Litclub.ge

სონეტი 135 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
თუმც არ აკლია შენს სურვილებს სიმრავლე ფერთა,
არ დაგავიწყდეს მეც „სურვილი“ მქვია სახელად,
ამიტომ გირჩევ შენს უთვალავ სურვილთან ერთად,
აღარასოდეს მოგერიდოს ჩემი გამხელა.
თუმც მიაღწიე შენი ნების ნამდვილ დიდებას,
მას ჩემს პატარა ნებასთანც ვეღარ ათავსებ!
მოწყალებას გთხოვ და ამ თხოვნის არ მერიდება,
რადგანაც ვხედავ გული შენი წყალობს ათასებს.
ზღვაც ხომ შეჰხარის სულ პატარა საწვიმარ ღრუბელს;
წვიმა წვეთია, მაგრამ მაინც ზღვას ემატება,
მეც გადამიხსენ შენს სურვილთა დიადი უბე,
ვით ზღვამან წვიმა – შემიკედლოს შენმა ხატებამ.
აღარ მიხედო აღარც მტერს და აღარც მოყვარეს,
ყველა სურვილი, შენეული, ჩემზედ მოჰყარე.