იტენები. ახალგაზრდებს შურის თვალით შესცქერი, სიძულვილს ვეღარ ერევი. ზიზღრს ვერავის უმხელ, გულში იკლავ და იწამლები. მერე ზიზღიც ინავლება და ქრება, ისე, როგორც ყველაფერი ამქვეყნად. რჩება სიმწარისა და გულზიდვის გრძნობა, სნეულება და სიკვდილის მოლოდინი.
ბარმენს 700 ფრანკად ერთი ბოთლი ბურბონი გამოვტყუე. უკანა გზაზე ახმახ, ორმეტრიან ელექტრიკოსს გადავეყარე. “რაღაც, გუნებაზე ვერ ხარ”, – მეგობრული ტონით მითხრა: “ადამიანური სინაზის ტკბილი თაფლი…” – ვუპასუხე და ქვემოდან ავხედე. სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვკიდე თვალი: დამანჭული პირი, ჩაცვენილი ლოყები… კარგი სანახავი ვარ! ელექტრიკოსმა მორჩილად დამიქნია თავი; ბოთლით ხელში საცეკვაო მოედანი გადავკვეთე. ის იყო, მაგიდას მივადექი, რომ სალაროსთან ფეხი დამიცდა და იატაკზე მოვადინე ზღართანი. კაციშვილი არ წამომშველებია. მოცეკვავეების ფეხებს ვხედავდი, ჩემს თავს ზემოთ ბუქნას რომ უვლიდნენ. მსურდა, წელსქვემოთ გადამეჭრა ყველა, ჯოჯოხეთში მეგონა თავი.
გოგო-ბიჭების ერთი ჯგუფი ჩვენ მოგვიჯდა. ეტყობა, ფსევდო-ვერონიკას კლასელები იყვნენ. ტისერანი თავისას ახურებდა, მაგრამ, ჩანდა, არაქათი ეცლებოდა. ყურადღებას არავინ აქცევდა, სიტყვასაც არ უბრუნებდნენ. როცა ერთმა ბიჭმა ბართან მიგვიპატიჟა ჭიქა ვისკიზე, საწყალი ტისერანი არავის გახსენებია. ერთი პირობა წამოდგომა დააპირა და ფსევდო-ვერონიკასკენ გააპარა მავედრებელი მზერა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. გადაიფიქრა და ჩუმად დაეშვა სკამზე. მწარე ფიქრებში წასული, ვერც მამჩნევდა. ვისკი დავისხი.
ტისერანი წუთზე მეტი გახევებული იჯდა. მერე შეტოკდა: “უიმედობის ენერგიამ” რომ იცის ხოლმე, ისე. წამოხტა, მხარი მკრა და საცეკვაო მოდანს მიაშურა. მომღიმარ სახეზე მიზანსწრაფული კაცის იერი ედო. თუმცა, უწინდებურად გონჯი იყო.
ბევრი არც უფიქრია, თხუთმეტი წლის ქერათმიან, სექსუალურ შხვართს მიეჭრა. გოგოს მოკლე, თხელი თეთრი კაბა ოფლისგან ტანზე ეკვროდა. აშკარად ჩანდა, კაბის ქვეშ არაფერი ეცვა. თეთრი ტაკუნები ლამაზად ებზიკებოდა. ყავისფერი ძუძუს თავები მეტისმეტი აღგზნებისაგან გამკვრივებოდა. დისკ-ჟოკეიმ რეტრო-მუსიკის 15 წუთი გამოაცხადა.
ტისერანმა როკის საცეკვაოდ მიიწვია. ჯიქური შეტევით დაბნეულმა გოგომ უარი ვერ უთხრა. “პირველივე ჰანგებზე ვიგრძენი, რომ ტისერანმა მუხრუჭები მიუშვა. გოგოს ძალუმად არწევდა, კბილები ავად უელავდა. თავისკენ რომ მიიზიდავდა, ტრაკზე ხელს უთათუნებდა. მუსიკა დამთავრდა და გოგომაც დაქალების ჯგუფს მიაშურა. ტისერანი მოედნის შუაგულში იდგა გაბუტული ბავშვივით. პირიდან ნერწყვი მოდიოდა. გოგო დაქალებს რაღაცას უჩურჩულებდა და ტისერანისკენ ახედებდა. დაქალები სიცილით იხოცებოდნენ.
ამ დროს ფსევდო-ვერონიკაც დაბრუნდა ამხანაგებთან ერთად. რაღაცას გაცხარებით უმტკიცებდა შავკანიან ბიჭს. შეიძლება, მეტისი იყო. გოგოზე ცოტა უფროსად გამოიყურებოდა; ოცი წლის იქნებოდა. ჩვენი მაგიდის სიახლოვეს დასხდნენ. ჩავლისას ფსევდო-ვერონიკას ხელი დავუქნიე. დაინახა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
მერე როკს სლოუ მოჰყვა – ნინო ფერერის “სამხრეთი”. ჭკუიდან ასაწევი რამაა, ვერაფერს იტყვი. მეტისი მსუბუქად შეეხო ფსევდო-ვერონიკას მხარს. ერთდროუალდ წამოდგნენ. ამ დროს ტისერანი შემობრუნდა და ფსევდო-ვერონიკას პირისპირ აღმოჩნდა. ხელები გაშალა, პირი დააღო, მაგრამ ხმის ამოღება არ დასცალდა. მეტისმა ნელი, ზანტი მოძრაობით გასწია განზე და წყვილი საცეკვაო მოედანზე გავიდა.
შესანიშნავად ცეკვავდნენ. ფსევდო-ვერონიკა საკმაოდ მაღალი იყო, შეიძლება მეტრი და სამოცდაათი, მაგრამ ბიჭს მხრებამდე წვდებოდა. ტკიპასავით ეკვროდა პარტნიორს. ტისერანი გვერდით მომიჯდა. მთელი ტანით კანკალებდა, მოცეკვავე წყვილს მიშტერებოდა ჰიპნოზში მყოფივით. გასუსული ვუსმენდი ამ უსასრულო სლოუს. მერე ტისერანს მხარზე მოვუთათუნე: “რაფაელ…”
- რაღა დამრჩენია?
- წადი, დაანძრიე.
- სხვა საშველი არაფერია?
- არა, ამას არაფერი ეშველება. დასაბამიდან ასეა.
ქალიშვილების ეროტიკული ოცნების გმირი ვერასდროს გახდები და ამას უნდა შეეგუო. საშენო საქმე არ არის. ასეა თუ ისე, უკვე გვიანაა. სექსუალური ამრცხი, რომელსაც ყმაწვილობდან განიცდი, იმედის გაცრუება, რომელიც 13 წლის ასაკიდან მოგყვება, წარუშლელ კვალს ტოვებს შენში. ახლა, საყვარლებიც რომ გაიჩინო, – რაშიც, მართალი გითხრა, ეჭვი მეპარება, – საქმეს არაფერი ეშველება. არც არასდროს მოევლება. სიყვარულით ობოლი დარჩები მუდამ. ხომ გტკივა ჭრილობა? დრო გავა და ტკივილიც იმძლავრებს. ბოღმა აგივსებს გულს. არც პატიება გეღირსება, არც განკურნება. ასეა! მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს: ქალები, რომლებსაც ესოდენ ელტვი, შეგიძლია დაიმორჩილო. უფრო მეტი, რაც ყველაზე ძვირფასია მათში, ისიც შეგიძლია ხელში მოიგდო. რა არის, რაფაელ, ყველაზე ღირებული ქალში?
-სილამაზე?.. – გაუბედავად მკითხა.
- არა, ცდები. არც საშო, არც სიყვარული. სიცოცხლესთან ერთად ესეც ქრება. შენ შეგიძლია, მათ სიცოცხლეს დაეუფლო. ამ საღამოსვე დაიწყე, მკვლელი გახდი. სხვა არაფერი დაგრჩენია როდესაც ქალს დანას მოუღერებ, დაინახავ, როგორ აკანკალდება და შეწყალებასა გთხოვს. მიხვდები, შენი მონა-მორჩილია. სანამ მოკლავ, შეგიძლია ისიამოვნო კიდეც: მერწმუნე, რაფაელ, დანაზე უკეთეს მოკავშირეს ვერ ნახავ.
რაფაელი მოედანზე მოტრიალე წყვილს თვალს არ აშორებდა. ფსევდო-ვერონიკას ერთი ხელი მეტისის წელზე იდო, მეორეთი მხარზე ეხვეოდა. “მირჩევნია, ეს ტიპი გავასაღო…” _ მორცხვი ჩურჩულით მითხრა რაფაელმა. მივხვდი, ჩემმა სიტყვამ გაჭრა. წელში გავიმართე და ჭიქები შევავსე.
“თუ ასეა, რა გიშლის ხელს? – სკამზე წამოვიმართე – მოდი და იმ ზანგზე გაივარჯიშე, როგორც ჩანს, ერთად წავლენ. სანამ გოგოს მოაჯდება, უნდა დაბრიდო, სხვათა შორის, მანქანაში დანა მიგდია”.
10 წუთის შემდეგ გოგო და ბიჭი, მართლაც, ერთად გავიდნენ. ავდექი, ბოთლიც ხელს გამოვაყოლე. ტისერანი მორჩილად ამედევნა.
გარეთ მშვიდი, თითქმის ცხელი ღამე იდგა. მანქანების სადგომზე გოგო და ბიჭი ერთმანეთში რაღაცას არკვევდნენ. მერე მოტოროლერისკენ წავიდნენ. მანქანის წინა საჯდომზე დავჯექი და დანა ამოვიღე ჩანთიდან. დანის პირი მთვარის შუქზე აპრიალდა. გოგო და ბიჭი ერთმანეთს ეხვეოდნენ. კარგი სანახავი იყო! ჩემს გვერდით ტისერანი კანკალებდა. თითქოს ვგრძნობდი, როგორ ევსებოდა ასო თესლით. მანქანის ღილაკებზე თითები აათამაშა და შემთხვევით ფარები ჩართო. გოგომ თვალები მოჭუტა. მოტოროლერი დაიძრა; ჩვენც, ნელა, უკან მივყევით. “როგორ გგონია, ღამის სათევად სად წავლენ?” – შემეკითხა ტისერანი. “ეტყობა, გოგოს მშობლებთან. ასე ხდება ხოლმე. იქამდე არ უნდა მივუშვათ, მთავარ გზას გადავუხვევთ თუ არა, მოტოროლერი ვგლიჯოთ. სანამ აზრზე მოვლენ, ამ ტიპს წირვას გამოუყვან”.
მანქანა მსუბუქად მიუყვებოდა გზას. წინ, ფარების შუქზე ჩანდა, როგორ ეხვეოდა გოგო ბიჭს წელზე. ცოტა ხანი ვიყუჩე, მერე გავაგრძელე: “შეგვიძლია, გავსრისოთ, უფრო ნაღდი იქნება”.
- ეჭვიც არაფერზე აუღიათ, – მეოცნებენ ხმით თქვა ტისერანმა. ერთბაშად მოტოროლერმა მარჯვნივ გაუხვია და ზღვისკენ მიმავალ გზას დაადგა. ამას კი აღარ ველოდით. შეანელე-მეთქი, ვუთხარი ტისერანს. ცოტა ხანიც და მოტოროლერი გაჩერდა. ბიჭმა წაიჩალიჩა, საგანგაშო სიგნალი ჩართო და ქვიშის ბორცვებისკენ წაიყვანა გოგო.
ბორცვების პირველი წყება რომ გადავიარეთ, მაშინღა მივხვდი ყველაფერს. ჩვენს ფერხთით წყნარი ზღვის უზარმაზარი რკალი გაიშალა. მთვარე ნაზად ელამუნებოდა ტალღებს. წყვილი სამხრეთისკენ მიუყვებოდა წყლის პირს. უფრო მეტად ჩამოცხა: ივნისი გეგონებოდა. ტვინის საჭყლეტი არაფერი იყო: მათ ადგილას, მეც ასე მოვიქცეოდი. ტისერანს დანა გავუწოდე. დანა გამოამრთვა და უსიტყვოდ გამშორდა. მანქანასთან მივბრუნდი, კაპოტს მივეყრდენი და ქვიშაზე ჩამოვჯექი. ბოთლიდან ორიოდე ყლუპი მოვსვი. საჭეს მივუჯექი და მანქანა ზღვისკენ მივმართე. ცოტა სახიფათო საქმე იყო, მაგრამ ძრავა თითქმის არ ხმაურობდა. მინდოდა, ოკეანეში შევჭრილიყავი. ტისერანი კი არ ჩანდა.
როცა დაბრუნდა, სიტყვა არ დაუძრავს. გრძელი დანა ხელში ეკავა. ალესილი პირი ელავდა. სისხლის ლაქები ვერ შევამჩნიე. ერთბაშად სევდა მომეძალა. ტისერანმა, როგორც იქნა, ამოღერღა: “რომ მივედი, ორ ბორცვს შორის იყვნენ. ბიჭს გოგოსთვის კაბისა და ლიფის გახდა მოესწრო. მთვარე ლამაზ, მრგვალ ძუძუებს უნათებდა. მერე ბიჭს მიუახლოვდა და შარვლის ღილები შეუხსნა. წუწნა რომ დაუწყო, თავი ვეღარ შევიკავე”.
გაჩუმდა. ველოდებოდი. ზღვა ტბასავით უძრავი იყო. “შემოვტრიალდი და ბორცვებს შორის ხეტიალი დავიწყე. შემეძლო, ორთავე მომეკლა. არაფერი ესმოდათ, ჩემსკენ არც მოუხედავთ. დავანძრიე. არ მინდოდა მათი მოკვლა. სისხლი, საბოლოო ჯამში, არაფერს ცვლის”.
- ირგვლივ ყველგან სისხლი იღვრება.
- ვიცი. თესლიც იღვრება. კმარა, პარიზში ვბრუნდები.
წაყოლა არ შეუთავაზებია. ავდექი და გამოვბრუნდი, პლაჟი უკაცრიელი იყო. ისიც ვერ გავიგონე, როგორ დაიძრა მანქანა.
ის დღე იყო და ტისერანი აღარასოდეს მინახავს: იმ ღამეს პარიზის გზაზე უბედურებას გადაეყარა. ანჟერთან ნისლი დახვდა. მანქანას, როგორც ჩვევია, გიჟივით მიაქროლებდა. შუა გზაზე მოსრიალებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა, გამთენიისას. მეორე დღეს ქრისტეს დღესასწაული იყო. ოჯახმა მხოლოდ მესამე დღეს აცნობა ფირმას. წესის მიხედვით, ტისერანი უკვე დაეკრძალათ, ასე, რომ გვირგვინსა და მისამძიმრებას აზრი აღარ ჰქონდა. რამდენიმე სიტყვა ითქვა სიკვდილსა და ნისლში მგზავრობაზე. მერე ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა. სულ ეს იყო.
ტისერანის სიკვდილის ამბავი რომ შევიტყვე, გავიფიქრე, ბოლომდე მაინც იბრძოლა-მეთქი. ახალგაზრდული კლუბი, სათხილამურო აგარაკებზე გატარებული ზამთარი… ყოველ შემთხვევაში, ფარ-ხმალი არ დაუყრია, ხელები არ ჩამოუშვია… უამრავი მარცხის მიუხედავად, ბოლომდე ეძებდა სიყვარულს. ვიცი, თითქმის უკაცრიელ ადგილზე, მანქანის ჯართში ჩამარხულს, შავ კოსტუმსა და ოქროსფერ ჰალსტუხში გამოწკეპილს, გულში უწინდებურად ენთო ბრძოლის, დიახ, ბრძოლისა და ვნების ჟინი.
მესამე ნაწილი
1
“ა, ჰო, ეს უკვე მეორე საფეხურია.
შეიძლება ამოვისუნთქოთ…”
ტისერანის პარიზში გამგზავრების შემდეგ, ცუდად მეძინა. ეტყობა, ღამით დავანძრიე კიდეც. როცა გავიღვიძე, წებოვანი ლაქა ვნახე, ქვიშა სველი და ცივი იყო. ყველაფერი ყელში ამომივიდა. ვინანე, ზანგი რატომ არ ჩააძაღლა-მეთქი. ნათდებოდა.
ადამიანის საცხოვრებელს კილომეტრები მაშორებდა. ფეხზე წამოვდექი და გზას გავუყევი. სხვა რა ჩარა იყო? სიგარეტები დამისველდა, მაგრამ მოწევა შეიძლებოდა.
პარიზში ყოფილი თანაჯგუფელების წერილი დამხვდა. მირჩევდნენ, სადღესასწაულოდ ერთი-ორი ბოთლი კარგი ღვინო და პაშტეტი მეყიდა. გვიან მოუვიდათ-მეთქი, გავიფიქრე.
მეორე დღეს სამსახურში არ წავედი. ისე, უმიზეზოდ; უბრალოდ, არ მევასებოდა. ხალიჩაზე ჩაცუცქული, შეკვეთილი საყიდლების კატალოგს ვფურცლავდი. “გალერი ლაფაიეტის” ბროშურაში, “ახალი ამბების” სვეტში ადამიანების ერთობ საყურადღებო დახასიათებას გადავაწყდი:
“საქმეებით გადატვირთული დღის შემდეგ, ისინი ნებიერად გადაწვებიან სადა სტილის ტახტზე (შტეინერი, როზე, სინა), ჯაზს უსმენენ და დურიეს ხალიჩის ან პეტრე ფრეის შპალერის ნახატებს აყოლებენ თვალს. ჩოგბურთის სათამაშოდ თუ განეწყობიან, სააბაზანოში ივ-სენ-ლორენის ან ტედ ლაპიდუსის პირსახოცები მათ განკარგულებაშია. მერე დანიელ პეშტერის ან პრაიმროზ ბორდიეს სტილში გაწყობილ სამზარეულოში, ძმაბიჭებთან სადილობისას, სამყაროს გადასხვაფერებაზე იკამათებენ”.
პარასკევი და შაბათი უსაქმურობაში გავატარე, ვთქვათ, მჭვრეტელობაში, თუკი ეს სახელი ეთქმის. თვითმკვლელობის პარადოქსალურ სარგებლიანობაზე ვიფიქრე. მოდით, ჩავსვათ შიმპანზე ბეტონით ამოშენებულ ვიწრო გალიაში, ცხოველი ჭკუიდან აიწევა, კედლებს ეხეთქება, ბეწვს ბღუჯა-ბღუჯა იცლის, სხეულს კბილებით იგლეჯს და 73% შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს, თავს იკლავს. ახლა, მოდით, ერთი კედელი მოვანგრიოთ, რაიმე ღრმა ორმოს თავზე. ჩვენი სანდომიანი ოთხფეხა კიდესთან მივა, ქვემოთ ჩაიხედავს, დიდხანს დაჰყოფს ასე, გამობრუნდება, ისევ მიუახლოვდება, კიდევ და კიდევ, მაგრამ, ნურას უკაცრავად, არ ჩახტება. ერთი ეს არის, მღელვარება ჩაუცხრება.
შიმპანზეს ბედზე მედიტაცია შაბათ ღამემდე გაგრძელდა და, შედეგად, ახალი ცხოველური იგავი იშვა: “შიმპანზესა და წეროს გასაუბრება”. იშვიათი სიმახვილის პოლიტიკური პამფლეტი გამოვიდა. წეროთა გუნდის მიერ დატყვევებული შიმპანზე, პირველ ხანებში საკუთარ განცდებში ჩაძირული, ფიქრით სხვაგან მყოფს ჰგავდა. ერთ მშვენიერ დღეს, სიმხნევე მოიკრიბა და ყველაზე ხნიერ წეროსთან შეხვედრა მოითხოვა. წეროს რომ წარუდგინეს, სანამ უიმედობით გაჟღენთილ სიტყვას წარმოთქვამდა, ხელები ცად აღაპყრო:
“ეკონომიკურ და საზოგდაოებრივ სისტემბს შორის, კაპიტალიზმი, უეჭველად, ყველაზე ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ყველაზე უარესი. ამ დასკვნას რომ ვაკეთებ, აუცილებელია სათანადო მტკიცებანიც მოვიხმო, თავგზას რომ არ აგვიბნევს, ისეთი. მათი ამოქმედება უამრავ საბუთს წარმოგვიჩენს, რომლებიც წინასწარ გამოტანილ განაჩენს ძირს გაუმაგრებს, ისე, როგორც გრაფიტი ხდის მდგრადს ატომური რეაქტორის სტრუქტურას. არცთუ ისე ძნელი საქმეა, ჩვილი მაიმუნიც გაართმევს თავს. მიუხედავად ამისა, ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით.
ასოს ყელისაკენ თესლის მდინრების პროცესში, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანი, ვიტყოდი, აუცილებელი ფენომენია ამა თუ იმ სახეობის კვლავწარმოებისა, ხშირად ზოგიერთი სპერმატოზოიდების თავნებობას შენიშნავთ. ხან წინ იცქირებიან, ხან უკან, ზოგჯერ, დინების წინააღმდეგ მიცურავენ რაღაც დროით, კუდის ცახცახით კი თითქოს რამე ონთოლოგიურ ეჭვს გამოხატავენ. თუკი ამ გასაოცარ ჭოჭმანს სისწრაფით არ აანაზღაურებენ, დანიშნულ ადგილზე მისვლას აგვიანებენ და გენეტიკური აღწარმოების ზეიმში წილს ვერ იდებენ. სწორედ ასე დაემართა 1793 წლის აგვისტოში მაქსიმილიან რობესპიერს, რომელიც ისტორიის ქარტეხილმა წარიტაცა უკაცრიელ სანაპიროზე, ვითარცა მარცვალი ქვიშისა, ან კიდევ გაუწაფავი, ფრთასუსტი წერო, ზამთრის პირას რომ იშვა და ესოდენ უჭირს, გასაგები მიზეზების გამო, სწორი მიმართულების არჩევა ქარბორბალაში. ქარი განსაკუთრებით აფრიკის მისადგომებთან მძლავრობს; კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ჩემს მოსაზრებას.
სასჯელის აღსრულების დღეს, მაქსიმილიან რობესპიერს ყბა ჩაუმტვრიეს. პირი ხილაბანდით ჰქონდა აკრული. სანამ კუნძზე თავს დადებდა, ჯალათმა ხილაბანდი ააგლიჯა. რობესპიერს სიმწრის ღრიალი აღმოხდა, ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა, ჩამტვრეული კბილები მიწაზე დაცვივდა. ჯალათმა ხილაბანდი ჰაერში აიქნია, თითქოსდა, საბრძოლო ნადავლი ყოფილიყო და ეშაფოტის გარშემო შეკრებილ ბრბოს დაანახა. ხალხი იცინოდა და ანგლობდა.
ჩვეულებრივ, როცა ამ ადგილს მიადგება, მემატიანე აღნიშნავს: “რევოლუცია დასრულდა”. ზუსტი დაკვირვებაა.
ჯალათი დასისხლიანებულ ხილაბანდს იქნევს, შემოჯარული ბრბო ღრიალებს, მე კი ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ წუთს რობესპიერს საკუთარი ტანჯვა და განცდილი მარცხი არ აღელვებს. სხვა რამ უტრიალებს თავში. შეიძლება, იმედი? ან იქნებ, განცდა იმისა, რომ აღსრულდა ის, რისი გაკეთებაც ეწადა. მაქსიმილინ რობესპიერ, მე შენ მიყვარხარ!”
მოხუცმა წერომ დაღლილი, დინჯი, ავისმომასწავებელი ხმით უპასუხა: “Tat twam asi” . ცოტა ხნის შემდეგ, შიმპნზე სიკვდილით დასაჯეს. წეროების მახვილი ნისკარტით დახვრეტილმა და დასაჭურისებულმა, საშინელ ტანჯვაში დალია სული. რაწამს ეჭვის ქვეშ დააყენა სამყაროს წესი, შიმპანზემ საკუთარ თავს თავადვე გამოუტანა განაჩენი. თუმცა მისი გაგებაც შეიძლება. არ ტყუოდა.
კვირა დილით უბანში გავიარ-გამოვიარე. პური და ყურძენი ვიყიდე. წყნარი დღე იყო, ცოტაოდენ სევდიანი, პარიზს რომ ჩვევია კვირაობით, მით უფრო, როცა ღმერთი არ გწამს.
2
მომდევნო ორშაბათს სამსახურში მივედი, ისე, ყოველ შემთხვევისათვის. ვიცოდი, ჩემმა შეფმა შობასა და ახალ წელს შორის, შვებულება აიღო: ეტყობა, ალპებში წავიდა სათხილამუროდ. მეგონა, არავინ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ყურადღებას არავინ მომაქცევდა და მთელ დღეს მაგიდის კიდეზე ხელების კაკუნში გავატარებდი. მაგრამ, დახე უბედურებას, თერთმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე ვიღაც ტიპი შემოეხეტა და თავი ჩემს უფროსად წარმომიდგინა. ეგრე იყოს! ეტყობა, ჩემს შესახებ რაღაც-რაღაცეები შეიტყო, იცის, რასაც ვსაქმიანობ, თუმცა, საკმაოდ ბუნდოვნად. ცდილობს, გამიშინაურდეს. მე კი ვუძალიანდები.
შუადღისას, უიმედობისა გამო, ვიღაც კომერციულ თანამშრომელს და დირექციის მდივან ქალს მივყვები სასადილოდ. მსურდა, მათთვის აქეთურ-იქეთური გამომეკითხა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ადრე დაწყებულ საუბარს აგრძელებდნენ:
- მანქანის რადიოსთვის, – ამბობს კომერციული თანამშრომელი, – 20 ვატიანი გამაძლიერებელი ვიყიდე. 10 ვატი ცოტა მომეჩვენა, 20 ვატი კი კარგა ძვირი დამიჯდა. მგონი, ჩემი მანქანა ამად არ ღირს.
- მე კი ოთხი გამაძლიერებელი დავაყენე, – პასუხობს მდივანი ქალი, – ორი წინ, ორიც უკან.
კომერციულ თანამშრომელს ღიმილით სახე ებადრება. ასე და ამგვარად, არაფერი შეცვლილა, ყოველივე ისევ ისეა.
ნაშუადღევი ჩემს ოთახში გავატარე, ხან რას მივედე, ხან რას. ისე, დიდი არაფერი გამიკეთებია, ჟამიჟამ წიგნაკში ვიხედებოდი: 29 დეკემბერი იყო. 31-სთვის რამე უნდა მოვიფიქრო. 31-სთვის ყველა რაღაცას ფიქრობს. საღამოს “მეგობრულ ხაზს” ვურეკავ, მაგრამ დაკავებულია. დღესასწაულზე მუდამ ასეა. ღამის პირველ საათზე მწვანე მუხუდოს ქილა ავიღე და სააბაზანოს სარკეს გამეტებით ვხეთქე. რა კარგად დაიმსხვრა! ნამსხვრევმა თითი გამიჭრა და სისხლი მომდის. მსიამოვნებს. ამას ვნატრობდი!
მეორე დღეს, რვა საათზე, ფირმაში მივედი. ჩემი იერარქიული უფროსი იქ დამხვდა. ამ ჩერჩეტს აქ თუ ეძინა?! უსიამოვნო, ჭუჭყისფერი ნისლი გაზონებს მძიმედ აწვება. სამუშაო ოთახების ნეონები ერთმანეთის მიყოლებით ინთება და ქრება, ცხოვრების სვლა შენელდა. იერარქიული უფროსი ყავას მთავაზობს. ეტყობა, მაინც სურს დამაბას. ყავაზე უარი ვერ ვუთხარი და სულელურად მახეში ვტკუცე თავი: იმავე წუთს ერთობ საჩოთირო დავალება მომცა: მრეწველობის სამინისტროსთვის მიყიდულ პროგრამაში ხარვეზები უნდა აღმომეჩინა. ეტყობა, რაღაც შეცდომა გაიპარა. ორი საათი ვიმტვრიე თავი, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. მართალი რომ ვთქვა, საქმეს გული ვერ დავუდე.
10 საათი იყო, ტისერანის სიკვდილი რომ შევიტყვეთ. “ოჯახიდან დარეკეს, _ გვამცნო მდივანმა, – სამგლოვიარო წერილსაც გამოგვიგზავნიან”. ვერ ვიჯერებ, საშინელ ზმანებად მეჩვენება, მაგრამ სიმართლეს სად დაემალები?
გვიან დილით, კატრინ ლეშარდუამ დამირეკა. სათქმელი ბევრი არაფერი ჰქონდა. “შევხვდებით…” მითხრა დამშვიდობებისას. გაოცებული დავრჩი.
შუადღისას ფირმიდან გამოვედი. წიგნის მაღაზიაში მიშლენის რუკა ¹80 ვიყიდე. სამუშაო ოთახში ჩავიკეტე და რუკის ფურცვლა დავიწყე. 17 საათისათვის გადაწყვეტილება მზად იყო: სენ-სერგ-ან-მონტანში უნდა წავიდე. ამ პატარა დასახლების სახელი ტყეებს, უკაცრიელ ადგილებსა და მთებს მახსენებდა. 30 კილომეტრზე კაციშვილს ვერ დალანდავ. ვგრძნობდი, რომ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის ზღურბლზე ვიდექი: 31 დეკემბერსა და 1 იანვარს შორის სწორედ აქ, ამ ადგილზე, მეწვევა სულიერი ამაღლება, სწორედ იმ წუთს, როცა ახალი წლის ზარი დარეკავს. მაგიდაზე წერილი დავტოვე: “რკინიგზაზე გაფიცვის გამო ადრე მიხდება წასვლა”. ტვინი დავძაბე და მეორე წერილიც მივაყოლე: “ავად ვარ”. სახლამდე გაჭირვებით მივედი: ტრანსპორტის დილით დაწყებული გაფიცვა მთელ ქალაქს მოედო: მეტრო არ მუშაობდა, ერთი-ორი ავტობუსი თუ მოძრაობდა კანტი-კუნტად.
ლიონის სადგური ალყაშემორტყმული გეგონებოდა: პოლიციის პატრულები ლიანდაგების გასწვრივ მიმოდიოდნენ. სადგური ზონებად იყო დაყოფილი. გაფიცულებმა მატარებლები ადგილზე გაყინესო, ამბობდნენ. ჩემი მატარებელი თითქმის ცარიელი იყო და გულმშვიდად ვიმგზავრე. ლიონ-პერაშის სადგურის წინ უამრავი ავტობუსი იდგა, სად გინდა, რომ არ მიდიოდნენ: კლუზა, კურშეველი, ვალ დიზერი… მაგრამ, არდეშისა რა მოგახსენოთ; ამიტომ ტაქსი დავიჭირე. პარ-დიოში დიდხანს ვიდექი ავტობუსების მოშლილი ელექტროტაბლოს წინ, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ერთი ავტობუსი მეორე დღეს დილის 6 საათზე გავიდოდა ობენასკენ. ღამის პირველის ნახევარი იყო.
ღამის გატარება ავტობუსში გადავწყვიტე. მივქარე. სადგურის თავზე ულტრათანამედროვე, მინისა და ბეტონის უზარმაზარი ნაგებობაა, ოთხ თუ ხუთსართულიანი, ნიკელირებული ესკალატორებით, რომელიც ადამიანის მოახლოებაზე ყურისწამღები ხრჭიალით ირთვება. შენობაში სხვა არაფერია გარდა მდიდრული მაღაზიებისა (პარფიუმერია, მაღალი მოდა, ელექტრონიკის სიახლენი) გამომწვევი ვიტრინებით. ერთ საჭირო ნივთს ვერ ნახავ. ყველა კუთხე-კუნჭულში ვიდეო, მუსიკალური კლიპები და რა თქმა უნდა, “ტოპ 50″ ჯგუფის მოდური სიმღერები. ღამით აქაურობას უბნის ბიჭები და მათხოვრები ავსებენ. ბინძური, ბოროტი არსებანი, ხეპრე და ბრიყვი, რომლებიც სისხლში, ზიზღსა და საკუთარ განავალში დაფათურობენ. ნეხვის ბუზებივით ირევიან თვალისმომჭრელ ვიტრინებთან. ჯოგებად დადიან, იცინიან, მარტოკაცს სიცოცხლე არ უწერია. ვიდეოსთან ჩერდებიან და აზრისგან დაცლილი თვალებით რეკლამას აშტერდებიან. ზოგჯერ კინკლაობენ და დანას აძრობენ. ისიც ხდება, რომ დილაობით ვიღაცის გვამს პოულობენ, ძმაბიჭების მიერ ყელგამოღადრულს.
მთელი ღამე ამათ გვერდით გავატარე. შიში არ მომკარებია. ის კი არა და, ყველას დასანახად, სალაროდან ფული გამოვიტანე. 1400 ნაღდი ფრანკი. ამაზე მეტი ცდუნება რაღა გინდა! დიდხანს, დიდხანს მიყურეს, მაგრამ არც ერთი არ გამომელაპარაკა, არც კი მომიხლოვდა.
დილის ექვს საათზე გადავიფიქრე და ნაშუადღევს უკვე პარიზის მატარებელში ვიყავი.
31 დეკემბერს მძიმე ღამე მელის. რაღაც ინგრევა ჩემში, მინის ტიხარივით იმსხვრევა. სიგიჟემდე მისული, ბოლთას ვცემ ოთახში. მსურს რაღაც ვაკეთო, თუმცა, ვიცი, ხელი მოემცარება. მარცხი მარცხს გადაება. მხოლოდ სადღაც, შორეთში, მიუწვდომელი თვითმკვლელობის აჩრდილი დააბოტებს.
შუაღამისას მივხვდი, რომ გზისგასაყარზე აღმოვჩნდი. რაღაც მოხდა, მტკივნეული, შინაგანი. ვერაფერი გამიგია!
1 იანვარს გუნება შემეცვალა, აზრი დამიჩლუნგდა, ლამის გამოვთაყვანდი. არცთუ ისე ურიგო განცდაა!
შუადღისას ფსიქიატრს დავურეკე და შეხვედრა დავუნიშნე. მინიტელში ფსიქიატრთან დაკავშირების მთელი სისტემაა; ეუბნები, რა დრო გაწყობს, ოპერატორი კი ექიმს გიპოვნის. ჩინებული რამაა!
ჩემს ექიმს ნეპოტი ჰქვია. მეექვსე არონდისმანში ცხოვრობს. ფსიქიატრების უბანია, ასე მგონია. რვის ნახევარზე მივედი. ნაღდი ფსიქიატრის გარეგნობა აქვს, ცოტა შერეკილი. ბიბლიოთეკას წუნს ვერ დასდებ, არც აფრიკული ნიღბებია, არც “Sexus”-ის ძვირფასი გამოცემა. ფსიქოანალიტიკოსი არ უნდა იყოს. კარგი ნიშანია!
არდეშში ჩაშლილმა მოგზაურობამ, როგორც ჩანს, დააინტერესა, ჩამეძია და ამოჩიჩქნა, რომ მშობლები არდეშელები მყავდა. კვალსაც მიაგნო: მისი აზრით, მე, თურმე, “საკუთარ პიროვნულობას” ვეძებ. “ყველა თქვენი მოგზაურობა ამის უტყუარი დასტურია” – თამამად განმიცხადა. ვინ იცის? თუმცა, ცოტაოდენ ეჭვი მეპარება.
მივლინებებს რაღა ვუყოთ. კამათის თავი არ მაქვს. საკუთარი თეორია აქვს, მორჩა და გათავდა. შეიძლება, ასე ჯობს!
მერე, მოულოდნელად, სამსახურზე ჩამოვარდა ლაპარაკი. არაფერი მესმის. სამსახურთან რა ესაქმება? ძაღლის თავი სულ სხვაგან მარხია.
იგი აზრს აზუსტებს და “საზოგადოებრივი კავშირ-ურთიერთობების” შესაძლებლობებზე ლაპარაკობს. სამსახურს გვერდს ვერ ავუვლით. ვიცინი. ექიმი გაოცებას ვერ მალავს. ორშაბათისთვის დამიბარა.
მეორე დღეს სამსახურში ვრეკავ და ვეუბნები, რომ “ავადმყოფობამ შემიბრუნა”. ფეხებზე კიდიათ!
3
შაბათ-კვირამ ისე ჩაირა, ვერც გავიგე. ძილით გავძეხ. მიკვირს, მხოლოდ 30 წლის ვარ, თავი კი ბებერი მგონია.
პირველი უბედურება მომდევნო ორშაბათს, დღის 12 საათზე მოხდა. იმ ტიპს შორიდან მოვკარი თვალი; გუნება გამიფუჭდა. ძალიან მიყვარს, თავაზიანი კაცია, თანაც გაუბედურებული. ვიცი, რომ ცოლგანაყარია, კარგა ხანია, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ისიც ვიცი, რომ ღვინოს ეტანება. არავითარი სურვილი არ მაქვს, ამ საქმეში გავერიო.
მომიახლოვდა, მომესალმა და რაღაც მკითხა კომპიუტერის პროგრამის თაობაზე. ქვითინი ამიტყდა. თავზარი დაეცა და ენა ჩაუვარდა. მგონი, ბოდიშის მოხდაც უნდოდა, თუმცა, საბოდიშო არაფერი ჰქონდა იმ საბრალოს.
როგორც ჩანს, იმ წამსვე უნდა გამოვსულიყავი ოთახიდან. მარტონი ვიყავით, მოწმის გარეშე, ასე, რომ შეიძლება არც არაფერი მომხდარიყო.
მეორე უბედურება 1 საათის შემდეგ მოხდა. ახლა, ოთახი ხალხით იყო გაჭედილი. ვიღაც გოგო შემოვიდა, საკრებულოს უკმაყოფილო მზერა მოავლო და მაინც და მაინც მე ამომიჩემა. უზომოდ ბევრს ექაჩები, ოთახი გაბუღე, სხვები ფეხებზე გკიდიაო, მომდგა და მომდგა. სილა ვტკიცე. გოგოც იმ ტიპივით გაშტერდა. ეტყობა, ესეთებს ჩვეული არ იყო: ჩანს, ბავშვობაში ცემა-ტყეპა დააკლდა. ერთი კი გავიფიქრე, ვაი თუ საპასუხო მთხლიშოს-მეთქი. ვიცოდი, ეს რომ ექნა, ცრემლად დავიღვრებოდი.
გოგომ ცოტა ხანი იყუჩა, მერე თქვა: “თუ ასეა…” ქვედა ყბა ჩამოუვარდა. ყველა ჩვენ შემოგვცქეროდა.
ოთახში დუმილმა დაისადგურა. თავი ვიბრუნე და ყველას გასაგონად ვთქვი: “ფსიქიატრს უნდა შევხვდე”, და გავედი.
ფსიქიატრი მართლაც უნდა მენახა, მაგრამ სამი საათის შემდეგ. ფასტ-ფუდში შევეხეტე… ჰამბურგერის მუყაოს თეფში ნაკუწებად ვაქციე. ისე, უმიზეზოდ.
ჩემი ხუშტურების ამბავი რომ ვუამბე, ფსიქიატრმა მირჩია, ერთკვირიანი შვებულება ამეღო. ისიც მკითხა, მოკლე ხნით დასასვენებელ სახლში ხომ არ წახვალო. ცივი უარი ვტკიცე; გიჟების მეშინია.
ერთი კვირის შემდეგ ისევ ვესტუმრე. სათქმელი დიდი არაფერი მქონდა. ერთი-ორი სიტყვა კი ვუთხარი. საწერი წიგნაკისკენ თვალს ვაპარებ, თავდაყირა ვკითხულობ, რას წერს: “აზრის ნაკადის შეყოვნება”. აჰა, ესე იგი, მას რომ კითხო, ჩერჩეტი ვარ და ეგ არის. მაგრამ, მეცნიერული ჰიპოთეზაა, სხვა არაფერი. დროდადრო მაჯის საათს დასცქერის (ოთხკუთხედი, ოქროცვარული ციფერბლატი): ასე მგონია, არც თუ ისე ვაინტერესებ. ვინ იცის, თავაშვებული კლიენტებისთვის შეიძლება მაგიდის უჯრაში რევოლვერიც აქვს შემონახული.
ნახევარი საათი ვისაუბრეთ. ბოლოს, რაღაც ზოგადი ფრაზები წარმოთქვა სულიერი სიცარიელის თაობაზე, სამედიცინო ცნობა ახალი ვადით გამიგრძელა და წამლებიც დამიმატა. თქვენს მდგომარეობას დეპრესია ჰქვიაო, მამცნო ოფიციალურად. მე დეპრესია შემეყარა! კარგი სახელწოდებაა, რა მეთქმის! არა, სულაც არ მგონია, რომ სადღაც, ფსეკრზე დავეშვი. უბრალოდ, ჩემს გარშემო არსებული სამყარო აიზიდა. სულ ეს არის.
მეორე დილით ფირმაში დავბრუნდი. შეფმა გამომიძახა “საქმეების მოსაგვარებლად”. როგორც მოველოდი, ვალ დიზერიდან მზით გარუჯული დაბრუნდა, მაგრამ თვალებთან ნაოჭები გასჩენია. უფრო მოხდენილი მახსოვს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმედგაცრუება ვიგრძენი.
არც ვაციე, არც ვაცხელე, “დეპრესიაში ვარ”-მეთქი ვაჯახე. თვალები გადმოკარკლა, მაგრამ წამსვე გონს მოეგო. საუბარი მდორედ მიედინება, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ იმ წუთიდან ჩვენ ორს შორის უხილავი კედელი აღიმართა. ამიერიდან თავის ტოლად აღაროდეს მიმიჩენვს, არც თავის თანამდებობას გადმომილოცავს; ჩათვალეთ, რომ მისთვის აღარც ვარსებობ. დავიბრიდე! ვიცი, სამსახურიდან გამაპანღურებენ, რაწამს ჩემს შვებულებას ვადა გაუვა. დეპრესიაში მყოფთ ასე ექცევიან. ამის მეტი რა ვიცი?!
მიუხედავად ყველაფერისა, თავაზიანად მელაპარაკება. არაფერს იმჩნევს. ჩემს უბედურებას გაგებით ეკიდება. ერთი გზობა ისიც მითხრა, ჩვენს პროფესიაში მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არ გახლავთო. დიდ დატვირთვას განვიცდითო. არცთუ ისეთს-მეთქი, სიტყვა შევუბრუნე. შეკრთა, თითქოსდა გამოფხიზლდა და საუბარს ბოლო დაუდო. იმდენი ზრდილობა კი ეყო, რომ კარებთან მივეცილებინე, თუმც ორიოდ ნაბიჯით ჩამორჩა, თითქოს ეშინოდა, ზედ არ მერწყია. “მაშ ასე, ახლა დაისვენეთ და არაფერზე იღელვოთ”, _ მითხრა დამშვიდობებისას.
ოთახიდან გამოვედი. გაუმარჯოს თავისუფლებას!
4
ჟან-პიერ ბუვიეს აღსარება
მომდევნო კვირებმა ნელი ვარდნის მოგონება დამიტოვა; ერთი გრძელი დაშვება, კიდევ უფრო ამაზრზენი პაუზებით გაჯერებული. ფსიქიატრის მეტს არავის ვნახულობდი. შეღამებისას, სიგარეტის და პურის საყიდლად გამოვდიოდი. ერთ შაბათ საღამოს ჟან-პიერ ბუვიემ დამირეკა; აღელვებული მეჩვენა.
“რაო, ეკლესიას ხომ არ შეეშვი?” – ყინულის გალხობა მოვინდომე.
- უნდა გნახო.
- რატომაც არა…
- ახლავე თუ შეგიძლია.
მის ბინაში ფეხი არასოდეს შემიდგამს. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვიტრიში ცხოვრობდა. სტანდარტულ სახლს არა უშავდა რა. ორმა ახალგაზრდა არაბმა თვალი გამომაყოლა; გვერდით ჩავლისას ერთმა ზედ ფეხებთან მომაფურთხა. კიდევ კარგი, სახეში არა.
ბინის ქირას საეპისკოპოსო უხდიდა, ან რაღაც ამის მსგავსი.
ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაფლული ბუვიე, “წმინდა საღამოს” უყურებდა. უგუნებოდ იყო. ჩემს მოლოდინში, ეტყობა, კარგა ბლომად ლუდი ყლურწა.
- აბა, რასა იქმ? – გულთბილად ვკითხე.
- ხომ გითხარი, ვიტრი რთული სამრევლოა-მეთქი, იმაზე უარესი, ვიდრე წარმოგიდგენია. აქ გამამწესეს თუ არა, შევეცადე, ახალგაზრდები შემომეკრიბა. ერთიც არ მოსულა. სამი თვეა, ჩვილი არ მომინათლავს. მესაზე ხუთი მლოცველი თუ შემოივლიდა, ოთხი აფრიკელი ქალი და ერთი ბრეტონელი ბებრუხანა. 82 წლის იქნებოდა, რკინიგზაზე მსახურობდა. დიდი ხნის ქვრივი იყო, შვილებმა მიატოვეს, მათი ასავალ-დასავალიც არ იცოდა. ერთ კვირადღეს, წირვა გააცდინა. შინ შევუარე, აქვე ახლო ცხოვრობს, ქოხმახებში (ხელი სადღაც იქით გაიქნია და იატაკის ხალიჩას ლუდი მოასხურა). მეზობლებმა მითხრეს, თავს დაესხნენო. საავადმყოფოში წაუყვანიათ, მსუბუქი მოტეხილობა ჰქონდა. სანახავად მივედი. ძვლების გამთელებას დრო ჭირდებოდა, საგანგაშო სხვა არაფერი იყო. ერთი კვირის შემდეგ ისევ მივედი და აკი მკვდარი დამხვდა. რა მოხდა-მეთქი, ვიკითხე; ექიმებმა პასუხი არ მაღირსეს. უკვე დაეკრძალათ. კაციშვილს არ მოუკითხავს. დარწმუნებული ვარ, რელიგიურ დაკრძალვას ისურვებდა. ჩემთან ამაზე სიტყვა არასოდეს დაუძრავს, სიკვდილზეც არ გვისაუბრია, მაგრამ, ვიცი, აეთი სურვილი ჰქონდა.
სანამ კიდევ რამეს იტყოდა, ერთი ყლუპი მოსვა: “სამი დღის შემდეგ პატრიცია მეწვია”.
მრავალმნიშვნელოვნად გაყუჩდა. ტელევიზორის ეკრანს გავხედე, ხმა არ ისმოდა. ტრაკმოშიშვლებულ მსახიობ ქალს გარს გველები ეხვივნენ, მგონი, ანაკონდები. მერე მზერა ბუვიეზე გადავიტანე და ძმაკაცურად გაღიმებას შევეცადე. ბუვიემ სიტყვა გააგრძელა: “აღსარების თქმა სურდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ამისა არაფერი გაეგებოდა. პატრიცია იმ განყოფილების ექთანი იყო, სადაც მოხუცი ქალი იწვა. ექიმების საუბარს მოკრა ყური. როგორც ჩანს, სულაც არ ეპიტნავებოდათ, მოხუც ქალს დიდხანს დაეკავებიან საწოლი. “ზედმეტი ბარგიაო”, – ასე ამბობდნენ; ჰოდა, გადაწყვიტეს, საწამლავი მიეცათ, ტკივილგამაყუჩებლების დიდი დოზა, რაც სწრაფ და უმტკივნეულო სიკვდილს იწვევს. წუთში შეთანხმდნენ. მერე, განყოფილების გამგემ პატრიციას მოხუცისთვის ნემსის გაკეთება უბრძანა. პატრიციამ იმ ღამესვე გაუკეთა ნემსი. ეს მისთვის ეუთანაზიის პირველი მცდელობა იყო, სამაგიეროდ ბევრ მის კოლეგას ამ საქმეში ხელი გაწაფული ჰქონდა. მოხუცს ბევრიც აღარ უწვალია, ძილში გაიპარა. პატრიციას კი, ის დღეა და თეთრად უთენდება ყოველი ღამე. ძილის ეშინია, მოხუცი ქალი ესიზმრება.
- მერე და შენ რა გააკეთე?
- საპატრიარქოში მივედი. ყველაფერი სცოდნიათ. იმ ჰოსპიტალში ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. აქამდე არავის უჩივლია; ერთი-ორი შემთხვევა გამჟღავნდა, მაგრამ სასამრთლომ ეჭვმიტანილები გაამართლა.
გაჩუმდა, ბოთლი ერთი მოსმით გამოცალა და ახალი გახსნა. მერე ისევ შეუბერა:
- ერთი თვის განამვლობაში, ყოველ ღამე ვხვდებოდი პატრიციას. არ ვიცი, რა ეშმაკი შემიჯდა. სემინარიის შემდეგ ცდუნეაბს არასოდეს ავყოლივარ. პატრიცია ისეთი ნაზია, ისეთი გულუბრყვილო. რელიგიისგან შორს იყო, ძალიან კი აინტერესებდა. არც ის ესმოდა, რატომ ეკრძალებათ მღვდელთმსახურებს ქალებთან ურთიერთობა. ხშირად უკითხავს საკუთარი თავისთვის სექსუალური ცხოვრება თუ აქვთ, ან, იქნებ, თვითვე იკმაყოფილებენ თავსო. ყველა კითხვაზე ვპასუხობდი, არ ვეკრძალებოდი. ამ ხნის განამვლობაში სახარება ხელიდან არ გამიშვია. არც ის მიფიქრია, ცუდს რასმე ჩავდივარ-მეთქი. ვგრძნობდი, რომ ქრისტე გვერდით მედგა, მამხნევებდა.
ისევ გაჩუმდა. ეკრანზე რენოს რეკლამა გამოჩნდა. ასეთი მანქანა ბევრს დაიტევს, შეგიძლია ქალთან ერთად წამოწვე კიდეც.
“წინა ორშაბათს, პატრიციამ მითხრა, სხვას ვხვდებიო. დისკოთეკაში უნახავს. მეტს ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანიო. ბიჭების ცვლა ყვარებია, რას ერჩი, ოცი წლისაც არ არის. გულის სიღრმეში ძალიან ვუყვარდი, უფრო მეტად კი კიურესთან წოლა აღაგზნებდა: სასაცილო და საინტერესო ეჩვენებოდა. კრინტს არავისთან დავძრავო, ამის შიში ნუ გექნებაო, – მითხრა.
ამჯერად დუმილი ორი წუთი გაგრძელდა. მაცოდინა, ჩემს ადგილზე ფსიქოლოგი რას ეტყოდა. ვერც ვერაფერს. ბოლოს უცნაურმა აზრმა გამიელვა:
- აღსარება უნდა თქვა.
- ხვალ წირვას ვასრულებ. მგონი, ვერ შევძლებ, არაფერი გამომივა, ვგრძნობ, რომ თან არ მახლავს.
- ვინ არ გახლავს?
ამის შემდეგ ბევრიც აღარ გვილაპარაკია. დროდადრო რაღაცას ვბოდიალობდი: “ჰო, მაშ ასეა, არა?”; ბუვიე ბოთლს ბოთლზე ცლიდა. აშკარა იყო, ვერაფრით ვუშველიდი. ბოლოს და ბოლოს, ტაქსი გამოვიძახე.
ზღურბლთან მისულს “ნახვამდისო” წამომაწია. არა მგონია, ოდესმე კიდევ ვნახოთ ერთმანეთი.
ჩემთან ციოდა, გამახსენდა, რომ ამ საღამოს, შინიდან გამოსვლისას, მუშტით ფანჯარა ჩავამტვრიე. ხელზე ნაკაწრიც არ მეტყობა.
ვწვები და ვიძინებ. საშინელი ზმანებანი ცოტა მოგვიანებით მესტუმრებიან. უცნაური და უცნობი სიზმრები, და მაინც სიამოვნების მომგვრელნი.
შარტრის ტაძრის თავზე დავფრინავ. მისტიური ხილვაა. რაღაც საიდუმლოს შეიცავს, უკანასკნელ საიდუმლოს. ამასობაში ბაღში, ტაძრის კარიბჭესთან, მონაზვნები იყრიან თავს. ისინი ალერსით ხვდებიან მოხუცებსა და მომაკვდავებს და ამცნობენ, რომ რაღაც საიდუმლო მაქვს მათთვის გასანდობი.
ახლა საავადმყოფოს დერეფანში მივაბიჯებ. ვიღაც კაცმა პაემანი დამინიშნა, მაგრამ დამაღალატა. ცოტა ხანი მორგში ველოდები, მერე უკვე სხვა დერეფანს მივუყვები. კაცი, რომელმაც საავადმყოფოდან უნდა გამიყვანოს, არსად ჩანს… რაღაც გამოფენას ვესწრები; სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხელემ, პატრიკ ლერუამ მოაწყო. ილუსტრირებული ჟურნალებიდან ცნობილი პერსონაჟების სურათები ამოუჭრია, სხვადასხვა ნახატებზე დაუწებებია და ახლა მამასისხლად ყიდის. ასე მგონია, სურს მეც ვიყიდო რამე. საკუთარი თავით კმაყოფილია, მაგრამ თვალებს მუქარით აბრიალებს.
ახლა ისევ შარტრის ტაძარზე დავფრინავ. ისეთი სიცივეა, ქვას გახეთქავს. სრულიად მარტო ვარ. ფრთებით ჰაერს ვაპობ და მივსრიალებ.
კოშკებს ვუახლოვდები, მიდამოს ვერ ვცნობ. უზარმაზარი კოშკებია, ჩაშავებული, ავისმომასწავებელი. შავ მარმარილოზე მრუმე შუქი ირეკლება, კედლებზე ჭყეტელად შეფერადებული მომცრო ქანდაკებები ორგანული ცხოვრების საშინელებებს წარმოსახავენ.
ვეცემი, კოშკებს შორის ვეცემი. სახეზე, რომელიც სადაცაა, მიწას დაენარცხება, სისხლის ღვარები დამდის და კანს მისერავს. ცხვირის ადგილზე ღრმულია, საიდანაც ორგანული ნივთიერება იღვრება.
ახლა შამპანის ველებში ვარ. კაცის ჭაჭანება არ არის. თოვლის ფიფქები, ილუსტრირებული ჟურნალის ნაგლეჯებთან ერთად, ჰაერში დაფარფატებენ. ტექსტი მსხვილი ასოებითაა აწყობილი. 1900 წლის გამოცემაა. რეპორტიორი ვარ თუ ჟურნალისტი? ეტყობა, ჩემი ტექსტია. ერთობ ნაცნობი სტილია. ასეთი მოწუწუნე სტილი ანარქისტებსა და სურრეალისტებს სჩვევიათ.
ოქტავ ლეონსე, ოთხმოცდათორმეტი წლისა, მკვდარი იპოვეს საკუთარ გომურში. პატარა ფერმა, ვოჟებში… მოკლულის და, ლეონტინ ლეონსე, ოთხმოცდაშვიდი წლისა, ვითომც არაფერიო, სიამოვნებით წარუდგენს გვამს ჟურნალისტებს. ბოროტმოქმედების იარაღებიც აქვეა, სამზეოზე: ხერხი და ხის სახვრეტი რაღაც ხელსაწყო, რა თქმა უნდა, ორთავე სისხლით მოთხვრილი.
ბოროტმოქმედებათა რიცხვს ბოლო არ უჩანს. მსხვერპლნი შორეულ ფერმაში მარტოდ დაყუდებული მოხუცი ქალები არიან. მკვლელობის ადგილას, ახალგაზრდა მოუხელთებელი მკვლელი თავის სამუშაო იარაღებს ტოვებს. აქ, რკინის საჭრეთელს, იქ, სასხლავს, სხვაგან კიდევ ცალტარიან ხერხს.
მაგია, თავხედობა, თავნებობა…
ვიღვიძებ. ცივა. ძილს თავს ვერ ვართმევ. ყოველთვის, იმ იარაღების დანახვაზე, მტკივნეულად ვგრძნობ მსხვერპლის ტანჯვას. ცოტაც და ასო ამიბრიქდა. სასთუმალთან პატარა მაგიდაზე მაკრატელი დევს. ასო უნდა მოვიჭრა, გამიელვა თავში. წარმოვიდგინე, როგორ ვიღებ მაკრატელს; ნაზი ხორცის სუსტი წინააღმდეგობა, გასისხლიანებული ნაგლეჯი და სავარაუდო გულყრა.
ხორცის ნაჭერი იატაკზე გდია, წებოვანი სისხლით გაჟღენთილი.
11 საათზე ისევ ვახელ თვალებს. თითო ოთახში თითო მაკრატელი მაქვს. ვიღებ და წიგნების ქვეშ ვჩურთავ. ნებისყოფაც ამას ჰქვია! მაგრამ არაფერი გამომივიდა. სურვილი არ ქრება, პირიქით, მიმძლავრდება, სახეს იცვლის. ახლა, მინდა მაკრატელს დავწვდე, ვიგლიჯო და თვალები დავითხარო. განსაკუთრებით მარცხენა, ის ადგილი, რომელსაც კარგად ვიცნობ: აქ გუგა თითქოს უფრო ჩაღრმავებულია.
მერე წამალს ვსვამ და მორჩა, ყველაფერი რიგზეა.
5
ვენერა და მარსი
როგორც იქნა, გადავიტანე ის ღამე. დილით კი ექიმ ნეპოტის წინადადებას ჩავუფიქრდი და აზრი შევიცვალე. აკი მირჩია, დასასვენებელ სახლში წადიო. ექიმმა მხურვალედ მომილოცა. გამოჯანმრთელებისკენ მიამვალი ნაღდი გზა არისო, მითხრა. დასაფასებელი ის იყო, რომ არჩევანი მე მეკუთვნოდა. განკურნების მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ვიღებდი. მაგარი ვარ! მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი მაგარი!
ასე აღმოვჩნდი რუეი-მალმეზონში, ნეპოტის წერილით ხელში. შენობა პარკში იდგა. ჭამის დრო ყველასთვის ერთი იყო. მართალი თუ გნებავთ, პირველ ხანებში, მსუყე საკვებს პირს ვერ ვაკარებდი. მყისვე საშინელი სლოკინი ამიტყდებოდა და ვარწყევდი. ერთიც იქნება და კბილებს ამოვაყოლებ-მეთქი, ვფიქრობდი. სისხლის გადასხმა დამჭირდა.
კოლუმბიელი მთავარი ექიმი ვერაფრით მეხმარებოდა. ნევროზით დაავადებულთათვის დამახასიათებელი სერიოზულობით ვუმტკიცებდი ექიმს, ჩემი საშველი არ არის-მეთქი. უამრავი არგუმენტი მოვიხმე, თანაც ჯიუტად ვუმეორებდი, უმცირესიც კი საკმარისია თავის მოსაკლავად-მეთქი. მეჩვენებოდა, რომ მისმენდა. ყოველ შემთხვევაში, ხმას არ იღებდა, ეს იყო, ზოგჯერ მთქნარებას იკავებდა. რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი ყველაფერს: ხმადაბლა ვლაპარაკობდი, ექიმი კი, საკმაოდ მწყრალად იყო ფრანგულზე. ამდენი ვილაყბე და სიტყვაც არ გაუგია.
ფსიქოლოგმა ქალმა, მასზე ხნიერმა, მაგრამ გაცილებით დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომმა, მართლაც რომ ფასდაუდებელი სამსახური გამიწია. ისიც უნდა ვთქვა, რომ კაეშანის თაობაზე შრომას ამზადებდა და, რაღა თქმა უნდა, ჩემისთანა პაციენტი მისწრება იყო. ჩვენს საუბრებს მაგნიტოფონზე იწერდა, თუმცა, ჯერ ნებართვას მთხოვდა. მეც რა, ნება თქვენია-მეთქი, ვეუბნებოდი. მომწონდა მისი დაღარული ხელები და დაკვნეტილი ფრჩხილები. მით უფრო, როცა ღილაკს აჭერდა თითს. სამაგიეროდ ვერ ვიტანდი სტუდენტ ფსიქოლოგებს; დამპალი ნაბიჭვრები, მეტს ვერაფერს იტყვი. მაგრამ ეს ხანში შესული ქალი, სარეცხის მანქანასთან მოფუსფუსე დიასახლისს რომ გავდა, ხილაბანდაკრული სახით, ჩემს ნდობას მართლაც რომ იმსახურებდა.
პირველ ხანებში ჩვენი ურთიერთობა არცთუ ისე უღრუბლო იყო. მსაყვედურობდა, ისეთი ზოგადი სოციოლოგიური ცნებებით ლაპარაკობ, სმენად არ ღირსო. საკუთარ თავზე ილაპარაკე, საკუთარ “მე”-ს ჩაუღრმავდიო, მიჩიჩინებდა.
საკუთარი “მე” ყელში ამომივიდა-მეთქი, შევეპასუხე.
- როგორც ფსიქოლოგი, ასეთ საუბარში ვერ აგყვებით, არც თქვენ გირჩევთ. საზოგადოებაზე მსჯელობა თქვენთვის კედელია, რომლის უკან საკუთარ თავს მალავთ. მე სწორედ ეს კედელი უნდა დავანგრიო, რათა შევძლოთ, თქვენს პირად პრობლემებზე ვილაპარაკოთ.
ყრუთა დიალოგი ორ თვეს გაგრძელდა. ვფიქრობ, იმასაც მოვწონდი. ადრეული გაზაფხულის ერთი დილა მახსენდება: ფანჯრიდან ბალახებში მოხტუნავე ჩიტებს ვხედავდი. არაფერი ადარდებდათ, მკვირცხლად გადარბოდენენ ადგილიდან ადგილზე. ჯერ წამლების დოზებზე ვილაპარაკეთ, მერე, მოულოდნელად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მომიჭრა: “რატომ ხართ ესოდენ უბედური?” გაოცებისგან ლამის პირი დავაღე. გონს რომ მოვეგე, ფურცელი გავუწოდე, რომელზეც იმ ღამით, უძილობით გულგაწვრილებულმა, რაღაც დავჯღაბნე.
- მირჩევნია, მოგისმინოთ, – მითხრა მან.
- იქნებ წაგეკითხათ.
ჩანდა, კარგ გუნებაზე იყო. ფურცელი გამომართვა და აი, ეს ტექსტი წაიკითხა:
“ზოგი ძალზე ადრე განიცდის მტანჯველ შეუძლებლობას, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით. ატანა უჭირს. საკუთარ ყოფიერებას მთლიანობაში ვერ აღიქვამს, რაღაც ჩრდილოვან მხარეებსა და ფარულ აზრს ჭვრეტს მხოლოდ. მისი არსებობა, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ბუნების კანონებს არ ეთანხმება, გამონაკლისია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფუძემდებლური ნაპრალი შეუგუებლობისა გენეტიკური სისტემის მიღმა იჩენს თავს, არამედ იმიტომაც, რომ მას ჩვეულებრივი არსებობისათვის უცნობი სიმჭვირვალე ახლავს თან. საკმარისია, მეორე ადამიანი დაუყენო პირისპირ, მაგრამ მასავით წმინდა და შეურყვნელი, თანაც შუშასავით გამჭვირვალე, რომ ეს აუტანელი ნაპრალი შეუძლებელი აბსოლუტისაკენ მუდმივ სწრაფვად იქცეს. ამრიგად, მაშინ, როცა სარკე ყოველდღიურად უიმედობით გატანჯულ ერთსა და იმავე სახეს აირეკლავს, ორი პარალელური სარკე ერთ რკალს ქმნის, რომელიც ადამიანის თვალს უსასრულობისკენ წარიტაცებს, გეომეტრიულად წმინდა უსაზღვროობისაკენ, ყოველგვარი ტანჯვისა და ამა სამყაროს მიღმა”.
თვალები ავწიე და მივაჩერდი. გაოცებული იერი ჰქონდა. იფიქრა და მითხრა: “სარკეს რაც შეეხება, საინტერესოა…” ეტყობა, ფროიდთან რაღაც მსგავსი ამოიკითხა… როგორც შეუძლია, ისე აზროვნებს. მეტს ვერც მოთხოვ. თავაზიანი ქალია. ცოტა დაახანა და დასძინა: “უმჯობესი იქნებოდა, თვითონ გელაპარაკათ საკუთარ თავზე. აქაც ზოგადი მსჯელობებია”.
- შეიძლება… კონკრეტულად გეტყვით: ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ყველა უბედურია. გამიგეთ, ჩვენ ძალიან მარტივ სამყაროში გვიხდება არსებობა; არის სისტემა, რომელიც სხვის დამონებას, ფულსა და შიშს ეფუძნება. ეს მამრი სისტემაა, მოდით, მას მარსი ვუწოდოთ. არის მდედრი სისტემაც, რომლის საყრდენი ცდუნება და სექსია. მას ვენერა დავარქვათ. ეს არის და ეს. შესაძლოა კი, ცხოვრობდე და გწამდეს, რომ ამის მეტი არაფერია? XIX საუკუნის რეალისტი მწერლების მსგავსად, მოპასანიც ამ აზრზე იდგა. ჰოდა, ამ რწმენამ მიიყვანა დაუოკებელ სიგიჟემდე.
- ყველაფერი აურ-დაურიეთ! მოპასანის სიგიჟე სიფილისის განვითარების კლასიკური სტადიაა. ყველა გონიერი ადამიანი აღიარებს იმ თქვენი ორი სისტემის არსებობას.
- არა, მოპასანი იმან გააგიჟა, რომ აშკარად შეიცნო მატერია, არყოფნა და სიკვდილი, – ამის მეტს ვერაფერს ხედავდა. თანამედროვე ადამიანის მსგავსად, მან საკუთარი არსებობა დააშორა დანარჩენ სამყაროს. ეს ის ერთადერთი გზაა, რომელიც დღეს სამყაროს გააზრების საშუალებას გვაძლევს. აი, მაგალითად, მაგნუმ 45 ტყვიამ შეიძლება სახე გამიკაწროს და ჩემს უკან, კედელს მიეხალოს; უვნებელი დავრჩები. საწინააღმდეგო შემთხვევაში ტყვია ხორცს გაგლეჯს და აუწერელ ტკივილს მომაყენებს. სახე დამიმახინჯდება, შეიძლება თვალიც ამომივარდეს. ესე იგი, ხეიბარი და ცალთვალა გავხდები. ამიერიდან, სხვებში მხოლოდ ზიზღს გამოვიწვევ. კიდევ უფრო ზოგადად რომ ვთქვა, ყველანი ვბერდებით და ვკვდებით. შეცნობა სიბერისა და სიკვდილისა ნებისმიერი ადამიანისთვის აუტანელია. ჩვენს ავტორიტარულ, უწესო ცივილიზაციებში, ეს ცნობიერება სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს, გონებას ეუფლება და სხვას არაფერს უტოვებს ადგილს. ასე და ამგვარად, ნელ-ნელა სამყაროს შეზღუდულობის რწმენა გაგვიჯდება ძვალსა და რბილში. თვით სურვილიც ქრება. რჩება მხოლოდ ბოღმა, შური და შიში. მთავარი სასოწარკვეთაა, უსაზღვრო, შეუცნობელი. ვერც ერთმა ცივილიზაციამ, ვერც ერთმა ეპოქამ თავის დროზე ვერ დაიტია ამდენი უსასოება. ამ თვალსაზრისით, დღევანდელობა განუმეორებელია. ვინმემ რომ მითხრას, ერთი სიტყვით შეაფასე გონების თანამედროვე მდგომარეობაო, დაუფიქრებლად ვუპასუხებ: სასოწარკვეთა.
არაფერი მიპასუხა, ჩაფიქრდა, მერე მკითხა:
- ქალთან როდის იყავით უკანასკნელად?
- ორი წლის წინ.
- აჰა! – წამოიძახა გამარჯვებული კაცის ეირით, – ხომ ხედავთ!
აბა, ამის მერე, როგორ შეიძლება გიყვარდეთ სიცოცხლე?
_ თანახმა ხართ, საწოლში ჩამიწვეთ?
შეცბუნდა, მგონი, სიწითლეც მოედო სახეზე. ორმოცი წლის იყო, გამხდარი და საკმაოდ გაცვეთილი. მაგრამ იმ დილით მომხიბლავი მეჩვენა. ახლა სათუთად ვინახავ იმ დილის მოგონებას. თავისდა უნებლიედ, გაიღიმა: ვიფიქრე, ეს არის და დამთახმდა-მეთქი. მაგრამ, საბოლოოდ, ეს მითხრა:
- მე აქ ამისთვის არ მოვსულვარ. ჩემი, როგორც ფსიქოლოგის ამოცანაა, დაგიბრუნოთ ცდუნების დაკარგული შესაძლებლობანი, რათა თავიდან შესძლოთ დაამყაროთ ნორმალური ურთიერთობანი ქალებთან.
შემდეგ სეანსზე მამაკაცი მოვიდა. ეს ის დრო იყო, როცა ჩემი უბედურების მოზიარეთა ბედით დავინტრესდი. ბოდვით ცოტა თუ ბოდავდა, უფრო დეპრესიაში მყოფი, დაკაეშნებული ეთქმოდათ. მგონი, განზრახ იყო ასე. მსგავს ვითარებაში მყოფი ადამიანები ცუდს არაფერს აკეთებენ. წამლებით გაბრუებულნი, ლოგინად მიგდებული ატარებენ დღეებს. ხანდახან დერეფანში გამოჩანჩალდებიან, ოთხ თუ ხუთ სიგარეტს მოწევენ ერთად და ისევ საწოლს მიაშურებენ. ჭამით ყველა ერთდროულად ჭამს. მცველი ექთანი დაიძახებს: “მიირთვით!”. სხვას მისგან ვერაფერს გაიგონებ. ავადმყოფები კერძს ლოღნიან. ზოგჯერ, თუ ვიღაცას კრუნჩხვები მოუვა, ან გაბმით კვნესას მოყვება, დგება და ოთახში ბრუნდება. თანდათანობით ვიაზრე, რომ ეს ადამიანები, კაცებიც და ქალებიც, სრულიად არ არიან ჭკუას გადაცდენილნი. მათ სიყვარული აკლიათ, – აი, რაშია საქმე! ყოველი ჟესტი, პოზა, მიმიკა ფიზიკური სიახლოვისა და ალერსის დაუოკობელ სწრაფვას ამჟღავნებს. მაგრამ, ვაი, რომ შეუძლებელს ითხოვენ! ამიტომაცაა, კვნესიან, კბილებს აღჭრიალებენ, ყვირიან, ფრჩხილებით კანს იხოკავენ. ჩემს იქ ყოფნაში ერთმა თავი დაისაჭურისა.
კვირა კვირას მიყვებოდა და მეც ვრწმუნდებოდი, რომ აქ რაღაც წინასწარ შედგენილი გეგმის აღსასრულებლად მოვედი, სახარებიდან ხომ გახსოვთ, ქრისტემ წინასწარმეტყველთა სიტყვა აქცია საქმედ. იმავდროულად, ნათლად ვგრძნობდი, რომ ეს სტუმრობა უკანასკნელი არ უნდა ყოფილიყო, ამას სხვებიც მოყვებოდა, კიდევ უფრო ხანგრძლივი, სულ უფრო და უფრო მკაცრი განაწესის ფსიქიატრიულ თავშესაფრებში. მომავალი კარგს არაფერს მიქადდა და ამის შეგრძნება სევდას მგვრიდა. ერთი-ორჯერ დერეფანში ფსიქოლოგ ქალს გადავეყარე, მაგრამ საუბარს თავი ვერ მოვაბით. წმინდა ფორმალური ხასიათის ურთიერთობა გვქონდა. “ჩემი სამუშაო წინ მიდისო”, – გამანდო. ივნისში გამოცდები უნდა ჩაებარებინა.
უეჭველია, დღეს უკვე მე იმ სამუშაოს ნაწილი ვარ, რომელიღაც გვერდზე ბუნდოვნად მინიშნებული, სხვა მაგალითებს შორის. ვერაფერი სასიამოვნო განცდაა. წარმომიდგენია: სქელტანიანი წიგნი, ყდა, უგემოვნო თავფურცელი. და მე, სადღაც ფურცლებს შორის ჩაჭყლეტილი. სული მეხუთება.
26 მაისს კლინიკა დავტოვე. მახსოვს, მზიანი დარი იდგა, ცხელოდა, ქუჩებში თავისუფლების სიო ქროდა. აუტანელი იყო!
მეც 26 მაისს ჩავისახე, ნაშუადღევს. წყვილის შეყრა სასტუმრო ოთახში მოხდა. ფსევდო-პაკისტანურ ხალიჩაზე. როცა მამაჩემი დედაჩემს უკნიდან მიაჯდა, დედაჩემს სწორედ მაშინ მოუნდა ხელი გაეწვდინა და ყვერებზე მოფერებოდა, ჰოდა, თესლმაც იფეთქა. დედაჩემმა კი ისიამოვნა, მაგრამ ორგაზმისა რა მოგახსენოთ… მოგვიანებით, ცივად მოხარშულ ქათამს მოუთავეს ხელი. ეს ყველაფერი ოცდაცამეტი წლის წინ მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა გემრიელი ქათმის ყიდვა.
კლინიკის შემდეგდროინდელ ცხოვრებაზე ზუსტი რჩევა-დარიგება არავის მოუცია. ეს იყო, რომ კვირაში ერთხელ ექიმთან უნდა გამოვცხადებულიყავი. დანარჩენზე თავად უნდა მეზრუნა.
6
სენ-სირგ-ან-მონტანი
“რაც უნდა უცნაურად გეჩვენოთ, არებობს გასავლელი გზა, რომელიც უნდა გაიარო, მაგრამ არ არიან მოგზაურები. ქმედება აღსრულებულია, მაგრამ არ არის აღმსრულებელი”
სატიპათანა-სუტა, XLII, 16
იმავე წლის 26 ივნისს, 6 საათზე გავიღვიძე და რადიო ჩავრთე, სადგური “ნოსტალგია” დავიჭირე. მარსელ ამონი მღეროდა. ვიღაც გარუჯულ მექსიკელზე. მსუბუქი, უდარდელი, ცოტაოდენ ბრიყვული სიმღერა იყო. სწორედ ისეთი, როგორიც მჭირდებოდა. რადიოს ვუსმენდი და პირს ვიბანდი. მერე ერთ-ორი ხელი ტანსაცმელი ჩემოდანში ჩავყარე. სენ-სირგ-ან-მონტანში დაბრუნება გადავწყვიტე, რათა კიდევ ერთხელ მეცადა ბედი.
წასვლამდე, სამზარეულოს კარადა მოვაცარიელე. რაც ხელს მომხვდა, ყველაფერს პირში გადავუძახე. არ მშიოდა და თავს ძალა დავატანე. თუმცა ბევრი სასუსნავი არც არაფერი იყო: ოთხი ორცხობილა და სარდინები ზეთში. არც კი ვიცი, რა მომეხუშტურა, ასეთი რაღაცეები ხომ დიდხანს არ ფუჭდება. დიდი ხანია საკუთარი ქცევების ვერა გამიგია რა. ხშირად აზრი გამირბის, ვერაფერს ვხვდები. დროის უმეტეს ნაწილს “დამკვირვებლის პოზიციაში” ვატარებ.
კუპეში რომ შევდივარ, ვატყობ, წამიც და გავაფრენ. არაფერს ვიმჩნევ, ვჯდები. ლანგონის სადგურში ველოსიპედს ვქირაობ. წინასწარ შევუკვეთე, ყველაფერი კარგად გავითვალე. ველოსიპედს მოვაჯექი და მყისვე ვხვდები ჩემი გეგმის უაზრობას: 10 წელია ველოსიპედი არ მიტარებია, სენ-სირგამდე ორმოცი კილომეტრია, გზაც სულ აღმართში ადის. მე კი სწორ გზაზე ორ კილომეტრსაც ვერ გავივლი. ფიზიკურ მცდელობას გადავეჩვიე, ამის სურვილიც გამიქრა.
გზა ტანჯვად მექცევა, აბსტრაქტულ ტანჯვად, თუ შეიძლება ითქვას. გარემო უკაცრიელია. სულ უფრო და უფრო მაღლა მივიწევ, მთებში. გავწვალდი, ეტყობა საკუთარი ძალა გადავაფასე. ვეღარც მოგზაურობის მიზანს ვხედავ მაინც და მაინც გარკვევით; რაც უფრო წინ მივიწევ, მით უფრო ბუნდოვანდება. მე კი ისევ ჩემსას ვაგძელებ, მივდივარ და აქეთ-იქით არც ვიხედებეი.
დაუსრულებელი აღმართის შუაგულში, გულამოვარდილი ჩიტივით აქლოშინებულმა, წარწერას მოვკარი თვალი: “ფრთხილად, დანაღმულია”. რაღაც არ მჯერა. ვის რაში დასჭირდა ჩემი დაბნევა?
ყოველივე მალე აიხსნა. ქვის კარიერი ყოფილა. კლდეებს აფეთქებენ თურმე. გულზე მომეშვა!
გზის სწორზე გავედი. თავს მაღლა ვწევ. მარჯვენა მხარეს რაღაც ნაყარია, ქვიშა ან რიყის ქვები. მთის დამრეცი კალთა ნაცრისფერია, ერთგვაროვანი ზედაპირით. ერთი სული მაქვს, სანამ ფეხს დავადგამ. დარწმუნებული ვარ, ნაბიჯს წავდგამ და რამდენიმე მეტრით ჩავეფლობი.
დროგამოშვებით, გზის პირას ვჩერდები. სიგარეტს ვქაჩავ, ცოტას წავიტირებ და გზას ვაგრძელებ. მიჯობს, ცოცხლებში აღარ ვეწერო. მაგრამ “არს გზა სავალი, რომელიც უნდა გალიო”.
სენ-სირგ-ან-მარტენში ქანცგაწყვეტილი მივლასლასდი და “ტყის სურნელში” დავბინავდი, ცოტას წავთვლემ. მერე კი, სასტუმროს ბარში ლუდის ბოთლს მივუჯდები. აქაურები სტუმართმოყვარენი ჩანან. დღე მშვიდობისაო, მესალმებიან.
იმედი მაქვს, საუბარს არავინ გამიბამს, არ შემეკითხებიან მოცლილი ტურისტი ხომ არ ვარ, ან საიდან მოვდივარ ველოსიპედით, მომწონს თუ არა აქაურობა და ა. შ. საბედნიეროდ, ასეც მოხდა.
ჩემი არსებობის არე ერთობ შევიწროვდა. რამდენიმე შესაძლებლობა შემრჩა ხელთ, არაფრით განსხვაევბული, წვრილმანებს თუ არ გამოვეკიდებით.
სადილს შვება ვერ მოაქვს, თუმცა სამი ჭიქა ვხუხე. მარტო ვარ მაგიდასთან, მენიუს ვუკვეთავ. ნუგბარი კერძებია; ღვინოც კარგია. ვჭამ და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის. ხანდახან ოხვრასაც მივაყოლებ. მოგვიანებით, ოთახში შევეცადე თვალი მომეტყუებინა, მაგრამ ამაოდ. გონება ზანტად ირჯება, ღამე კი გაიწელა, გაიყინა. რაღაც-რაღაცეები მეზმანება, ისე, იშვიათად.
დილის ოთხი საათისთვის ღამე გადასხვაფერდა. გულის სიღრმეში რაღაც მიფრთხიალებს, გარეთ გამოსვლას მთხოვს. მოგზაურობამაც აზრი იცვალა: გადამწყვეტი, თითქმის გმირული ხასიათი შეიძინა.
21 ივნისს, შვიდ საათზე ვდგები, ვსაუზმობ და ველოსიპედით მაზას ტყისკენ ვიღებ გეზს. გუშინდელმა სადილმა ჯანზე მომიყვანა: მოხდენილად მივირწევი ნაძვებს შორის.
დიდებული ამინდია, თბილი, წყნარი; ნამდვილი გაზაფხულია. მაზას ტყე ავ თვალს არ ენახვება! სიმშვიდეს მოგვრის კაცს; ნაღდი ტყეა! პატარა დაკლაკნილი ბილიკები, ტყის პირები და ირგვლივ მზე. ველები ყაყაჩოებითაა გადაპენტილი. ბედნიერება თუ გინდა, ესაა! კაცის ჭაჭანება არაა. გრძნობ, რომ რაღაც იწყება, შენ კი სწორედ სათავესთან დგახარ.
უცებ ყველაფერი ქრება. გონებაში რაღაცამ გაიჩხაკუნა და საკუთარ თავთან დამაბრუნა. სულის სიღრმეებს ვზვერავ, თავს ვიშაყირებ. მაგრამ ერთდროულად, საკუთარი თავისადმი პატივისცემასაც ვგრძნობ. რამდენიმე რამის წარმოდგენა შემიძლია, გონებით! რაოდენ ნათელია სამყაროს ერთხელ შექმნილი ხატი! წარმოუდგენელია განძი, რომელსაც ჩემში სიკვდილი უწერია. არა, სამარცხვინო არაფერი მაქვს! აკი ვცადე!
მინდორზე, მზის გულზე გავიშოტე. კარგად ვერ ვარ. ველი კი ისეთი ნაზია, გარემოც ისეთი მოალერსე, ისეთი წყნარი! ყველაფერი, რაც შეიძლება სამყაროს მიერთების ნეტარებისა და უმანკო გრძნობადი შერწყმის წყარო ყოფილიყო, ტანჯვისა თუ უბედურების სათავედ იქცევა. ამავე დროს, ძალუმად ვგრძნობ სიხარულის შესაძლებლობას. რამდენი წელია, აჩრდილს მივყვები, ძალიან მგავს, თეორიულ სამოთხეში ბინადრობს, სამყაროსთან მჭიდრო კავშირში. მეგონა, ოდესმე ფეხს გავუსწორებდი. ვაგლახ, ყოველივე დასრულდა!
უფრო ღრმად შევდივარ ტყეში. ამ კონცხის გადაღმა, რუკას თუ დავუჯერებ, არდეშის წყაროებია. ჩემთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც წინ მივიწევ. არც კი ვიცი, სად ვეძებო წყარო. ირგვლივ, ერთსახოვანი გარემოა, კიდევ უფრო მინაზებული, გულგაშლილი, ლაღი. მტკივნეული განცდაა. უფსკრულის შუაგულში ვარ. ჩემი კანი საზღვარია, გარე სამყარო კი მოშთენას მიპირებს. დაუძლეველი განხეთქილება… საკუთარი თავის ტყვე ვარ ამიერიდან. უმაღლესი შერწყმა აღაროდეს მოხდება. ცხოვრების მიზანს ვერ მივაღწიე. ნაშუადღევის ორი საათია.